10.03.2015

ქართული ერთობის დარბაზის თბილისის კონგრესი: რეზო ჩხეიძის მიმართვა :კიდევაც დაიზრდებიან"


კონგრესის დასკვნით ნაწილში, ნინო ჩხეიძემ კონგრესს გააცნო ბაბუის, რეზო ჩხეიძის მიმართვა "კიდევაც დაიზრდებიან".

ბატონი რეზოს  მეტად ამაღლვებელ მიმართვაში ნათქვამია: 


"ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობა დღეს, დავაფუძნეთ“ქართული ერთობის დარბაზი“  - სიკეთისათვის ბრძოლის დარბაზი, რომელსაც უკვე შემოუერთდა უამრავი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაძლიერდება .

ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ უამრავი მოაზროვნე   ადამიანის თანადგომით ჩვენ შევძელით შეგვექმნა „მოქმედების მანიფესტი“ და დაგვეწყო ფიქრი დიდ ქართულ პროექტზე „საქართველო დაჭრილი მზეა“  - გენიალურია გრ. რობაქიძის ეს ფრაზა, დღევანდელობის შესაბამისი.

ვამაყობ, რომ „მოქმედების მანიფესტს“ მოვაწერე ხელი. მწამს და მჯერა, 2014 წლის  23 ნოემბრიდან 2015 წლის 6 მაისამდე, გიორგობიდან - გიორგობამდე, ამ უაღრესად ღრმა და მომავლის საქართველოზე ორიენტირებულ ნააზრევზე უამრავი ადამიანი დატოვებს თავის ხელმოწერას.

ჩემი თაობის მეგობართა ფართო წრე, ბოლო წლებში, ბევრს ვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს  და არა ერთ დიდ მოღვაწეს, ღამეები გვითენებია ამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში.

ქვეყნის მდგომარეობის ტკივილი თან წაიღო სამმა  გენიოსმა, ჭაბუამ, მუხრანმა, გიგამ. დიდხანს მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს გვერდით, ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.
ეს არის ჩვენი  ანდერძი, ისეთივე მამა-შვილური, როგორიც ჩვენი მივიღეთ წინა თაობებისაგან. 

ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე  შემეძლო მავანთა ბოროტებისა და გულცივობის გამო ბევრი შემჯავრებოდა. ცუდზე ცუდითვე მეპასუხა, ვერავინ დამძრახდა. მაგრამ მამადახვრეტილი - არ გავბოროტდი. პირიქით, უფრო შევიყვარე ადამიანი.

ჩემი ხნის კაცს - ტყუილიც დაეჯერებაო. ვეცდები, დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილად მართალი სიტყვა გითხრათ: კარგად მოგეხსენებათ, ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო. მეც დავაგროვე...

ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაა;

ჩემი სიმდიდრე - ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინა.
ჩემი სიმდიდრე  - ჩემი ფილმებია, “ჯარისკაცის მამაა“, რომლის 50 წელი სრულდება.
 ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, ჩვენთვის ყველასათვის სათაყვანებელი სახელით - „ქართული“  და მას დღეს გადავცემ „ქართული ერთობის დარბაზს“  - ანუ  მთლად საქართველოს.

 მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინც შეეხიდება, ვინც 1, 10 თუ 1 000  აქციის ფლობის სანაცვლოდ, გაიღებს თანხას ტელევიზიის შემდგომი გაძლიერებისათვის. ეჭვი არ მეპარება, რომ საერთო ძალისხმევით,  ტელევიზია „ქართულის“ განახლებული მაუწყებლობა მთელს საქართველოზე გავრცელდება, მაუწყებლობის პირველივე დღესვე  შევა ყველა ოჯახში და ახალ წელს მიულოცავს სრულიად საქართველოს, საქართველოს ყველა შვილს და მეგობარს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.  

ეს იქნება არა კოსმოპოლიტური, მასონური და საქართველოსათვის მავნე სხვა იდეების მქადაგებელი, არამედ, ცივილიზებულ სამყაროში საქართველოს და მისი ყველა ჭეშმარიტი  შვილის გამაერთიანებელი და წარმომჩენი ტელევიზია.

ეს იქნება დღეს თაობათა შორის ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორის ერთობის ტელევიზია.

ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.

ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა მახარდაჭერით, ახალი წლიდან, საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერება,  ყოველ გვარში მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.

 „პატივდების სიგელი“ - ხელმოწერილი უაღრესად ღირსეულ ქართველთა მიერ, როგორც თქვენს, ისე ჩემს ოჯახში დარჩება რელიქვიად მომავალი თაობებისათვის. რათა მათ იამაყონ ჩემთვის, ჩვენთვის „ქართული ერთობის დარბაზის“ მონიჭებული ამ ჯილდოთი.
დამერწმუნეთ, სახალხო აღიარებაზე ძვირფასი ჯილდო ქვეყნად არ არსებობს. ის ჩემზე და ჩვენზე მეტად, ჩვენი ოჯახების მომავალ თაობებს ეკუთვნით. შემთვევით როდია, პირველ გვერდზე დაჭრილი, მაგრამ ამობრწყინებული მზის ფონზე, ქართველი ხელოვანის შედევრის - ქართველი დედის და  ორი ბოკვერის კომპოზიცია ამოტვიფრული.

ჭეშმარიტად! – „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!“


რეზო ჩხეიძე

მშვიდობის მსოფლიო ელჩი"

Комментариев нет:

Отправить комментарий