23.10.2015

ეკონომიკა და ინოვაციები



ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული - რისკი დასასრულს ნიშნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვინემ მომავლის ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა, მოვახდინეთ სრულიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.  
„ქართული ერთობის დარბაზი“ გახდება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტიტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახალი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქა­რთველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელისუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნესმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეიქმნება კონკურენტული გარემო. 

პროფესორმა შოთა ვაშაკიძემ, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, კარგად იცის ამერიკის ეკონომიკის წარმატების საფუძვლები... ყველამ კარგად ვიცით, რომ თანამედროვე დასავლურ, უპირველესად, ევროპულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს  კარგად იცნობს ბატონი სოსო ორჯონიკიძე. ის გახლავთ დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს-ცენტრის, „მოსკვა-სიტის“ შექმნის ორგანიზატორი.  

ასეთი წარმატებული ადამიანები უამრავია ევროპაშიც, ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო ეშინიათ ხელისუფალთ, ვიდრე ფიქრობენ მათი გამოცდილების გაზიარებაზე.
ეროვნული ეკონომიკისათვის ბრძოლის დიდი გზა განვლო ბატონმა გოგი თოფაძემ. გვინდა გავაგრძელოთ თანამედროვე დემოკრატიული ბიზნესის მცოდნეთა ძიება და გვინდა, რომ ისინი დაეთანხმონ ტელევიზია „ქართულთან“ თანამშრომლობას. 

პირდაპირ და მოკლედ ვამბობთ, დღემდე საქართველოში ეკონომიკას, ეკონომიკურ პროცესებს წარმართავენ,  ეკონომიკაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ თეორეტიკოსები - ისინი, ვისაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ და საქმის კაცებს ჭკუას ასწავლიან. 

ტრიბუნა სწორედ წარმატებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამ გზით ვივლით. ჩვენ გვინდა შევიმუშავოთ ბიზნესისა და ბიზნესმენთა, ინვესტორთა დაცვის სახალხო მექანიზმები. ამის კარგი გამოცდილება აქვს ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მეწარმე დროის უმოკლეს პერიოდში ხვდება ქვეყნის უმაღლესი რანგის პიროვნებებს და თუ მათგან დადებით პასუხს ვერ იღებს, უფლება აქვს, საჯარო გამოსვლა გააკეთოს პარლამენტში. ეს ყველაფერი კანონითაა განმტკიცებული. 

კანონითაა განმტკიცებული ჩეხეთში, რომ ეკონომიკურ საკითხებზე კანონების მიღება შეიძლება მხოლოდ სამთა თანხმო­ბით: მთავრობის, მეწარმეთა ლიგის, დასა­ქმებულთა ინტერესების დამცველი ლიგის (პროფკავშირების). 
ჰაერივით სჭირდება საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ის პრინციპები, საკუთრებისა და მეწარმეთა დაცვის ის მექანიზმები, რომელთა გამოც გამორჩეული და ძლიერია ამერიკის შეერთებული შტატები,იაპონია, გერმანია და დასავლეთის არაერთი ქვეყანა

ჩვენ სწორედ ასეთ წარმატებულ პრი­ნციპებს მოვიძიებთ მთელ მსოფლიოში, ტელევიზია „ქართული“ მათ გააცნობს ხალხს. ხელისუფალნიც და პოლიტიკოსებიც თანდათან იძულებული გახდებიან სამუშაო ადგილების შემქმნელები დაიცვან, წაახალისონ, მხარი დაუჭირონ და დაამთავრონ მათთან მენტორული ტონით საუბარი, დაამთავრონ მათზე უფროსობა. 

განათლებას, ბიზნესს ჩვენ ამ დოკუმენტშიც განსაკუთრებული როლი დავუთმეთ, რადგან ქვეყნის მომავალი სწორედ ინტელექტთან და ინტელექტუალურ ბიზნესთანაა დაკავშირებული. ის ხელისუფლებაა საქვეყნოდ მომართული, რომელსაც მასწავლებელი და მეწარმე ჰყავს ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგება ბავშვს, ანუ მომავალს.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ პროფესორ კობა კობალაძის ინიციატივას სოფლის მეურნეობაზე დამაფიქრებელი საავტორო გადაცემის  მომზადებასთან დაკავშირებით.

საინტერესო წინადადებებს გვთავაზობს ბატონი დათო ყალიჩავა. მისი მონაწილეობით საპატრიარქოსთან შექმნილია კინოსტუდია „გუთანი“ . რამდენიმე კარგი ფილმი შექმნეს და კარგი ზრახვები აქვთ სამომავლოდ.

ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი პრობლემაა დღეს საქართველოსათვის კვების პროდუქტების ხარისხი კარგია, რომ გვყავს, პროფესორი შოთა ჩხეიძე, რომელიც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და რომელიც წლების განმავლობაში გახლდათ კვების საკითხებში ნატოს ექსპერტი.

დიდი სურვილია, სამმა საინტერესო ეკონომისტმა, პროფესორმა გია სიგუამ (ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს უკრაინაში), პროფესორმა დემურ გიორხელიძემ და პროფესორმა სოსო არჩვაძემ შეძლონ ჩვენი ტელევიზიით ეკონომიკის (და არა მარტო ეკონომიკის) პრობლემების გაშუქება.

Комментариев нет:

Отправить комментарий