გასული კვირის განმავლობაში, „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლებმა და წევრებმა თელავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში გაზეთი „ქართულის" პირველი ნომერი წარადგინეს.
ამ შეხვედრების 1 000- მდე მონაწილე „ქართული ერთობის დარბაზის" მთავარ დოკუმენტს „მოქმედების მანიფესტს" შეუერთდა . შეხვედრის მონაწილეებმა გაიზიარეს „ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის გელათის, თბილისის და ბათუმის სესიების გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად არის დასტამბული გაზეთის პირველ ნომერში.
„საქმიანი და კონკრეტული საუბარი გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის" სამ მთავარ ინიციატივასთან დაკავშირებით: შედგეს ყოველთა ქართველთა , საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი,... მომდევნო წელს აღინიშნოს შოთა რუსთაველის 850 წლისთავი და შედგეს პროგრამა „ საქართველო დაჭრილი მზეა". გამოიკვეთა საერთო პოზიცია, რომ ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმებმა და პროგრამამ „საქართველო დაჭრილი მზეა", უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად", - აცხადებენ „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლები.
მათი თქმით, შეხვედრები იმედის მომცემია, მაგრამ შემაშფოთებელია ვითარება, რომლეიც რეალურად არსებობს რეგიონებში.
„ამ შეხვედრების განწყობა, საქმიანი და იმედიანი იყო , მაგრამ შემაშფოთებელია ადგილებზე არსებული რეალური მდგომარეობა", - აღნიშნეს შემაჯამებელ შეხვედრაზე „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა და წევრებმა.
რომან რურუა, ცნობილი სპორტსმენი და მოღვაწე, მიიჩნევს, რომ ბიზნესის ხელშეწყობისა და ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით ხელისუფლების თვითკმაყოფილება აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ბიზნესი თავისუფლების ნაცვლად, მარწუხებშია, თავი ვერ დავიხსენით ბიზნესი წინა ხელისუფლების „პატრონობის" სულისკვეთებისაგან. ტრაგიკულია, რომ მეწარმეებს უდიდესი ენერგია ეხარჯებათ თავის დაცვაზე და იმაზე ფიქრში, როგორ მოიპოვონ ხელისუფალთა კეთილგანწყობა.
პროფესორი რამაზ ლომინაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იმსახურებს იმ პირობებს, რომელშიც მას რეალურად უწევს ცხოვრება. უამრავი ადამიანი სიცოცხლისა და საქართველოში დარჩენილი მისი ოჯახის წევრების თუ ახლობლების გადარჩენის მიზნით, უცხო ქვეყანაშია გადახვეწილი და უწევს არაადამიანური ცხოვრება. საქართველოში დარჩენილთა უმრავლესობა, ვერ ახერხებს მუშაობის დაწყებას და ვინც შრომობს, განსაკუთრებით სოფლად, ვერ ახერხებს მიღებული პროდუქციის რეალიზაციას. ბატონი რამაზ ლომინაძე დამაფიქრებელს უწოდებს იმას, რომ ადგილებზე უგულებელყოფილია ხალხის ინიციატივა: ბათუმში, მთლიანად აჭარაში, უდიდესი მხარდაჭერა მიიღო ინტელიგენციის ინიციატივამ, დაიდგას დედასამშობლოში აჭარის დაბრუნების ამსახველი მონუმენტი. შეგროვდა თანხებიც და ცნობილ არქიტექტორთა მონაწილეობით, პრაქტიკულად დასრულდა ძეგლიც. ჭიანურდება ადგილის გამოყოფა. ხალხი აღშფოთებულია ხელისუფლების უყურადღებობით.
ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, რამაზ ყურაშვილი მიიჩნევს, რომ უაღრესად სუსტად არის ორგანიზებული ადგილებზე სამედიცინო ობიექტები და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს სწორედ მედიცინაზე ხარჯავს. თბილისელთა შეშფოთებას იწვევს მრავალსართულიანი სახლების უსისტემო მშენებლობა განსაკუთრებით პარკებსა და ბაღებში, თუ მათ მიმდებარე ტერიტორიებზე.
ცნობილ იურისტს, ავთანდილ ჩხაიძეს მიაჩნია, რომ არაეფექტურია ადგილებზე ხელისუფალთა საქმიანობა და ეს უმეტესწილად, გამოწვეულია უუფლებობით, იმით, რომ ვერ მოხერხდა წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ზეცენტრალიზებული მართვის სისტემის შეცვლა.
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თემურ შაშიაშვილის აზრით, არა მარტო ცენტრალურ ხელისუფლებაში, არამედ ადგილებზეც მართვის სადავეები უჭირავთ ქუჩის პოლიტიკოსებს. რომ საქართველოში ორ ათეულ წელზე მეტია, რადიკალები ცვლიან ერთმანეთს სახელისუფლებო თანამდებობებზე. რომ ჩვენ დღეს ვიმკით ერთი კაცის ხათრით არჩეულ , თუ ერთი კაცის გემოვნებით შერჩეულ ხელისუფალთა საქმიანობის კატასტროფულ შედეგებს. რომ ყველაზე დაბინძურებული დღეს საქართველოში პოლიტიკა და პოლიტიკოსთა შემადგენლობაა.
„ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსთა მიერ დანგრეულ ქვეყანაში. იმედისმომცემი არის ის, რომ მიუხედავად ამ მდგომარეობისა, შეხვედრების მონაწილეები მომავლის საქართველოზე საუბრობდნენ , რომ სწორედ მომავალი იყო საუბრების მთავარი თემა" - აღნიშნეს შეჯამებისას „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებლებმა და წევრებმა. მათ მიაჩნიათ, რომ გაბედული მოქმედებაა საჭირო მდგომარეობის რადიკალურად შეცვლისათვის . ისინი ემიჯნებიან ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევენ. მათი აზრით, დაპირისპირება სუსტების გზაა, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია - მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.
შეხვედრებზე შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფები, რომელთაც დაევალათ „ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის რეგიონული სესიების მომზადება. უახლოესი ათი დღის განმავლობაში, ასეთივე შეხვედრების მოწყობა გაზეთი „ქართულის" წარდგენა და საორგანიზაციო ჯგუფების შექმნა გათვალისწინებულია მცხეთაში, რუსთავში, ახალციხეში, ამბროლაურსა და მესტიაში იმ პირობით, რომ ივნისის ბოლომდე რეგიონული სესიები ჩატარდეს ყველგან და დაიწყოს სესიების ჩატარება უცხოეთის იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო, ცხოვრობს ქართველობა, ცხოვრობენ საქართველოს შვილები.
წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=63011
Комментариев нет:
Отправить комментарий