I. საყრდენი სვეტები
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელებს და აღმასრულებელ საბჭოს მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონსულტაციებს პროფესიონალ და მოაზროვნე ადამიანებთან. ვიცით, რომ თქვენ არაერთ სასარგებლო და საინტერესო რჩევას მოგვცემთ, ვიცით, რომ თქვენ ბევრ ვინმეს თვითონვე დაეთათბირებით ამ საკითხზე ჩვენ და ასეთი სისტემით, უმოკლეს პერიოდში შევძლებთ, ჩამოვაყალიბოთ მომავლის საქართველოსათვის საჭირო ქართული განწყობის ტელევიზია .
კონსულტაციები, რომლებიც მიმდინარეობს ყველაზე ფართო წრეებთან, დაგვირგვინდება 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საერთო კონცეფციის გასაჯაროებით ტელევიზიის ღია ეთერში.
უკვე დღეს, თემატიკა, იმდენად ფართო და მრავალფეროვანია, რომ ეტაპობრივად სრულყოფილად ამოქმედდება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ფინანსური უზრუნველყოფის განმტკიცების კვალობაზევტელევიზიას, რომელსაც არ ჰყავს და არც არასდროს ეყოლება უცხოელი პატრონეები, თუ ადგილობრივი მფარველები, მთელი ძალით აამუშავებს აქციონერების კეთილი ნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ არაერთ გადაცემათა ციკლს, თუ პროექტს გაუჩნდება ქართველი ან საქართველოს მეგობარი შემწე და თანამდგომი.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში ტარდება. ეს ზუსტად ის დარბაზია. სადაც ათწლეულებია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომები ტარდება. ამ დარბაზში დიდი ქართული სული ტრიალებს. მადლობა მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და რომ დისკუსიას ტელევიზია „ქართულის“ მომავალთან დაკავშირებით, ვიწყებთ სწორედ ამ ისტორიულ დარბაზში მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით.
ყველას გახსოვთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ბატონ გიორგი კვესიტაძის პასუხი ბატონი რეზო ჩხეიძის წერილზე თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ბატონმა გიორგიმ არათუ დიდი მხარდაჭერა გამოხატა, არამედ ისიც აღნიშნა. რომ მეცნიერებათა აკადემია მზად არის კვირაში ერთი გადაცემა, სწორედ მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან გავიდეს.
ეს დიდი ამბავია. ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც „ქართული ერთობის დარბაზი“ გამოკვეთილად ამბობდა და ამბობს : „ჩვენ ორი დიდი საყრდენი გვაქვს: რწმენა და ინტელექტი“.
რწმენა ჩვენს დედაეკლესიასთანაა დაკავშირებული და იცით, როგორ მხარს გვიჭერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და ჩვენი სულიერი მამა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ინტელექტი კი დაკავშორებულია სწორედ მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენს შემოქმედებით კავშირებთან, მეცნიერებასთან, კულტურასთან, ხელოვნებასთან და სპორტთან.
ჩვენ იმ მეფის შთამომავალნი ვართ, რომელმაც ჯერ კიდევ ცხრა საუკუნის წინ შექმნა მეცნიერებათა აკადემია, ობსერვატორია, დაიწყო ციური სხეულების შესწავლა და მათზე დაკვირვება... მემკვიდრენი ვართ იმ მეფის, რომელმაც დიდი ფილოსოფიური სკოლა შექმნა და დიდ ქართულ განმანათლებლობას ჩაუყარა საფუძველი.
ჩვენ ვამბობთ, რომ მომავლის საქართველოს ოთხი დიდი საყრდენი აქვს: იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა; ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა; ჩვენი მეფეების, ჩვენი წინაპრების, ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია; დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია.
დარწმუნებული ვართ, ბევრი გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ ოთხივეს აერთიანებს ქართული აზროვნების ბუმბერაზი - ვაჟა ფშაველა. ტელევიზია „ქართული“ უნდა გახდეს ვაჟა ფშაველას არწივივით შორსმჭვრეტელი, ვაჟას ანკარა წყაროსავით სუფთა, ვაჟას შვლის ნუკრივით მართალი, ვაჟას ირემივით ამაყი... ხატოვნად ვთქვით, მაგრამ გულწრფელად გვჯერა, რომ შორსმჭვრეტელობა, სიანკარე, სიმართლე, გულწრფელობა ჰაერივით სჭირდება დღევანდელობის ანალიზსაც და მომავლის საქართველოსაც.
დაგირიგდათ გაზეთ „ქართულის“ სასიგნალო ნომრის პირველი ორი გვერდი. გამოქვეყნებულია „მოქმედების მანიფესტი“ - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი , გაერთიანებული სახელმწიფო“, რომელიც ჩვენ სამების დიდ ტაძარში მივიღეთ ერთი წლის წინ. 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის დღეს სწორედ ამ დიდი ეროვნული განწყობის მანიფესტით დავიწყეთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში.
ჩვენ უკვე შევძელით ჩაგვეტარებინა კონგრესის სამი სესია თბილისის - 9 მარტს, ბათუმის - 27 მარტს, გორის - 24 ივნისს. წლის ბოლომდე სესიები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და მომდევნო წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე მსოფლიოს 20 სახელმწიფოში, სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ საქართველოს შვილები (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, ჰოლანდია, ბელგია, ავსტრია, უკრაინა, ბელორუსია და სხვ). ამ ქვეყნებში უაღრესად საინტერესო ადამიანები იკრიბებიან კონგრესის ჩატარებასა და შოთა რუსთაველის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით.
კონგრესის მიზანია საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი გაერთიანება ძლიერი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამიტომ დგანან ჩვენი მოძრაობის სათავეებთან დიდი მამულიშვილები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ. შემოერთების ეს პროცესი ძლიერდება. სწორედ ამიტომ არის ამ მოძრაობის ემბლემად საქართველოს მარადიულობის სიმბოლოდ აღიარებული მერაბ ბერძენიშვილის ქმნილება „კიდევაც დაიზრდებიან“... კონგრესი არის მომავალ წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის ინიციატორი.
რამდენიმე დღის წინ, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, ისევ სამების საკათედრო ტაძრიდან გავაკეთეთ დიდი შემოძახილი ერისა და ბერის გასაგონად: „შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად“.
ორთავე დოკუმენტი მეცნიერთა დიდი მხარდაჭერით შევქმენით. ეს დოკუმენტები გვაერთიანებს ყველას საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ვდგავართ ქართულ ეროვნულ პლატფორმაზე და ამავდროულად პატივს მივაგებთ მსოფლიო საკაცობრიო იდეალებს. ეს ორი დოკუმენტი გვაერთიანებს ადამიანებს, ვინც ვდგავართ ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ერთად ვმოქმედებთ ერისა და ბერის გაერთიანებისათვის, თაობათა ერთიანობისათვის... სიყვარულით ვქმნით ქართული განწყობისა და პლანეტარული აზროვნების ტელეკომპანიას - „ქართული“, რომლის აქციონერობა თითოეული ჩვენგანისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველების, საქართველოს შვილების და საქართველოს მეგობრებისათვის ამ დიდ ქართულ პროცესში მონაწილეობის დასტური იქნება.
Комментариев нет:
Отправить комментарий