25.03.2015

ქართული ერთობის კონგრესი აჭარაში 25,26, 27 მარტი


„ქართული ერთობის“ კონგრესი გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა და  ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად

გელათისა თბილისის შემდგომ, კონგრესი მუშაობას აგრძელებს ბათუმში.

  • ·         კონგრესი  შეფასებას მისცემს ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში და გამოკვეთს სხვა გზას;

  • ·         ყველას გასაგონად ვაცხადებთ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის;

  • ·         ჩვენ დავნერგავთ პრინციპს ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება  - ხელისუფლებას მართავს საზოგადოება - საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.“


დავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს - 8 თებერვალს   გელათში გახსნილმა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა, 9 მარტს, მუშაობა გააგრძელა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.  27 მარტს 16 საათზე  ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში გაისნება ბათუმის კონგრესი, რომლის მუშაობაში აჭარიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 1500-ზე მეტი მეცნიერების კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად და კონგრესის ორგანიზაციისათვის ბათუმში წინასწარ ჩავლენ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები და კონგრესის მიერ არჩეული ხელმძღვანელი ორგანოს წარმომადგენლები, ბატონები: რამაზ ყურაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, ომარ მხეიძე, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ლომინაძე, ავთანდილ ჩხაიძე, ოთარ შამათავა, ჯონი ჯანელიძე, მიხეილ ჩიკვილაძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, ემილ მიქაია, ირაკლი მაჭავარიანი, ალექსი კობაიძე, როლანდ კილაძე, გია მჭედლიშვილი.
კონგრესის მომზადების საორგანიზაციო ჯგუფის წევრები შეხვდებიან აჭარის მოსახლეობას როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში. ასევე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეებს: მეუფე დიმიტრისა და მეუფე სპირიდონს, მუსლიმანთა მუფტს, აჭარის მეცნიერების კულტურის ხელოვნების მოღვაწეებსა და წარმომადგენლებს, სტუდენტ ახალგაზრდობას.
გამგზავრების წინ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა „ქართული ერთობის დარბაზის“ სახელით გაავრცელეს განცხადება,  რომელშიც ნათქვამია:
„ჩვენ დიდად გვაფიქრებს ქვეყანაში შექმნილი რეალობა, როდესაც  გარეთ არსებული ანტიქართული ძალები და მათი ერთგული ცალკეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები ქვეყნის შიგნით ახერხებენ საქმიანობის კოორდინაციას. ამას ემატება ისეთი სერიოზული არასასიამოვნო მოვლენები, როგორებიცაა ე.წ. ექსპერტთა  მკვეთრად ნეგატიური პროგნოზებით გამოწვეული მოსახლეობის პანიკა და შიდა პროცესები მმართველ ძალაში. შედეგად - ქვეყანაში შექმნილი ვითარება იმ ნიშნულს უახლოვდება, როცა პასუხად აუცილებელია საქართველოს ყველა ჭეშმარიტი შვილის მოქმედების კონსოლიდაცია.
გელათში დაწყებული კონგრესის მუშაობის გაგრძელება დედაქალაქსა და ყველა რეგიონში, პარალელურად უცხოეთშიც, მიმართული იქნება იქეთკენ, რომ ემოციებით დანგრეულ საქართველოში დაბრუნდეს გონების და გონიერების ეპოქა; რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის დიდი ერთობის განწყობა შენარჩუნებული იქნას, ხოლო მათი მოქმედება, ვინც დეკლარირებულად დაასუსტა ან ფარულად ახლაც ასუსტებს ამ დიდ ეროვნულ ერთსულოვნებას - შეფასდეს პირუთვნელად. ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს მანამ, ვიდრე ხალხს ხელისუფლებასთან დაპირისპირების დაუძლეველი სურვილი არ გასჩენია.

დრო ადასტურებს, რომ ქვეყნის განვითარების, უპირველესად პოლიტიკური განვითარების სხვაგზაა მოსაძებნი. დღემდე მოვდივართ შეუთავსებლობით და ამ ნიადაგზე აღმოცენებული დაპირისპირებით. ეს არც ქართულია და არც ბუნებრივი, ეს არის გზა ძალადობის, რევოლუციებისა და გადატრიალებების ბუნებრივი და ქართული გზა მოქმედებათა ჰარმონიზაციაშია. თუნდაც დაპირისრებულ პოლიტიკურ ძალთა მოქმედებათა ჰარმონიზაციაში.

დაპირისპირება სუსტების გზაა. მოქმედებათა ჰარმონიზაცია - ძლიერთა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკურ პარტიებზე დაყრდნობილ პოლიტიკოსების დრო არ არის. არ არის იმ პოლიტიკოსთა დრო, რომლებიც უცხოეთიდან იმართებიან და უცხოეთიდან არიან მხარდაჭერილი. დღეს მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა დროა. ამის აღიარებას ძალა უნდა და ელემენტარული პატიოსნება და განათლებულობა. ჩვენ მივესალმებით ყველას, ვინც შეძლებს პარტიული პოლიტიკური საზღვრების დანგრევას, და ჩაერთვება პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილი საქართველოსა და პოლიტიკური პროცესის გაერთიანებაში.

ჩვენ დიდი გულისტკივილით ვამბობთ, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აწყობს ყველას გარდა საქართველოს მოსახლეობისა. ქართველობისა ვაღიაროთ, რომ საქართველოში მიმდიონარე მახინჯი პოლიტიკური პროცესის გამო, რუსეთმა მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე წარმოედინა, აშშ -ს სახელისუფლებო წრეებმა  საქართველო საკუთარ პოლიტიკურ ინტერესთა პოლიგონად აქცია რუსეთთან მის დაპირისპირებაში... ევროპა-ამერიკა -რუსეთი კარგ პოლიტიკურ ვაჭრობაშია ერთმანეთთან საქართველოს გამო. ჩვენ ვართ პოლიტიკურ კინკლაობასა და  დაპირისპირებაში და ჩვენი მეზობლები გონივრული პოლიტიკით, წრმატებულად ვითარდებიან.

ჩვენ ვფიქრობთ, რაც გვჭირს,  იმის გამო გვჭირს, ბოლო წლებია, საქართველოში ხელისუფალნი თავზე ხელს უსვამენ დამნაშავეებს, გარიყეს მოაზროვნენი, ახლოს არ იკარებენ ძლიერს და სამწუხაროდ, თავს კარგად გრძნობენ მონური ფსიქოლოგიის ადამიანთა გარემოში. ამის არც მოთმენა შეიძლება, არც გაგრძელება. არც იმის მოთმენა შეიძლება, როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალა იქცევა და არც იმის გაგრძელება, როგორც ქვეყანა იმართება.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, პირდაპირ და კონკრეტულად მას არაქართულს ვუვუწოდებთ. ჩვენ ჰარმონიზაციაზე ვსაუბრობთ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, შესაძლებლობები სრულად ჩავაყენოთ ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად სახელმწიფოს უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანის საქმეში. სწორედ ასეთი მოღვაწეობა გახლავთ უპირველესი მიზანი „ქართული ერთობის“ დარბაზისა დღეს და იმედია, იგი სამშობლოს საკეთილდღეოდ არაერთ კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

კონგრესის პოზიცია, რომელიც ჩამოყალიბებულია „მოქმედების მანიფესტში“ ასევე კონკრეტული და ლაკონურია: ჩვენ გვინდა ყველას ვუთხრათ: უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. ჩვენ დავნერგავთ პრინციპს: ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება  - ხელისუფლებას მართავს საზოგადოება - საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.“

კონგრესი ეს არის დიდი მოძრაობა გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა  ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.

კონგრესი რომელიც დღეს აგრძელებს მუშაობას ბათუმში, შემდგომ საქართველოს ყველა რეგიონში უცხოეთში, სადაც ისტორიულად ბედის უკუღმართობის გამო თუ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპაქტურად ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, ქართველები და დამთავრდება ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესით ოქტომბერს თბილისობის დღეებში, არა მარტო შეფასებას მისცემს ყველაფერ იმას, რაც დღეს ხდება საქართველოში, არამედ გამოკვეთს ქვეყნის განვითარების სხვა გზას, გზას რომელიც იქნება ქართული და წინააღმდეგობაში არ იქნება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან“. 


Комментариев нет:

Отправить комментарий