თქვენ იცით, რომ:
ჩვენ დიდი სიმძიმე დავიდეთ ბეჭებზე, ვართ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო კონგრესის მოწვევის ინიციატორი;
ვართ ინიციატორი გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა (პრემიერ-მინისტრს იმასაც კი ვთავაზობთ, რომ შოთას სახელი გაჟღერდეს გაეროს მსოფლიო ტრიბუნიდან მის გამოსვლაში). ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ზეიმი;
ჩვენ გვინდა, რომ მეცნიერებთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს პოტენციალის ანალიზი. ერთი მხრივ, შევქმნათ დიდი პრაქტიკული დანიშნულების შრომა „საქართველოს პოტენციალი“. მეორე მხრივ, გავაკეთოთ დღევანდელობის რეალური მეცნიერული ანალიზი და მეცნიერებთან ერთად ვიფიქროთ პროგრამაზე ამ მდგომარეობაში ქვეყანამ როგორ აამოქმედოს მისი პოტენციალი.
ეს არის ტრიადა...
რომლითაც ჩვენ მივდივართ კონგრესის სესიებზე სათათბიროდ, რომელიც უნდა იყოს მთავარი დოკუმენტი, რომელსაც განიხილავს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი, რომელიც მომდევნო წლის შემოდგომაზე უნდა შედგეს სპორტის სასახლეში. დარბაზმაც და წარდგენილმა დოკუმენტებმაც უნდა დაადასტუროს დიდი ქართული განწყობა და მოგვცეს მომავლის საქართველოს ნათელი კონტურები.
ყველაფერი ეს წარმოუდგენელია ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე, მოაზროვნე ადამიანთა დიდი ერთობის გარეშე. სწორედ ამიტომ ვთქვით რამდენიმე დღის წინ ღვთისმშობლობის დღეს სამების საკათედრო ტაძარში:
„ჩვენი პოზიცია უცვლელია და ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს მივმართავთ ქართული მედიის წარმომადგენლებს: დაპირისპირებითა და ზიზღით სავსე პოლიტიკურ სივრცე სათნოებითა და სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს... ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ. ამიტომ გვჭირდება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესიც, შოთა რუსთაველიც და მისი „ვეფხისტყაოსანიც“, ამიტომ გვჭირდება ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერაც.
მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი, მისი სესიები საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ!“
ეს ერთი წელი ადასტურებს, რომ ყველაფერი ზემოთქმული რეალურზე რეალურია. როცა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, მეცნიერებათა აკადემიის და მთელი სამეცნიერო პოტენციალის, შემოქმედებითი კავშირების ასეთი ერთობაა, როცა საოცრად დიდ წინადადებებს გვთავაზობენ ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები, დედაუნივერსიტეტით დაწყებული, თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებით დამთავრებული, როცა მხარდაჭერის ასეთ მაგალითს გვაძლევს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ და მისი ხელმძღვანელობა, როცა ასეთი მხარდაჭერა აქვს „მოქმედების მანიფესტში“ ჩამოყალიბებულ პოზიციას - ყველაფერია შესაძლებელი. მით უფრო, თუ ამ ერთობაში ხელისუფლებაც შემოვა.
აქციონერების, რეკლამის შემკვეთების თანადგომითა და მონაწილეობით, ტელევიზია ეტაპობრივად მიიღებს სრულიად ახალ შინაარსს, ფორმატს, ვიზუალს და 15 იანვრიდან საზოგადოებას მოევლინება თვისობრივად ყველასგან განსხვავებული მასობრივი ინფორმაციის საშუალება.
ამ იმედითა და განწყობით წარმოგიდგინეთ მოსაზრებები ასე ვრცლად.
მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ბატონებმა გიგა ბათიაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, თემურ გუგუშვილმა, ომარ მხეიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, რომან რურუამ, რამაზ ყურაშვილმა, მერაბ თავაძემ, ავთანდილ ჩხაიძემ, გოგი ჯაოშვილმა, მიხეილ ჩიკვილაძემ, თეიმურაზ შაშიაშვილმა, ირაკლი მაჭავარიანმა, ოლეგ ნიკოლეიშვილმა, ემილ მიქაიამ, ალექსი კობაიძემ, როლანდ კილაძემ, კონსტანტინე ვერულაშვილმა, გია მჭედლიშვილმა მე დამავალეს ჩვენი ამ საერთო პოზიციის წარმოდგენა.
Комментариев нет:
Отправить комментарий