23.06.2015

„ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს განცახდება



ხვალ. 24 ივნისს „ქართული ერთობის დარბაზის“  კონგრესი გელათის, თბილისისა და ბათუმის სესიების შემდგომ, მუშაობას გააგრძელებს გორში.

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 18 საათზე შეიკრიბება გორის და საერთოდ, შიდა ქართლის წარმომადგენლობა და თბილისიდან , საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულ მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეებთან ერთად განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.


„ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის გორის სესია მეტად განსაკუთრებულია და ეს გამოწვეულია ერის სულიერი მოძღვარის, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის  ინიციატივით „ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის“ მოწვევის თაობაზე, რამეთუ ასეთი კონგრესის მოწვევა და მომდევნო წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა „ქართული ერთობის დარბაზის მთავარი პრიორიტეტია.“ - განაცხადა „ქართული ერთბის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ ლომინაძემ.

გორის სესიის მოწევის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ დღის წესრიგში უნდა დადგეს კონგრესის გელათის, თბილისის და ბათუმის სესიების გადაწყვეტილებათა მხარდაჭერის საკითხი, გამოიკვეთოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და  ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები.

ცნობილ  სპორტსმენებს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონებს რომან რურუასა და გიორგი კანდელაკს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მომავლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნესის, მეწარმის მხარდაჭერას. რომ საქმიანი ადამიანი შიშის გარემოში არ უნდა ცხოვრობდეს. რისკიანი გადაწყვეტილების მიღების არ უნდა ეშინოდეს. რაც მთავარია, ხელისუფლებისაგან კეთილგანწყობის მოპოვებისათვის არ უნდა სჭირდებოდეს ბრძოლა.

გორის სესიის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ქვეყანაში ნამდვილად საზოგადოებრივი, ნამდვილად დემოკრატიული და მართალი სატელევიზიო სივრცის შექმნა. რამეთუ „ქართული ერთობის დარბაზი“ თვლის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე პრაქტიკულად ებრძვის საქართველოს, რომ ტელევიზიები ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ.


„არის უამრავი საკითხი, რომელთა გადაუწყვეტლობა შიდა ქართლს, გორს უმძიმეს პრობლემებს უქმნის ... მათ სახელმწიფოებრივი და ზოგადქართული მხარდაჭერა სჭირდებათ. ჩვენც ამ განწყობით მივდივართ გორის სესიაზე“ - ითქვა „ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე და გამოკვეთილად აღინიშნა „ქართული ერთობის დარბაზის“ ტრადიციულ შეკრებაზე სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.  



Комментариев нет:

Отправить комментарий