ძალიან სასიამოვნოა, რომ უამრავ კონკრეტულ წინადადებებს გვთავაზობენ ცნობილი მოღვაწეები.
1. ჩვენი ეპოქა
· გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ ბატონი მერაბ ბერძენიშვილის პოზიციით, მხარდაჭერით და კონკრეტული მოქმედებით. ორჯერ შეკრიბა ძლიერი სპეციალისტები, რომ შეიქმნას ტელევიზიის ჰიმნი. მისი უკვდავი ქმნილება „კიდევაც დაიზრდებიან“ ხომ ჩვენი დარბაზის ემბლემად იქცა. ბედნიერება იქნება საქართველოსთვის, საქართველოს მეგობრებისთვის გადაცემების ხილვა მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმიდან
· ბატონი რეზო ესაძე ფიქრობს საავტორო გადაცემაზე „ვინც მომენატრა“ . ბატონი რეზო დიდი პიროვნებაა და არავისთვის საეჭვო არ არის, რომ მას სწორედ ის ხალხი მოენატრა, ვისი ქართული სიტყვაც სჭირდება დღეს საქართველოს.
· თქვენ იცნობთ ბატონ არნოლდ გეგეჭკორს, ცნობილ აკადემიკოსს, ჩემი და შემდგომი რამდენიმე თაობა მის გადაცემებზე გაიზარდა. ბატონი არნოლდი ფიქრობს გადაცემაზე „საქართველო დაჭრილი მზეა“ - დიდი მწერილის გრიგოლ რობაქიძის მიხედვით.
· მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, ბატონი სოსო ბაჩიაშვილი, რომელმაც უაღრესად საინტერესო წიგნი გამოსცა „დრო და ეპოქა“ - იღებს ჩვენს წინადადებას და ამზადებს საავტორო გადაცემას.
· გვეთანხმება ბატონი თემურ შაშიაშვილიც, რომ მისი მეშვეობით ჩვენს ტელევიზიაში გამოკვეთილად იყოს საუბარი მომავლის პროექტებზე.
· ბატონმა რამაზ ყურაშვილმა (მას წარდგენა არ სჭირდება, ყველანი ვიცნობთ), თავისი მხარდაჭერით და გადაცემებით ჩვენც დაგვარწმუნა, როგორ სჭირდება ხალხს უშუალო, მართალი და პროფესიული საუბარი.
2. მეცნიერება და განათლება
· ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმაში, რომ განათლების პრობლემატიკა „ქართულის“ უმთავრესი განხილვის საგანი იყოს. ვთქვათ პირდაპირ, ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ბევრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გახდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვეყნის „გარე პატრონებს“ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად უნდათ. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. „ქართული ერთობის დარბაზი“ თვითონ აპირებს ჩაუდგეს სათავეში ამ დისკუსიას. ჩვენ ვთხოვეთ საგანმანათლებლო საქმის წარმატებულ ორგანიზატორებს პროფესორ მერაბ ჯიბლაძეს, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს ქალბატონ ინეზა იამანიძეს იყვნენ ჩვენი მრჩეველები ამ საკითხებში. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საქმის მცოდნეთა დიდი გუნდი შეიკვრება და შევძლებთ საერთო-სახალხო დისკუსიის გამართვას და რეალური პროგრამების შემუშავებას. მივაგნებთ იმ პოლიტიკურ გუნდებს, რომელთაც სწორედ განათლება მიაჩნიათ ქვეყნის უპირველეს საქმედ და აქვთ შესაბამისი პროგრამებიც.
· მეცნიერების პრობლემებზე ფიქრობს გადაცემების მომზადებას პროფესორი ილია თავხელიძე.
3. ეკონომიკა და ინოვაციები
· ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული. რისკი დასასრულს ნიშნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და ყოველგვარი ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვიდრე მომავლის ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. „ქართული ერთობის დარბაზი“ ეს იქნება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტიტუტი, ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახალი ეკონომიკის მცოდნეთა წარმატებული ქართველები, საქართველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელისუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნესმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეიქმნება კონკურენტული გარემო. პროფესორმა შოთა ვაშაკიძემ, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, კარგად იცის ამერიკის ეკონომიკის წარმატების საფუძვლები... ყველამ კარგად ვიცით, რომ თანამედროვე დასავლურ , უპირველესად ევროპულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს კარგად იცნობს ბატონი სოსო ორჯონიკიძე. ის გახლავთ დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს -ცენტრის „მოსკვა-სიტის“ შექმნის ორგანიზატორი. ასეთი წარმატებული ადამიანები უამრავნი არიან ევროპაშიც , ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო ეშინიათ ხელისუფალთ, ვიდრე იფიქრონ მათი გამოცდილების გაზიარებაზე. ეროვნული ეკონომიკისათვის ბრძოლის დიდი გზა განვლო ბატონმა გოგი თოფაძემ. გვინდა გავაგრძელოთ თანამედროვე დემოკრატიული ბიზნესის მცოდნეთა ძიება და გვინდა, რომ ისინი დაეთანხმონ ტელევიზია „ქართულთან“ თანამშლომლობას. პირდაპირ და მოკლედ ვამბობთ, დღემდე საქართველოში ეკონომიკაზე და მის ეკონომიკაზე საუბრობენ თეორეტიკოსები, ხალხი, რომელთაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ და ჭკუას ასწავლიან. ტრიბუნა სწორედ წარმატებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამ გზით ვივლით. ჩვენ გვინდა შევიმუშავოთ ბიზნესისა და ბიზნესმენთა, ინვესტორთა დაცვის სახალხო მექანიზმები. ამისკარგი გამოცდილება აქვს ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მეწარმე დროის უმოკლეს პერიოდში ხვდება ქვეყნის უმაღლესი რანგის პიროვნებებს, თუ მათგან დადებით პასუხს ვერ იღებს, უფლება აქვს, საჯარო გამოსვლა გააკეთოს პარლამენტში. ეს ყველაფერი კანონითაა განმტკიცებული. ჩვენ სწორედ ასეთ წარმატებულ პრიინციპებს მოვიძიებთ მთელს მსოფლიოში, ტელევიზია „ქართული“ მათ გააცნობს ხალხს. ნელნელა ხელისუფალნიც და პოლიტიკოსებიც იძულებულნი გახდებიან სამუშაო ადგილების შემქმნელები დაიცვან, წაახალისონ, მხარი დაუჭირონ და დაამთავრონ მათთან მენტორული ტონით საუბარი, დაამთავრონ მათზე უფროსობა.
განათლებას, ბიზნესს ჩვენ ამ დოკუმენტშიც განსაკუთრებული როლი დავუთმეთ, რადგან ქვეყნის მომავალი სწორედ ინტელექტთან და ინტელექტუალურ ბიზნესთანაა დაკავშირებული. ის ხელისუფლებაა საქვეყნოდ მომართული, რომელსაც მასწავლებელი და მეწარმე ჰყავს ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგება ბავშვს, ანუ მომავალს.
· ჩვენ ძალიან ვაფასებთ პროფესორ კობა კობალაძის ინიციატივას სოფლის მეურნეობაზე დამაფიქრებელი საავტორო გადაცემის მომზადებასთან დაკავშირებით.
· საოცრად კარგ წინადადებებს გვთავაზობს ბატონი დათო ყალიჩავა. მისი მონაწილეობით საპატრიარქოსთან შექმნილია კინოსტუდია „გუთანი“ . რამდენიმე უაღრესად საინტერესო ფილმი შექმნეს კარგი ზრახვები აქვთ სამომავლოდ.
· ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი პრობლემაა დღეს საქართველოსათვის კვების პროდუქტების ხარიხი, კარგია, რომ გვყავს კაცი, პროფესორი შოთა ჩხეიძე, რომელიც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და რომელიც წლების განმავლობაში გაეროს ექსპერტი იყო კვების საკითხებში.
· დიდი სურვილია, ორმა გამორჩეულმა ეკონომისტმა, ბატონმა დემურ გიორხელიძემ და ბატონმა სოსო არჩვაძემ შეძლონ ჩვენი ტელევიზიით ეკონომიკის (და არა მარტო ეკონომიკის) პრობლემების გაშუქება.
4. ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა
· პროფესორი ამირან აფციაური მომავლის ენერგეტიკის პრობლემებზე მუშაობს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ იგი აქტიურად ითანამშრომლებს ჩვენს ტელევიზიასთან, მით უფრო რომ ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც ის გახლავთ ტელეკომპანია „ქართულის“ 50 აქციით კოლექტიური აქციონერი გახდა
· პროფესორმა პაატა გიორგაძემ ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, მართლაც სასწაული მოახდინა, შეადგინა პროგრამა „წყალი“,რომლის თაობაზე გადაცემა ხალხს ძალიან დიდ იმედს მისცემს.
5. დიპლომატია
· ჩვენი დიდი სურვილია, მოხდეს საგარეო პოლიტიკის საკითხების მაღალკვალიფიციური და აკადემიური განხილვა. ქვეყანას ჰყავს ასეთი დიპლომატები. დიდი სურვილია, კონსულტაციები მივიღოთ უკვე ცნობილი დიპლომატებისაგან. ბატონ პეტრე ჩხეიძისა (წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს გაეროში, იყო საქართველოს ელჩი აშშ-ს და რუსეთში, არისმეცნიერებათა დოქტორი) და თეიმურაზ მამაცაშვილისაგან (წლების განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, ხელმძღვანელობდა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა სამინისტროს). საინტერესოდ გვეჩვენება მეცნიერების დოქტორის, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ზურაბ ხონელიძის მიერ გამოტანილი მოსაზრებები, რომელთა განხილვა შეიძლება მოეწყოს მისსავე საავტორო გადაცემაში.
· საინტერესო საავტორო გადაცემას გვპირდება ქალბატონი თამთა ბერიაშვილი, მას აქვს დიპლომატიური გამოცდილება, არის ჟურნალისტი და დარწმუნებული ვართ გადაცემა „პრობლემა“ ერთ ერთი გამორჩეული და საინტერესო იქნება.
6. იურისპრუდენცია
· ქვეყანას ჰყავს გამორჩეული იურისტები, რომელთაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი გააჩნიათ. სამწუხაროდ, მათ ვერც პარლამენტში ვხედავთ და ვერც ტელევიზიებში. ჩვენ სერიოზულად ვთანამშრომლობთ ცნობილ იურისტთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს წარმატებულ მოსამართლესთან, ბატონ მინდია უგრეხელიძესთან და გვსურს, მისი პატრონაჟით ვიფიქროთ როგორც საჯარო სატელევიზიო ლექციებზე, ასევე დისკუსიებზე საზოგადოებისათვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე და რაც მთავარია, იმ დიდი წამოწყების ახლებურ გაგრძელებაზე, რასაც ჰქვია „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“ , რომელიც დიდი მხარდაჭერით იქნა აღიარებული ევროპის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი ვალდჰაბერის მიერ. ამ საქმის სათავეებთან სწორედ ბატონი მინდია უგრეხელიძე იყო.
· ბატონმა ალექსი კობაიძემ სამართლებრივი ხასიათის კარგი გადაცემა შემოგვთავაზა.
· პრაქტიკულად მზად არის პროგრამა „მხილების ვერნისაჟი“ რომლის მიხედვით მომზადებული „მხილების მუზეუმი“ მთლიანად არაერთი ბანერითა და სტენდით 2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს გაიტაცა მაშინდელმა ხელისუფლებამ.
7. ლიტერატურა
· აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა საჩუქრად გადმოგვცა მისი ჩანაწერების „ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა“ რამდენიმე ნაწილი. მას გადაწყვეტილი აქვს სპეციალურად ჩვენი ტელევიზიისათვის მოამზადოს ამ პროექტის სრული ვერსია.
· კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორასთან თანამშლობლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი დემურ ბაშელიშვილი ფიქრობს საავტორო გადაცემაზე ქართულ ენასთან დაკავშირებით.
· უაღრესად საინტერესო კვლევები აქვს ქართულ ენასთან დაკავშირებით პროფესორ ალეკო ცინცაძეს. ჩვენ ძალიან გვინდა მისი თანამშრომლობა ტელევიზიასთან.
· ჩვენ გვეამაყება, რომ ტელევიზია „ქართულთან“ ითანამშრომლებს პროფესორი ზაალ გიგინეიშვილი, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე უამრავი საინტერესო კვლევის ავტორი,მათ შორის „ვეფხისტყაოსანზე“
8. ხელოვნება
· ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ანსამბლ „რუსთავის“ წამყვანი სოლისტის, „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრის, ბატონი დავით გველესიანის თანამშრომლობას ტელევიზია „ქართულთან“
· მწერალი კობა არაბული და კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი ჩვენი ტელევიზიის დიდი მეგობრები არიან და უაღრესად კარგ პროექტებს გვთავაზობენ.
· ძალიან კარგია, რომ „ივერიელი“ ორი ჯუჯა (ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი) ტელევიზია „ქართულთან“ დაკავშირებულ თავიანთი კლიპით უკვე შემოვიდნენ ამ დიდ ქართულ არეალში.
· ცნობილი კინოხელოვანის პროფესორ ვახტანგ კუნცევის და მისი გუნდის წინადადებით კვირაში ორი დღე ახალგაზრდულ პროგრამებს დაეთმობა
· დღემდე ბევრი საინტერესო გადაცემის ავტორია ქალბატონი ირინა თურქია, ჩვენ ინტერესით ვუყურებთ მის გადაცემებს „ხელოვნების დრო“ დარწმუნებული ვართ მომავალშიც ვითანამშრომლებთ
· განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ ერთი პროექტის თაობაზე: „ქართული თეატრის ოქროს ფონდი“ მას ბატონი რეზო ჩხეიძის შვილი, ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ბიძინა ჩხეიძე გვთავაზობს. მისი სურვილია, ისტორიას შემოვუნახოთ საქართველოს თეატრებში განხორციელებული საუკეთესო დადგმები.
· დიდ იმედს ვამყარებთ ბატონ ზურაბ წერეთელზე, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ჯერ კიდევ ბატონ რეზო ჩხეიძესთან საუბრისას გამოთქვა სრული და ყოველმხრივი მხარდაჭერის მზადყოფნა
· ტელევიზიას გვერდში უდგანან სახვითი ხელოვნების ისეთი დიდოსტატები, როგორებიც ბრძანდებიან ბატონები: გივი თოიძე, თემურ გოცაძე, მურაზ მურვანიძე, ილო პატაშვილი, ემზარ ცირდავა
9. ქართული ინტერესი
· კარგია, რომ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს გადაწყვეტილი აქვს გაუძღვეს საავტორო გადაცემას „ქართული ინტერესი“ . ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით და რასაც ქვემოთ ვიტყვით, სწორედ ქართულ ინტერესთანაა დაკავშირებული და ეჭვი არ გვეპარება, რომ ბატონი ირაკლი და საავტორო თუ სხვა გადაცემათა ავტორები შევძლებთ გამოვკვეთოთ, რას ნიშნავს დღევანდელ მსოფლიოში ქართული ინტერესი და როგორ დავიცვათ იგი. რომ ქართული ინტერესი არ ებრძვის გლობალიზაციას, პირიქით,მას აღიარებს, როგორც ობიექტურ მოვლენას, მაგრამ მოქმედებს რომ გლობალიზაციის უმძიმეს ეპოქაში არ დავკარგოთ თვითმყოფადობა.
სწორედ ამ პრინციპებთან არის დაკავშირებული გადაცემები , რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ.
· ბატონი შალვა მაღრაძის რამდენიმე გადაცემამ „საით მიდის საქართველო“ დიდი ინტერესი გამოიწვია.
10. ფსიქოლოგია და სოციოლოგია
· ფსიქოლოგი ლევან ოდიშარია ძალიან სერიოზულ საავტორი გადაცემაზე ფიქრობს, რომელიც მის პროფესიასთან იქნება დაკავშირებული.
· მივესალმებით ბატონ ჯამლეთ ხუხაშვილის ჩვენთან ყოფნას. თქვენ იცით როგორი ინიციატივიანი კაცია, მჭექარე ხმაც აქვს და მართლაც დიდი საქმე გაკეთდება, როცა იგი გაუძღვება გადაცემას პირობითი სახელწოდებით „ტოლერანტობა“
· დიდად სასიამოვნოა, რომ ამ საქმიანობაში თავის წონა სიტყვას იტყვის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, ქართულ-ებრაული ურთიერთობის მუზეუმისა და ცენტრის დირექტორი, კაცი, რომელსაც არაერთი ქვეყნის ხელმძღვანელი თხოვს კონსულტაციასა და რჩევა-დარიგებას, ბატონი გივი ღამბაშიძე.
· უცხოეთში მცხოვრები ბევრი ცნობილი ხელოვანი და საინტერესო პიროვნება გამოთქვამს თანადგომას. ისინი კონგრესის ჩატარების საინიციატივო ჯგუფებს ჩაუდგნენ სათავეში. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ქართული წარმომავლობის ცნობილ პიროვნებებს თურქეთში, უპირველესად ისმეთ აჯარს და მეთინ ულუდაღს (ხმალაძე)
· ჩვენი დიდი სურვილია ქალბატონმა მარინა კაჟაშვილმა ცხინვალიდან და ბატონმა მურად ანჯაფარიძემ სოხუმიდან შეძლონ ხიზანთა პრობლემების წარმოდგენა. სასურველი იქნება, რომ ეს გადაცემა ხიზანთა დიდ სათათბიროდ იქცეს და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ჰქონდეს მასში მონაწილეობის საშუალება.
· ქართული დიასპორის საკითხებზე გაგვიჭირდება უკეთესი პიროვნების მოძებნა, ვიდრე ბატონი სანდრო ნონეშვილია. ეჭვი არ მეპარება, იგი მოძებნის დროსაც და ბევრ საინტერესო პიროვნებასაც ქვეყნის გარეთ წასული პრაქტიკულად ნახევარი საქართველოს პრობლ;ემების გასაშუქებლად.
· ახალგაზრდობის ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უნდა ადუბრუნდეს სიტყვა „კაცის“ ილიასეული გაგება, ისევე, როგორც სიტყვა „ბიჭი“ - საუკეთეოს გაგებით. ამიტომ ისინი ამზადებენ პროექტებს „ბიჭების საუბარი“,
„კაცების დიალოგი“
· კარგა ხანია მომზადებულია და ელოდება ეთერში გასვლას პროექტები:
o შორია ივერიამდე
o სოციალური ფსიქოლოგია ნულოვანი მენტალობა
o ახალი ჰუმანური ცივილიზაცია
o ბედნიერების არსი
o ბედნიერების ფორმულა
o იმიჯი თუ რეპუტაცია
o რეპუტაციული კაპიტალი
11. პერსპექტიული პროექტები
· ბატონი გოგი ჯაოშვილი ტელევიზია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო თავის დროზე. სწორედ იმ დროს, როცა ეს ტელევიზია ქართულ განწყობას ეყრდნობოდა და აძლიერებდა. აქ არიან ადამიანები, რომელნიც სხვადასხვა დოზით, მეტნაკლებად ვიყავით დაკავშირებული საინფორმაციო სივრცესთან, ტელევიზიებთან. რაც მთავარია, ვიცით, როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს .
· ძალიან კარგი წინადადებები აქვს ქალბატონ ნონა ღამბაშიძეს. ვფიქრობთ მათ რეალიზებაზე.
·
· ბევრ კარგ რამეს გვთავაზობს დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე პიროვნება ბატონი გენრი კავლელიშვილი. მის მიერ მზადდება გადაცემათა ციკლი პორტრეტი. საუბარი იქნება გამოჩენილ ადამიანებზე შინაურულ ატმოსფეროში, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად თავიანთ ოჯახებში უმასპინძლებენ ტელევიზიას. მაყურებელი კი მიიღებს როგორც ვერბალურ, ისე ფოტოპორტრეტს იმ დღის მასპინძლისა. კარგია, რომ ამ სატელევიზიო საქმეში უაღრესად საინტერესოდ ჩაერთო და კარგი წინადადებები აქვს ჩვენს მეგობარს, ბატონ როლანდ კილაძეს.
· კომპიუტერული პროგრამირების საერთაშორისო კონკურსებში უდიდესი წარმატებები აქვს ქართველ სტუდენტთა გუნდს, როემლსაც ბატონი თემურ ზარქუა ხელმძღვანელობს. ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველო ნახავს იმედის და მომავლის ბიჭებს და პრემიერ-მინისტრსაც აღარ დასჭირდება კადრების სანთლით ძებნა.
· დღეს კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და კმაყოფილება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღემდე მოიყვანა ეს ტელევიზია, ვინც პრაქტიკულად მონაწილეობდა ამ საქმეში. ზაალ ნემსაძე და ჩვენი თინა გამორჩეულად უნდა აღვნიშნოთ. თინა მართლაც სული და გულია ამ ტელევიზიის. ასევე უნდა ითქვას ირაკლი გოგოლაძის და რამაზ ბაბილაშვილის შესახებ (ეს უკანასკნელი დღეს ტელევიზია „საფიხვნოს“ უდგას სათავეში. განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ იმ მხარდაჭერის თაობაზე, რომელიც გვქონდა , გვაქვს და გვექნება გიორგი ასათიანისაგან, რომელიც სატელევიზიო საქმის ბრწყინვალე მცოდნეა და დღეს ძალიან კარგ გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს ტელეკომპანია „დროს“
· ჩვენ ძალიან გვინდა, რომ სატელევიზიო საქმის დიდი გამოცდილების მქონე ზურაბ ხასიამ ითანამშრომლოს სააქციო საზოგადოება „ქართულში“ და კარგი იქნება, თუ იგი მიიღებს წინადადებას და შეუერთდება თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტს. ბატონი ზურაბი წლების განმავლობაში მუშაობდა სატელევიზიო ფილმების სტუდიის ხელმძღვანელად, და რაც მთავარია, მან შეძლო ამ დოკუმენტური მასალის შენარჩუნება სამოქალაქო ომისა და მის შემდგომ მძიმე პერიოდში, რაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილებაა.
· ჩვენ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ რამდენიმე გადაცემაზე. ერთის სახელწოდება პირობითია, მაგრამ ასე წარმოგვიდგენია: „ილუზიების გარეშე“ და მეორე: გვინდა შევძლოთ გავიხსენოთ რა კრიტიკული მომენტები ჰქონდა ქართულ სინამდვილეს და როგორ გამოვდიოდით მდგომარეობიდან.
· ჩვენ გვსურს, პროგრამის „საფიხვნო“ განხორციელება ნებისმიერ ქალაქში, ან სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრების ადგილებიდან - ბაზარი, წისქვილი, წყარო, სადალაქო, სკვერი, ბიზჟა და ა.შ.
· თქვენ გახსოვთ, რომ გელათში ჩვენი კონგრესის გახსნას ეწრებოდნენ მეცნიერები უკრაინიდან. ბატონები ჩაპავოი და ჩუევი. საინტერესო თემები შემოგვთავაზეს თანამშრობლობისთვის. ბატონი ჩაპავოი, რომელიც დღეს არის უკრაინის მედიასახლის დირექტორი, გახლავთ ავტორი წიგნისა „ბედნიერების ფორმულა“ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება ტელევიზია „ქართულში“ იყოს ასეთივე სახელწოდების მისი საავტორო გადაცემა. ჩვენ ვსაუბრობთ ტელეხიდებზე რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტთან ევროპასა და ამერიკაში. თუ ჩვენ წარმატებულად შევძლებთ საქმიანობას, გვეყოლება ბევრი აქციონერი და მხარდამჭერი, ერთ-ერთი ასეთი პირველი მოლაპარაკება შეიძლება ცნობილ ტელეჟურნალისტ შუსტერთან შედგეს.
· მეც, რამაზ ლომინაძე, ვფიქრობ გადაცემაზე მეცნიერთა დიდი მონაწილეობით. მისი სახელწოდება დღეს ასე ჟღერს „ეპოქის ანალიზი“ . ამ თემას ჩვენ ყველანი ვჭირდებით, უამრავ ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება, გამოთქვას მოსაზრება. ანალიზის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება წინსვლა. ამის აუცილებლობა მით უფრო გახდა, როცა ტელევიზიამ უკვე შეძლო ამ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის მიხედვით საინტერესო მასალის შექმნა. ბატონმა ჯუმბერმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, ეხლა ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს თუნდაც ამ ფილმების მიმართ და ჩვენ შევძლოთ ლანძღვის, გინებისა და დაპირისპირების გარეშე ვიფიქროთ მომავალზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий