25.09.2015

საყრდენი სვეტები


  „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელებს და აღმასრულებელ საბჭოს მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონსულტაციებს ჭკვიან და მოაზროვნე ადამიანებთან. ვიცით, რომ  თქვენ არაერთ სასარგებლო და საინტერესო რჩევას მოგვცემთ,... ვიცით, რომ თქვენ ბევრ ვინმეს თვითონვე დაეთათბირებით ამ საკითხზე და ასეთი სისტემით, ჩვენ უმოკლეს პერიოდში შევძლებთ , რომ ჩამოვაყალიბოთ მომავლის საქართველოსათვის  საჭირო  ქართული განწყობის ტელევიზია .


განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში ტარდება.  ეს ზუსტად ის დარბაზია. სადაც ათწლეულებია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომები ტარდება. ამ დარბაზში დიდი ქართული სული ტრიალებს.  მადლობა მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობა და რომ დისკუსიას ტელევიზია „ქართულის“ მომავალთან დაკავშირებით სწორედ მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით ამ ისტორიულ დარბაზში  ვიწყებთ.

ყველას გახსოვთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ბატონ გიორგი კვესიტაძის პასუხი ბატონი რეზო ჩხეიძის წერილზე თანამშრომლობასთან  დაკავშირებით. ბატონმა გიორგიმ არათუ დიდი მხარდაჭერა გამოხატა, არამედ ისიც აღნიშნა. რომ მეცნიერებათა აკადემია მზად არის კვირაში ერთი გადაცემა სწორედ მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან შედგეს.

 ეს დიდი ამბავია.  ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც „ქართული ერთობის დარბაზი“ გამოკვეთილად ამბობდა და ამბობს : „ჩვენ ორი დიდი საყრდენი გვაქვს: რწმენა და ინტელექტი“.

რწმენა ჩვენს დედაეკლესიასთანაა დაკავშირებული და იცით, როგორი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისაგან. ჩვენი სულიერი მამის , საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესისაგან. ინტელექტი კი სწორედ მეცნიერებათა აკადემიასთან. ჩვენს შემოქმედებით კავშირებთან, მეცნიერებასთან, კულტურასთან , ხელოვნებასთან , სპორტთან  არის დაკავშირებული.
 ჩვენ იმ მეფის შთამომავალნი ვართ, რომელმაც  ჯერ კიდევ ცხრა საუკუნის წინ შექმნა მეცნიერებათა აკადეემია, ობსერვატორია, დაიწყო ციური სხეულების შესწავლა და მათზე დაკვირვება... მემკვიდრენი ვართ იმ მეფის, რომელმაც დიდი ფილოსოფიური სკოლა შექმნა და დიდ ქართულ განმანათლებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ჩვენ ვამბობთ, რომ  მომავლის საქართველოს ოთხი დიდი საყრდენი აქვს: იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა; ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა; ჩვენი მეფეების , ჩვენი წინაპრების , ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია;  დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია.

დარწმუნებული ვართ ბევრი გაიზიარებს ჩვენს  პოზიციას, რომ ოთხივეს არნახულად აერთიანებს ქართული აზროვნების ბუმბერაზი - ვაჟა ფშაველა. ტელევიზია „ქართული“ უნდა გახდეს ვაჟა ფშაველას არწივივით შორსმჭვრეტელი, ვაჟას ანკარა წყაროსავით სუფთა, ვაჟას შვლის ნუკრივით  მართალი, ვაჟას ირემივით ამაყი... ხატოვნად ვთქვით, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ შორსმჭვრეტელობა, სიანკარე, სიმართლე, გულწრფელობა ჰაერივით სჭირდება დღევანდელობის ანალიზსაც და მომავლის საქართველოსაც.

დაგირიგდათ გაზეთ „ქართულის“ სასიგნალო ნომრის პირველი ორი გვერდი.  გამოქვეყნებულია  „მოქმედების მანიფესტი“  - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი , გაერთიანებული სახელმწიფო“,  რომელიც ჩვენ  სამების დიდ ტაძარში მივიღეთ ერთი წლის წინ. 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის დღეს სწორედ ამ დიდი ეროვნული განწყობის მანიფესტით დავიწყეთ  ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი გელათში, გელათის  მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში.  

ჩვენ უკვე შევძელით ჩაგვეტარებინა კონგრესის სამი სესია  თბილისის - 9 მარტს, ბათუმის - 27 მარტს, გორის - 24 ივნისს. წლის ბოლომდე სესიები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და მომდევნო წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე  მსოფლიოს 20 სახელმწიფოში. სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ საქართველოს შვილები  (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, ჰოლანდია, ავსტრია, უკრაინა, ბელორუსია და სხვ). ამ ქვეყნებში უაღრესად საინტერესო ადამიანები იკრიბებიან კონგრესის ჩატარებისა და შოთა რუსთაველის იუბილეს აღნიშვნის ირგვლივ/

კონგრესის მიზანია საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი გაერთიანება ძლიერი სახელმწიფოსათვის. სწორედ ამიტომ დგანან ჩვენი  მოძრაობის სათავეებთან დიდი მამულიშვილები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. შემოერთების ეს პროცესი ძლიერდება. სწორედ ამიტომ არის ამ მოძრაობის ემბლემად საქართველოს მარადიულობის სიმბოლოდ აღიარებული მერაბ ბერძენიშვილის ქმნილება „კიდევაც დაიზრდებიან“..კონგრესი არის  გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მომავალ წელს  მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის ინიციატორი.

რამდენიმე დღის წინ, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, ისევ სამების საკათედრო ტაძრიდან გავაკეთეთ დიდი შემოძახილი ერისა და ბერის გასაგონად: „შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად“.

ორთავე დოკუმენტი მეცნიერთა დიდი მხარდაჭერით შევქმენით. ეს დოკუმენტები გვაერთიანებს ყველას საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ვდგევართ ქართულ ეროვნულ პლატფორმაზე და ამავდროულად პატივს მივაგებთ მსოფლიო საკაცობრიო იდეალებს. ეს ორი დოკუმენტი გვაერთიანებს იმ ადამიანებს, რომელნიც ერთად ვდგავართ ქვეყნის ძნელბედიბის ჟამს, ერთად ვმოქმედებთ ერისა და ბერის გაერთიანებისათვის, თაობათა ერთიანობისათვის...სიყვარულით ვქმნით ქართული განწყობისა და პლანეტარული აზროვნების ტელეკომპანიას - „ქართული“, რომლის აქციონერობა თითოეული ჩვენთაგანისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველების, საქართველოს შვილების და საქართველოს  მეგობრებისათვის ამ დიდ ქართულ პროცესში მონაწილეობის დასტური იქნება.

Комментариев нет:

Отправить комментарий