25.09.2015

ტელევიზიის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

ტელევიზია პრინციპულზე პრინციპული საკითხია. ჩვენ ერთნი ვართ იმ დასკვნაში, რომ არც ერთ ხელისუფლებას , არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს საინფორმაციო საშუალებებმა, უპირველესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ. თუნდაც იმის გამო, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, რომ მას არ  ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა.

დღეს, ამ ისტორიულ და ყველა მოაზროვნისათვის სათაყვანებელ მეცნიერებათა აკადემიის შენობაში, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმას, რაც ჩავწერეთ „მოქმედების მანიფესტში“:

„განა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ის რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები - ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?“

ეს ჩვენ ერთი წლის წინ ვთქვით, „მანიფესტში“ ჩავწერეთ, მაგრამ სიტუაციის შეცვლა არ აღმოჩნდა ადვილი. დრო ადასტურებს, ძალიან ადვილია ანტიქარტული განწყობის, დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული საინფორმაციო საშუალების, ტელევიზიის შექმნა, მაგრამ ძალზე ძნელი, ურთულესია ეროვნული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ტელევიზიის შექმნა, რომლის სანახაობითი მხარეც მომზიდველი იქნება ადამიანებისთვის.

უდიდესი საქმე გააკეთა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, რომ დააფუძნა ტელევიზია „ქართული“ და სწორედ ერთი წლის წინ, ღვთისმშობლობა დღეს საჩუქრად გადასცა საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს, საქართველოს შვილებს საქართველოს მეგობრებს. ეს უდიდესი ეროვნული ნაბიჯი იყო. ეროვნულმა კაცებმა: ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა თემურ გუგუშვილმა ,ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, რამაზ ყურაშვილმა, გიგა ბათიაშვილმა ეს ტელევიზია სააქციო საზოგადოებად აქციეს , რომ მართლაც შეიქმნას საქართველოში ხალხის ტელევიზია, ტელევიზია,  რომლის უკან არც ხელისუფლება იქნება, არც პოლიტიკური პარტია, არც პოლიტიკოსი, არც მილიარდერი, არც უცხო ძალა. ეს იყო ნიშანი დიდი პროცესის დაწყების. ერთდროულად დიდი იმედით და დიდი ტკივილით იკითხება ბატონი რეზო  ჩხეიძის მიმართვა „ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“ .

აი, რას წერს ბატონი რეზო:

„ყოველნაირი სიკეთის და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო, მეც დავაგროვე...ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაა, ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ ასაკამდე მომიყვანა., ჩემი სიმდიდრე - ჩემი ფილმებია, მათ შორისაა უკვე 50 წლის „ჯარისკაცის მამა“. ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით დღეს გამაჩნია - ტელევიზიაა, თითოეული ჩვენთაგანისთვის სათაყვანო სახელით - „ქართული“ და მას გადავცემ  მშობელ ერს - ჩემს საქართველოს.“

ბატონმა რეზომ ასე განსაზღვრა ტელევიზიის მომავალი :

„ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად სუსტის და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.
ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორის ერთობის ტელევიზია.
ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.“

გენიალურია. უკეთესად ვერ იტყვი, ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საქართველოს ასეთი ტელევიზია.



Комментариев нет:

Отправить комментарий