25.03.2015

ქართული ერთობის კონგრესი აჭარაში 25- 27 მარტს (პრესრელიზი)


ქართული ერთობის“ კონგრესი გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა და ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად 


გელათისა თბილისის შემდგომ, კონგრესი მუშაობას აგრძელებს ბათუმში. 27 მარტს 16 საათზე ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში გაიხსნება „ქართული ერთობის დარბაზის“ ბათუმის კონგრესი, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 1500 ზე მეტი წარმომადგენელი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.



 კონგრესის ორგანიზებისათვის ბათუმში წინასწარ ჩავიდნენ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და კონგრესის მომზადების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები. ისინი შეხვდებიან აჭარის მოსახლეობას ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. ასევე მეუფე დიმიტრისა და მეუფე სპირიდონს, მუსლიმანთა მუფტს, აჭარის მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების მოღვაწეებსა და სტუდენტ ახალგაზრდობას.

 გამგზავრების წინ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა „ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

 ჩვენ დიდად გვაფიქრებს ქვეყანაში შექმნილი რეალობა, როდესაც გარეთ არსებული ანტიქართული ძალები და მათი ერთგული ცალკეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები ქვეყნის შიგნით ახერხებენ საქმიანობის კოორდინაციას. დრო ადასტურებს, რომ ქვეყნის განვითარების, უპირველესად პოლიტიკური განვითარების სხვა გზაა მოსაძებნი. დღემდე მოვდივართ შეუთავსებლობით და ამ ნიადაგზე აღმოცენებული დაპირისპირებით. ეს არის გზა ძალადობის, რევოლუციებისა და გადატრიალებებისა. ბუნებრივი და ქართული გზა დაპირისრებულ პოლიტიკურ ძალთა მოქმედებათა ჰარმონიზაციაშია.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, შესაძლებლობები სრულად ჩავაყენოთ ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად სახელმწიფოს უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანის საქმეში. სწორედ ასეთი მოღვაწეობა გახლავთ უპირველესი მიზანი „ქართული ერთობის“ დარბაზისა დღეს და იმედია, იგი სამშობლოს საკეთილდღეოდ არაერთ კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც შეძლებს პარტიული პოლიტიკური საზღვრების დანგრევას, და ჩაერთვება პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილი საქართველოსა და პოლიტიკური პროცესის გაერთიანებაში.

 კონგრესის პოზიცია, რომელიც ჩამოყალიბებულია „მოქმედების მანიფესტში“: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. ჩვენ დავნერგავთ პრინციპს: ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება - ხელისუფლებას მართავს საზოგადოება - საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.“


 შეგახსენებთ, კონგრესი მუშაობას აგრძელებს ბათუმში გელათისა და თბილისის შემდგომ. დაგეგმილია კონგრესის გამართვა საქართველოს ყველა რეგიონში და უცხოეთში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და დამთავრდება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესით ოქტომბერს, თბილისობის დღეებში.

" ქართული ერთობის დარბაზის "პრეს-ცენტრი
25.03.2015წ

Комментариев нет:

Отправить комментарий