21.10.2015

ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს!


მეცნიერებათა აკადემიაში გამართულმა დისკუ­სიამ, შემდგომმა შეხვედრებმა, ტელეკომპანია „ქართულის“ ეთერით დისკუსიის სრულად ჩვენებამ, გააჩინა დიდი იმედი, რაც მისასალმებელია, მაგრამ ვიყოთ გულახდილნი, გამოიკვეთა უიმედობაც.


ოპტიმისტები, საბედნიეროდ  მათი რაოდენობა იზრდება, ჩვენს პროგრამებში დიდ მომავალს ხედავენ. პესიმისტების რაოდენობაც საკმარისადაა და მიაჩნიათ, რომ ხალხი იმედგაცრუებულია, ამიტომ დღევანდელი საქართველოს გაერთიანება ქართული იდეით, თითქმის შეუძლებელია, რომ „ქართული სული ჩაკვდა“, რომ იმძლავრა ყოველგვარი უცხოურისადმი მიმბაძველობამ... შეუძლებელია მშიერი და დაუძლურებული ქვეყანა და ხალხი გაუმკლავდეს ანტიქართულ მიზნებს იმ ფულისას, რომელიც უცხოეთიდან შემოდის არასამთავრობოებისათვის, საინფორმაციო საშუალებებისათვის (უპირველესად, ტელევიზიებისათვის), პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსებისათვის... გაუმკლავდეს იმ ფულის ძალას, რომელიც საქართველოში დიდი დოზითაა  გაუნათლებელ და ანტიქართული სულის არაერთ მეწარმეში, რომელთაც ამავდროულად პოლიტიკური განწყობები ამოძრავებთ და გამოხატავენ მონურ მორჩილებას ყოველგვარი უცხოურისადმი... რომ ქვეყანაში დაიკარგა ავტორიტეტის ძალა და მიდის დამანგრეველი ქმედებები, ქართული სულიერების, ქართული ცნობიერების, მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ეს და  უამრავი სხვა ანტიქართული განწყობა სხვადასხვა დოზით მართლაც არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ პირდაპირ, ხმამაღლა და ყველას გასაგონად ვიმეორებთ, თუ ყველაფერი ეს სწორია, მით უფრო საჭიროა დიდი შეკავშირება, ხალხის, ზნეობრივი  ავტორიტეტების, პროფესიონალების და პოლიტიკოსების... მით უფრო საჭიროა ერისა და ბერის ერთობა... მით უფრო საჭიროა პოლიტიკური ოპტიმიზმის პრინციპების დამკვიდრება... მით უფრო საჭიროა გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკავშირება მომძლავრებული ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.

გვაქვს კი იმედის საფუძველი? სწორედ რომ გვაქვს. და ღვთის წყალობით გვაქვს იმაზე მეტად, ვიდრე დღეს ეს მშიერ, დაუძლურებულ, უიმედობით სავსე ქვეყანაში წარმოგვიდგენია.

იმედია იმაში, რომ ხალხი განიცდის დღევანდელ მდგომარეობას და ფიქრობს მის შეცვლაზე.

იმედია იმაში, რომ ქვეყანას ჰყავს სახელწმიფო კაცები, ზნეობრივი ავტორიტეტები,

იმედია იმაში, რომ ახალგაზრდობაში მძლავრობს ქართული სული, ტრადიციისადმი პატივისცემა, მძლავრობს იმის განწყობა, რომ გლობალიზაციის დიდ ეპოქაში გლობალიზაციის წინააღმდეგ უაზრო ბრძოლაში კი არ უნდა დავკარგოთ დრო, არამედ, მოქმედებაში, რათა შევინარჩუნოთ ქართული თვითმყოფადობა.

იმედია იმაში, რომ ახალგაზრდობაში მომძლა­ვრებული ეს განწყობა, არის წარსულის პატივისცემა, ეს არის ის,  რაც გვაერთიანებს ერსა და ბერს, გვაერთიანებს თაობებს, გვაერთიანებს ყველას, მიუხედავად ჩვენი სოციალური  მდგომარეობისა, ეროვნებისა, ასაკისა, რელიგიური კუთვნილებისა.

იმედსა და პოლიტიკურ ოპტიმიზმს სჭირდება სწორედ პლანეტარული აზროვნებისა და ქართული სულისკვეთების საინფორმაციო საშუალებები, უპირველესად კი, ტელევიზიები. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველოში მოქმედი ყველა ტელევიზია თუ საინფორმაციო სააგენტო, ყოველი გაზეთი ასეთი ყოფილიყოს, ჩვენ ვაღიარებთ, რომ არც ერთ ხელისუფლებას,  არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ეროვნული საყრდენებისათვის, ქართული ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამოუკიდებელ საქართველოში გააკეთეს ყველაზე ძლიერმა საინფორმაციო საშუალებებმა - ტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრახვების განხორციელებას, მათ რომ არ ჰქონოდათ საინფო­რმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა.

ეს რეალობაა, მაგრამ ჩვენ ყოველგვარი დაპირისპირების და ლანძღვა-გინების წინააღმდეგი ვართ და ვირჩევთ თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გზას. ამასვე ვთავაზობთ ყველას, ხელისუფლებასაც, პოლიტიკურ პარტიებსაც, არასამთავრობო ორგა­ნიზაციებსაც... ყველას, მიუხედავად იმისა, როგორია მათი ჩვენდამი დამოკიდებულება.

ჩვენ სწორედ ამ განწყობით ვქმნით ტელევიზიას „ქართული“.

გვეუბნებიან, ტელევიზია ძვირი ფუფუნებააო. ვეთანხმებით, რომ ფული საჭიროა, მაგრამ გაცი­ლებით ნაკლები, ვიდრე დღეს ხარჯავენ საქართვე­ლოში მოქმედი ტელევიზიები.

ჩვენს ერთსულოვნებას, გავხდეთ აქციონე­რები, მოვიზიდოთ რეკლამები, ვუსპონსოროთ სატელე­ვიზიო გადაცემებს, სასწაულის მოხდენა შეუძლია. ქვეყანა სიკეთესა და კეთილ ადამიანებზე დგას. ამ დიდ ეროვნულ საქმეს არაერთი გამოუჩნდება, ვინც გვერდით დაუდგება. ჩვენ იმედით შევყურებთ კეთილ ადამიანთა დიდსულოვნებას,  შეძლებულთა სიუხვეს. უამრავი მაგალითი გვაქვს, როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ.

ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზიას „ქართული“.

ღმერთმა იმედი ნუ მოგვიშალოს!

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები


Комментариев нет:

Отправить комментарий