ჩვენ ვუერთდებით „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა განწყობას და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიმეორებთ მეცნიერების ამ დიდ ტაძარში:
„ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, 21-ე საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მხარდაჭერით, ხალხის მხარდაჭერით, მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერით - საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას.“
ეს არის მიზანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ღონიერად, მძლავრი ნაბიჯებით დავიწყოთ მოქმედება.
ეჭვი არ გვეპარება, რომ აქციონერთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ბევრზე ბევრი ვიქნებით და საოცარ მაგალითს მივცემთ მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთსულოვნებით ასეთი ტელევიზიის შექმნისათვის. ჩვენ ჩარჩებისა და მეჯღანუაშვილების იმედი არ უნდა გვქონდეს. ღვთის წყალობით, ქვეყანას ბევრი არა, მაგრამ საკმარისად ჰყავს მოაზროვნე და ზნეობრივი შეძლებულნი.
თქვენ იცით, რომ ტელევიზიას სათავეში ნამდვილი პროფესიონალი ჩავუყენეთ, ბატონი ოთარ შამათავა.ღირსეულზე ღირსეული კაცი, დიდი პოტენციალის მქონე. მაგრამ იგი გარკვეულ პირობებს გვიყენებს და მარტივად გვეუბნება:
„ტელევიზიები, რომლებიც წამლავენ ხალხს თვეში 2-3 მილიონ დოლარს ხარჯავენ, ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს მოგვეცით თვეში 50 ათასი, არ გვეუფროსოთ, გვაცადეთ ისეთი ტელევიზიის შექმნა, როგორიც მიზნად დავისახეთ და ჩვენ ექვს თვეში სასწაულს მოვახდენთ“.
ბრწყინვალეა!
ბატონი ოთარი სახელის კაცია, ითხოვს ექვს თვეს და ამ ექვსი თვის თანხის ანგარიშზე მობილიზებას. თუ კაცები გვქვია, თუ საქართველოში გვინდა იყოს ეროვნული განწყობა, ეს უნდა შევძლოთ მიმდინარე წლის ბოლომდე, რომ ბატონმა ოთარმა და მისმა გუნდმა ახალი წლიდან მთელი პოტენციალი აამოქმედოს.
ეს უნდა მოხდეს „ქართულის“ სამეთვალყურეო საბჭოს და „ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით. ერთიც და მეორეც ღირსეული ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ჩვენი ამის ორგანიზება შეგვიძლია.
Комментариев нет:
Отправить комментарий