12.03.2015

დაიწყო დიდი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესთან“

  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა, 9 მარტს, მუშაობა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. კონგრესს 1000-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, ძირითადში მეცნიერების, კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენლები.

 დავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს – 8 თებერვალს,  გელათში გახსნილმა
  კონგრესიზე დიდი ქართველი კინო-რეჟისორის, რეზო ჩხეიძის მიმართვა გაჟღერდა, რომელიც საზოგადოებას ერთობის დარბაზის დამფუძნებლის შვილიშვილმა გააცნო, თავად ბატონი რეზო კონგრესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრებოდა.
  “ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობა დღეს, დავაფუძნეთ“ქართული ერთობის დარბაზი“  – სიკეთისათვის ბრძოლის დარბაზი, რომელსაც უკვე შემოუერთდა უამრავი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაძლიერდება .
  ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ უამრავი მოაზროვნე   ადამიანის თანადგომით ჩვენ შევძელით შეგვექმნა „მოქმედების მანიფესტი“ და დაგვეწყო ფიქრი დიდ ქართულ პროექტზე „საქართველო დაჭრილი მზეა“  – გენიალურია გრ. რობაქიძის ეს ფრაზა, დღევანდელობის შესაბამისი.
 ვამაყობ, რომ „მოქმედების მანიფესტს“ მოვაწერე ხელი. მწამს და მჯერა, 2014 წლის  23 ნოემბრიდან 2015 წლის 6 მაისამდე, გიორგობიდან – გიორგობამდე, ამ უაღრესად ღრმა და მომავლის საქართველოზე ორიენტირებულ ნააზრევზე უამრავი ადამიანი დატოვებს თავის ხელმოწერას.
 ჩემი თაობის მეგობართა ფართო წრე, ბოლო წლებში, ბევრს ვფიქრობდით ასეთი დოკუმენტის შექმნაზე. ჭაბუა ამირეჯიბს, გიგა ლორთქიფანიძეს, მუხრან მაჭავარიანს, მერაბ ბერძენიშვილს, რეზო ამაშუკელს, ჯანსუღ ჩარკვიანს  და არა ერთ დიდ მოღვაწეს, ღამეები გვითენებია ამ საქვეყნო სატკივარზე ფიქრში.
 ქვეყნის მდგომარეობის ტკივილი თან წაიღო სამმა  გენიოსმა, ჭაბუამ, მუხრანმა, გიგამ. დიდხანს მინდა ვიცოცხლო, ვიყო თქვენს გვერდით, ვიმოქმედოთ ერთად, რომ შევკრათ გათითკაცებული სიკეთე, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.
ეს არის ჩვენი  ანდერძი, ისეთივე მამა-შვილური, როგორიც ჩვენი მივიღეთ წინა თაობებისაგან.
 ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე  შემეძლო მავანთა ბოროტებისა და გულცივობის გამო ბევრი შემჯავრებოდა. ცუდზე ცუდითვე მეპასუხა, ვერავინ დამძრახდა. მაგრამ მამადახვრეტილი – არ გავბოროტდი. პირიქით, უფრო შევიყვარე ადამიანი.
   ჩემი ხნის კაცს – ტყუილიც დაეჯერებაო. ვეცდები, დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილად მართალი სიტყვა გითხრათ: კარგად მოგეხსენებათ, ყოველნაირი სიკეთისა და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო. მეც დავაგროვე…
   ჩემი სიმდიდრე – განვლილი გზაა;
   ჩემი სიმდიდრე – ხალხის სიყვარულია, რომელმაც ამ ასაკამდე მომაღწევინა.
  ჩემი სიმდიდრე  – ჩემი ფილმებია, “ჯარისკაცის მამაა“, რომლის 50 წელი სრულდება.
   ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც დღეს გამაჩნია, ტელევიზიაა, ჩვენთვის ყველასათვის სათაყვანებელი სახელით – „ქართული“  და მას დღეს გადავცემ „ქართული ერთობის დარბაზს“  – ანუ  მთლად საქართველოს.
   მომავალში ის გახდება საკუთრება ყოველი პიროვნებისა, ვინც შეიყვარებს, ვინც შეეხიდება, ვინც 1, 10 თუ 1 000  აქციის ფლობის სანაცვლოდ, გაიღებს თანხას ტელევიზიის შემდგომი გაძლიერებისათვის. ეჭვი არ მეპარება, რომ საერთო ძალისხმევით,  ტელევიზია „ქართულის“ განახლებული მაუწყებლობა მთელს საქართველოზე გავრცელდება, მაუწყებლობის პირველივე დღესვე  შევა ყველა ოჯახში და ახალ წელს მიულოცავს სრულიად საქართველოს, საქართველოს ყველა შვილს და მეგობარს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
   ეს იქნება არა კოსმოპოლიტური, მასონური და საქართველოსათვის მავნე სხვა იდეების მქადაგებელი, არამედ, ცივილიზებულ სამყაროში საქართველოს და მისი ყველა ჭეშმარიტი  შვილის გამაერთიანებელი და წარმომჩენი ტელევიზია.
 ეს იქნება დღეს თაობათა შორის ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორის ერთობის ტელევიზია.
   ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, რომ ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.
   ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა მახარდაჭერით, ახალი წლიდან, საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას. არადა, ჰაერივით სჭირდება სიძულვილით გაჯერებულ ეთერს ასეთი მაუწყებლობა. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია ყოველი პიროვნების ამაღლება, ყოველი ოჯახის გაძლიერება,  ყოველ გვარში მშვიდობა, ყოველი კუთხის აღმშენებლობა.
   „პატივდების სიგელი“ – ხელმოწერილი უაღრესად ღირსეულ ქართველთა მიერ, როგორც თქვენს, ისე ჩემს ოჯახში დარჩება რელიქვიად მომავალი თაობებისათვის. რათა მათ იამაყონ ჩემთვის, ჩვენთვის „ქართული ერთობის დარბაზის“ მონიჭებული ამ ჯილდოთი.
  დამერწმუნეთ, სახალხო აღიარებაზე ძვირფასი ჯილდო ქვეყნად არ არსებობს. ის ჩემზე და ჩვენზე მეტად, ჩვენი ოჯახების მომავალ თაობებს ეკუთვნით. შემთვევით როდია, პირველ გვერდზე დაჭრილი, მაგრამ ამობრწყინებული მზის ფონზე, ქართველი ხელოვანის შედევრის – ქართველი დედის და  ორი ბოკვერის კომპოზიცია ამოტვიფრული.
   ჭეშმარიტად! – „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი!“-ნათქვამია რეზო ჩხეიძის მიმართვაში.
   კონგრესმა მიიღო მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
 ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესისათვის მზადების ფარგლებში, თბილისის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება,   საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაქსიმალური ჩართვის მიზნით.
  კონგრესის მონაწილეებისადმი გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში, რომელიც გააჟღერა ბატონმა რამაზ ლომინაძემ, ნათქვამია:
 “დაიწყო დიდი პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესთან, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში გაიმართება. ამ ისტორიულ ფორუმს, ჩვენ უნდა შევთავაზოთ მომავლის საქართველოს პროგრამა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი თანადგომით   ფასდაუდებელი წვლილი შეიტანოთ კონგრესის მუშაობაში სამი მიმართულებით:
  პირველი – ამ პროცესში მაქსიმალურად ჩააბათ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე თქვენი მეგობრები, ნათესავები, ახლობლები  იმის გათვალისწინებით, რომ  ყოველთა ქართველთა ოქტომბრის კონგრესამდე ჩატარდება კონგრესები თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ანუ  იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად, თუ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ქართველთა და საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა დიდია ;
  მეორე – ყველანი გახდეთ თანამესაკუთრენი, ანუ აქციონერები,  ტელეკომპანიისა “ქართული გამარჯვება“ რომლის უპირველესი დანიშნულებაა ქართული საზოგადოების ჰარმონიზაცია და გაერთიანება;
   მესამე – პირადი მონაწილეობის მიღებით და ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოსამზადებლად შემდგომ მუშაობაში (განსაკუთრებით კი, მოსაწვევ პიროვნებათა სიების შედგენაში და მომავლის საქართველოს პროგრამის შექმნაში).
 ურთიერთთანამშრომლობისათვის გთხოვთ, ამ წერილის ბოლო ნაწილში  მითითებულ ხაზს ქვემოთ დაგვიტოვოთ  თქვენი კოორდინატები, საკომუნიკაციო საშუალებათა რეკვიზიტები (ელ. ფოსტა, ფეისბუქის გვერდი, ტელეფონი, მისამართი) თეატრის  გასასვლელში  განთავსებულ  ყუთებში.
 ჩვენი კოორდინატებია:
ელ. ფოსტა: qartuliertobisdarbazi@gmail.com
ფეისბუქის გვერდი: ქართული ერთობის დარბაზი
ქართული ერთობის დარბაზის ბლოგი:  qartuliertobisdarbazi.blogspot.com
 საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:  ნონა ღამბაშიძე  – ტელ.: 599 37 83 41″

წყარო: http://gnnews.ge/?p=6753

Комментариев нет:

Отправить комментарий