07.10.2015

მეცნიერება - პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი

ქართული ერთობის დარბაზის
პოზიცია

 მეცნიერება - პოლიტიკური ოპტიმიზმის საფუძველი


ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ფუნდამენტურ და გამოყენებითი მეცნიერების გაძლიერებაზე. სამწუხაროდ, რაც იყო განადგურდა და არ ჩანს მოძრაობა  მისი აღდგენის მიზნით.

რატომ ვსვამთ საკითხს ასე პრინციპულად ?

ქვეყნისათვის ისეთი საშური საქმე, როგორიცაა მაღალტექნოლოგიური, ენერგოეკონომიური და მცირედ მასალატევადი წარმოების განვითარება, წარმოუდგენელია მეცნიერების გარეშე.  

კონკურენტუნარიანი სამამულო პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ გახლავთ ქვეყნის გადარჩენის ის ერთადერთი  რეალური გზა, რომელიც სწორედ წარმოებით და არა რაღაც გაუგებარი და საეჭვო  ბიზნესსფეროების განვითარებით გააცოცხლებს ქვეყნის ეკონომიკას.  ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მდგომარეობა, როდესაც   მთლიანი შიდა პროდუქტი  (მშპ) იზრდება რეექსპორტის (ავტომობილები და სხვა)   ხარჯზე.  განსაკუთრებით საგანგაშოა ეკონომიკის ზრდა ისეთი პროდუქტის ექსპორტის ხარჯზე, როგორიცაა ჯართი,  სილიკომანგანუმი,  მარგანეცი, ხე-ტყე, ოქრო. ეს გახლავთ მე-18, მე - 19 საუკუნეებიდან დაწყებული  კოლონიური ქვეყნებისადმი   მძარცველობითი  დამოკიდებულების  ცივილიზებული ფორმით გაგრძელება.

მსოფლიო და ქართული გამოცდილება ადასტურებს, რომ მეცნიერებაში ჩადებული ინვესტიცია სულ რამდენიმე წელიწადში როგორც მინიმუმ , ათმაგდება. ჩვენთვის მითუმეტეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან  ოდითგან საქართველოს სახელი მსოფლიოში დაკავშირებულია მაღალ ინტელექტთან.   საბედნიეროდ , ჯერ კიდევ ქვეყნის ყველაზე დიდი კაპიტალი ინტელექტია.

სწორედ  მეცნიერებაზე დამყარებული ძლიერი ეკონომიკა  გახდება  მყარი საფუძველი ყველა სხვა სფეროს, უპირველესად, ისევ მეცნიერებისა და განათლების შემდგომი განვითარებისათვის. ის უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის როგორც სოციალურ დაცვას, ისე კულტურულ და ფიზიკურ განვითარებას.

 მეცნიერების, განათლებისა და წარმოების ურთიერთგანვითარებით  მიღწეული ქვეყნის სიძლიერე გახდება სახელმწიფოს  კვლავ გაერთიანების მყარი საფუძველი. დრომ გვიჩვენა, რომ უცხოელთა კეთილი ნების იმედით ყოფნამ  სიკეთე ვერ მოგვიტანა. რაიმე ძალადობრივი მეთოდებით ჩვენი სამართლიანი მიზნების მიღწევა კი დღევანდელ რეალობაში - საერთოდ გამორიცხულია.

სწორედ ამიტომ, დაუღალავად ვიმეორებთ თეზას მეცნიერების, როგორც ყოველივე სიკეთის  ბალავრის შესახებ. მასში ჩვენ ვხედავთ ყოველი ქართველის უზენაესი მიზნის მიღწევის  საფუძველთა საფუძველს.

ლოგიკური ჯაჭვი:განათლება -  მეცნიერება  - მაღალტექნოლოგიური წარმოება  - ეკონომიკური ძლიერება  - სოციალური დაცულობა... თავისთავად მიგვიყვანს დროებით არაკონტროლირებად  ტერიტორიებზე  მცხოვრები ჩვენი ძმების სწორ გადაწყვეტილებამდე და  სამშობლოს განვითარების  შემდგომ  ეტაპთან - სახელმწიფოს გაერთიანებასთან.  

მეცნიერებაზე ორიენტიტებულ  სახელმწიფოს შეუძლია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა აქციოს პოლიტიკად... ეს თავის დროზე შეძლო დავით აღმაშენებელმა... დღეს  ეს ძალუძთ მეცნიერებს... ეს იქნება საქართველოს პოლიტიკური ოპტიმიზმის დასაწყისი.

ასეთია „ქართული ერთობის დარბაზის“ პოზიცია, რომლის რეალიზებასაც სჭირდება ერისა და ბერის ერთიანობა . სწორედ  ამიტომ  ამ ნააზრევით  მივდივართ  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის მომავალ სესიებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე  უცხოეთში.



Комментариев нет:

Отправить комментарий