მაღალინტელექტუალური სატელევიზიო ეთერი
ძალიან სასიამოვნოა, რომ ცნობილი მოღვაწეები უამრავ კონკრეტულ წინადადებებს გვთავაზობენ.
1. ჩვენი ეპოქა
გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ ბატონი მერაბ ბერძენიშვილის პოზიციით, მხარდაჭერითა და კონკრეტული მოქმედებით. ორჯერ შეკრიბა ძლიერი სპეციალისტები, რომ შეიქმნას ტელევიზიის ჰიმნი. მისი უკვდავი ქმნილება „კიდევაც დაიზრდებიან“ ხომ ჩვენი დარბაზის ემბლემად იქცა. ბედნიერება იქნება საქართველოსთვის, საქართველოს მეგობრებისთვის გადაცემების ხილვა მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმიდან.
ბატონი რეზო ესაძე ფიქრობს საავტორო გადაცემაზე „ვინც მომენატრა“ . ბატონი რეზო დიდი პიროვნებაა და არავისთვის საეჭვო არ არის, რომ მას სწორედ ის ხალხი მოენატრა, ვინც ყველას მოგვენატრა, ვისი ქართული სიტყვაც სჭირდება დღეს საქართველოს.
თქვენ იცნობთ ბატონ არნოლდ გეგეჭკორს, ცნობილ აკადემიკოსს, ჩემი და შემდგომი რამდენიმე თაობა მის გადაცემებზე გაიზარდა. ბატონი არნოლდი ფიქრობს გადაცემაზე „საქართველო დაჭრილი მზეა“ - დიდი მწერლის გრიგოლ რობაქიძის მიხედვით. მან დაასრულა მუშაობა ასეთ წიგნზე, რომლის შექმნასაც 30 წელზე მეტი მოანდომა. ამ წიგნის პრეზენტაციის მონაწილე ტელეკომპანია „ქართულის“ მეშვეობით მომავალ წელს მთელი საქართველო გახდება.
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, ბატონი სოსო ბაჩიაშვილი, რომელმაც გამოსცა უაღრესად საინტერესო წიგნი „დრო და ეპოქა“, დასთანხმდა ჩვენს წინადადებას და ამზადებს საავტორო გადაცემას.
გვეთანხმება ბატონი თემურ შაშიაშვილიც, რომ მისი მეშვეობით ჩვენს ტელევიზიაში გამოკვეთილად იყოს საუბარი მომავლის პროექტებზე. ჩვენი თხოვნა იმ შეფასებიდან გამოდის, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთა მეცნიერებათა აკადემიამ პოლიტიკურ ძალთა მიერ მომზადებული პროგრამების ანალიზით.
ბატონმა რამაზ ყურაშვილმა (მას წარდგენა არ სჭირდება, ყველანი ვიცნობთ), თავისი მხარდაჭერით და გადაცემებით ჩვენც დაგვარწმუნა, როგორ სჭირდება ხალხს უშუალო, მართალი და პროფესიული საუბარი.
მეც, რამაზ ლომინაძე, ვფიქრობ გადაცემაზე მეცნიერთა დიდი მონაწილეობით. მისი სახელწოდება დღეს ასე ჟღერს „ეპოქის ანალიზი“. ამ თემას ჩვენ ყველანი ვჭირდებით, უამრავ ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება, გამოთქვას მოსაზრება. ანალიზის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება წინსვლა. ამის აუცილებლობა მით უფრო გახდა, როცა ტელევიზიამ უკვე შეძლო ამ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის მიხედვით საინტერესო მასალის შექმნა. ბატონმა ჯუმბერმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, ახლა ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს თუნდაც ამ ფილმების მიმართ და ჩვენ შევძლოთ ლანძღვის, გინებისა და დაპირისპირების გარეშე მომავალზე ფიქრი.
Комментариев нет:
Отправить комментарий