ბატონი გოგი ჯაოშვილი თავის დროზე ტელევიზია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. სწორედ იმ დროს, როცა ეს ტელევიზია ქართულ განწყობას ეყრდნობოდა და აძლიერებდა. აქ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა დოზით, მეტნაკლებად ვიყავით დაკავშირებული საინფორმაციო სივრცესთან, ტელევიზიებთან. რაც მთავარია, ვიცით, როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს. ჩვენ ისინი კარგ პროექტებს გვთავაზობენ მომავლისათვის. გადაწყვეტილი გვაქვს უმოკლეს პერიოდში განვიხილოთ სატელევიზიო და კინოს საქმის კარგი მცოდნის, ქალბატონ ნონა ღამბაშიძის წინადადებები.
კომპიუტერული პროგრამირების საერთაშორისო კონკურსებში უდიდესი წარმატებები აქვს ქართველ სტუდენტთა გუნდს, რომელსაც ბატონი თემურ ზარქუა ხელმძღვანელობს. ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველო ნახავს იმედის და მომავლის ბიჭებს და პრემიერ-მინისტრსაც აღარ დასჭირდება კადრების სანთლით ძებნა.
ბევრ კარგ რამეს გვთავაზობს დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე პიროვნება, ბატონი გენრი კავლელიშვილი. მის მიერ მზადდება გადაცემათა ციკლი პორტრეტი. საუბარი იქნება გამოჩენილ ადამიანებზე შინაურულ ატმოსფეროში, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად თავიანთ ოჯახებში უმასპინძლებენ ტელევიზიას. მაყურებელი კი მიიღებს როგორც ვერბალურ, ისე ფოტოპორტრეტს იმ დღის მასპინძლისა.
კარგია, რომ ამ სატელევიზიო საქმეში უაღრესად საინტერესოდ ჩაერთო და კარგი წინადადებები აქვს ჩვენს მეგობარს, ბატონ როლანდ კილაძეს.
დღეს კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და კმაყოფილება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღემდე მოიყვანა ეს ტელევიზია, ვინც პრაქტიკულად მონაწილეობდა ამ საქმეში. ზაალ ნემსაძე და ჩვენი თინა თაყაძე გამორჩეულად უნდა აღვნიშნოთ. თინა მართლაც სული და გულია ამ ტელევიზიის. ასევე უნდა ითქვას ირაკლი გოგოლაძის და რამაზ ბაბილაშვილის შესახებ (ეს უკანასკნელი, დღეს ტელევიზია„საფერავს“ უდგას სათავეში). განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ იმ მხარდაჭერის თაობაზე, რომელიც გვქონდა, გვაქვს და გვექნება გიორგი ასათიანისაგან, რომელიც სატელევიზიო საქმის ბრწყინვალე მცოდნეა და დღეს ძალიან კარგ გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს ტელეკომპანია „დროს“
ჩვენ ძალიან გვინდა, რომ სატელევიზიო საქმის დიდი გამოცდილების მქონე ზურაბ ხასიამ ითანამშრომლოს სააქციო საზოგადოება „ქართულში“ და კარგი იქნება, თუ იგი მიიღებს წინადადებას და შეუერთდება თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტს. ბატონი ზურაბი წლების განმავლობაში მუშაობდა სატელევიზიო ფილმების სტუდიის ხელმძღვანელად, და რაც მთავარია, მან შეძლო ამ დოკუმენტური მასალის შენარჩუნება სამოქალაქო ომისა და მის შემდგომ მძიმე პერიოდში, რაც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილებაა.
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ რამდენიმე გადაცემაზე. ერთის სახელწოდება პირობითია, მაგრამ ასე წარმოგვიდგენია: „ილუზიების გარეშე“ და მეორე: გვინდა შევძლოთ გავიხსენოთ რა კრიტიკული მომენტები ჰქონდა ქართულ სინამდვილეს და როგორ გამოვდიოდით მდგომარეობიდან.
ჩვენ გვსურს, პროგრამის „საფიხვნო“ განხორციელება ნებისმიერ ქალაქში, ან სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრების ადგილებიდან - ბაზარი, წისქვილი, წყარო, სადალაქო, სკვერი, ბირჟა და ა.შ.
არის სურვილი, შეიქმნას დიდი სატელევიზიო ენციკლოპედია ყველა ქალაქისა და რაიონის ისტორიისა და თანამედროვეობის ჩვენებით. ეს იქნება მაღალპროფესიულ დონეზე შექმნილი მართალი მონათხრობი კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ისტორიაზე, დღევანდელ პრობლემებზე, შესაძლებლობათა არსებულ აუმოქმედებელ რეზერვებზე, მატერიალურ და ინტელექტუალურ პოტენციალზე.
იმედია, პროექტს გამოეხმაურება უკლებლივ ყველა რაიონის მოსახლეობა, ხელმძღვანელობა, ადგილობრივი მცხოვრები თუ იქაური წარმოშობის არაერთი სახელოვანი პიროვნება და თავის წვლილს შეიტანს მშობლიური კუთხის წარმოჩინებაში.
თქვენ გახსოვთ, რომ გელათში ჩვენი კონგრესის გახსნას ესწრებოდნენ მეცნიერები უკრაინიდან. ბატონები ლეონიდ ჩაპავოი და ალექსეი ჩუევი. მათსაინტერესო თემები შემოგვთავაზეს თანამშრობლობისთვის. ბატონი ჩაპავოი, რომელიც დღეს უკრაინის მედიასახლის დირექტორია, გახლავთ ავტორი წიგნისა „ბედნიერების ფორმულა“ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, რათა ტელევიზია „ქართულში“ იყოს ასეთივე სახელწოდების მისი საავტორო გადაცემა.
ჩვენ ვსაუბრობთ ტელეხიდებზე რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტთან ევროპასა და ამერიკაში. თუ ჩვენ წარმატებულად შევძლებთ საქმიანობას, გვეყოლება ბევრი აქციონერი და მხარდამჭერი, ერთ-ერთი ასეთი პირველი მოლაპარაკება შეიძლება ცნობილ ტელეჟურნალისტ შუსტერთან შედგეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий