21.10.2015

მართალი ტელევიზია (საგაზეთო ვარიანტი)

მართალი ტელევიზია

მხოლოდ ასეთი ტელევიზია შეიძლება გახდეს საქართველოსთვის მომავლის ტელევიზია
დისკუსია მეცნიერებათა აკადემიაში ,ტელევიზია „ქართულის“ მომავალზე

„ქართული ერთობის დარბაზისა“ და აღმასრულებელი საბჭოს მოსაზრებები შეკრებილთ წარუდგინა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ ლომინაძემ


I. საყრდენი სვეტები

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელებს და აღმასრულებელ საბჭოს მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს კონსულტაციებს პროფესიონალ და მოაზროვნე ადამიანებთან. ვიცით, რომ  თქვენ არაერთ სასარგებლო და საინტერესო რჩევას მოგვცემთ, ვიცით, რომ თქვენ ბევრ ვინმეს თვითონვე დაეთათბირებით ამ საკითხზე ჩვენ და ასეთი სისტემით, უმოკლეს პერიოდში შევძლებთ, ჩამოვაყალიბოთ მომავლის საქა­რთველოსათვის  საჭირო  ქართული განწყობის ტელევიზია .

კონსულტაციები, რომლებიც მიმდინარეობს ყველაზე ფართო წრეებთან, დაგვირგვინდება 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, საერთო კონცეფციის გასაჯაროებით   ტელევიზიის ღია ეთერში.

უკვე დღეს, თემატიკა, იმდენად ფართო და მრავალფეროვანია, რომ ეტაპობრივად სრულყოფილად ამოქმედდება, მატერიალურ-ტექნიკური  ბაზისა და ფინანსური უზრუნვე­ლყოფის განმტკიცების კვალობაზევტელევიზიას, რომელსაც არ ჰყავს და არც არასდროს ეყოლება უცხოელი პატრონეები, თუ ადგილობრივი მფარველები,  მთელი ძალით აამუშავებს აქციონერების კეთილი ნება. დიდი იმედი  გვაქვს, რომ არაერთ გადაცემათა ციკლს, თუ პროექტს გაუჩნდება ქართველი ან საქართველოს მეგობარი შემწე და თანამდგომი. 

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რომ ეს შეხვედრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაში ტარდება.  ეს ზუსტად ის დარბაზია. სადაც ათწლეულებია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომები ტარდება. ამ დარბაზში დიდი ქართული სული ტრიალებს.  მადლობა მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, რომ ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და რომ დისკუსიას ტელევიზია „ქართულის“ მომავალთან დაკა­ვშირებით, ვიწყებთ სწორედ ამ ისტორიულ დარბაზში მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვა­ნელობის მხარდაჭერით.

ყველას გახსოვთ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, ბატონ გიორგი კვესიტაძის პასუხი ბატონი რეზო ჩხეიძის წერილზე თანამშრომლობასთან  დაკავშირებით. ბატონმა გიორგიმ არათუ დიდი მხარდაჭერა გამოხატა, არამედ ისიც აღნიშნა. რომ მეცნიერებათა აკადემია მზად არის კვირაში ერთი გადაცემა, სწორედ მეცნიერებათა აკადემიის შენობიდან გავიდეს.

ეს დიდი ამბავია.  ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც „ქართული ერთობის დარბაზი“ გამოკვეთილად ამბობდა და ამბობს : „ჩვენ ორი დიდი საყრდენი გვაქვს: რწმენა და ინტელექტი“.

რწმენა ჩვენს დედაეკლესიასთანაა  და­კავშირებული და იცით, როგორ მხარს გვიჭერს ქართული მართლმადიდე­ბელი ეკლესია და ჩვენი სულიერი მამა, საქა­რთველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმი­დესი და უნეტარესი ილია II. ინტელექტი კი დაკავშორებულია სწორედ მეცნიერებათა აკადემიასთან, ჩვენს შემოქმედებით კა­ვშირებთან, მეცნიერებასთან, კულტუ­რა­სთან, ხელოვნებასთან და სპორტთან.

ჩვენ იმ მეფის შთამომავალნი ვართ, რომელმაც  ჯერ კიდევ ცხრა საუკუნის წინ შექმნა მეცნიერებათა აკადემია, ობსე­რვატორია, დაიწყო ციური სხეულების შე­სწავლა და მათზე დაკვირვება... მე­მკვიდრენი ვართ იმ მეფის, რომელმაც დიდი ფილოსოფიური სკოლა შექმნა და დიდ ქართულ განმანათლებლობას ჩაუყარა საფუძველი.

ჩვენ ვამბობთ, რომ  მომავლის საქა­რთველოს ოთხი დიდი საყრდენი აქვს: იოანე პეტრიწის ფილოსოფიური მემკვიდრეობა; ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრე­ობა; ჩვენი მეფეების, ჩვენი წინაპრების, ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია;  დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია.

დარწმუნებული ვართ, ბევრი გაიზიარებს ჩვენს  პოზიციას, რომ ოთხივეს აერთიანებს ქართული აზროვნების ბუმბერაზი - ვაჟა ფშა­ველა. ტელევიზია „ქართული“ უნდა გახდეს ვაჟა ფშაველას არწივივით შორსმჭვრეტელი, ვაჟას ანკარა წყაროსავით სუფთა, ვაჟას შვლის ნუკრივით  მართალი, ვაჟას ირემივით ამაყი... ხატოვნად ვთქვით, მაგრამ გულწრფელად გვჯერა, რომ შო­რსმჭვრეტელობა, სიანკარე, სიმართლე, გუ­ლწრფელობა ჰაერივით სჭი­რდება დღე­ვანდელობის ანალიზსაც და მო­მავლის საქა­რთველოსაც.

დაგირიგდათ გაზეთ „ქართულის“ სასიგნალო ნომრის პირველი ორი გვერდი.  გამოქვეყნებულია  „მოქმედების მანიფესტი“  - „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი , გაერთიანებული სახელმწიფო“,  რომელიც ჩვენ  სამების დიდ ტაძარში მივიღეთ ერთი წლის წინ. 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის დღეს სწორედ ამ დიდი ეროვნული განწყობის მანიფესტით დავიწყეთ  ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი გელათში, გელათის  მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში

ჩვენ უკვე შევძელით ჩაგვეტარებინა კონგრესის სამი სესია  თბილისის - 9 მარტს, ბათუმის - 27 მარტს, გორის - 24 ივნისს. წლის ბოლომდე სესიები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და მომდევნო წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე  მსოფლიოს 20 სახელმწიფოში, სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ საქართველოს შვილები  (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, ჰოლანდია, ბელგია, ავსტრია, უკრაინა, ბელორუსია და სხვ). ამ ქვეყნებში უაღრესად საინტერესო ადამიანები იკრიბებიან კონგრესის ჩატარებასა და შოთა რუსთაველის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებით.

კონგრესის მიზანია საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი გაერთიანება ძლიერი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამიტომ დგანან ჩვენი მოძრაობის სათავეებთან დიდი მამულიშვილები ქვეყა­ნაში და ქვეყნის გარეთ. შემოერთების ეს პროცესი ძლიერდება. სწორედ ამიტომ არის ამ მოძრაობის ემბლემად საქართველოს მარადიულობის სიმბოლოდ აღიარებული მერაბ ბერძენიშვილის ქმნილება „კიდევაც დაიზრდებიან“... კონგრესი არის მომავალ წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის  მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის ინიციატორი.

რამდენიმე დღის წინ, ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, ისევ სამების საკათედრო ტაძრიდან გავაკეთეთ დიდი შემოძახილი ერისა და ბერის გასაგონად: „შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად“.

ორთავე დოკუმენტი  მეცნიერთა დიდი მხარდაჭერით შევქმენით. ეს დოკუმენტები გვაერთიანებს ყველას საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ვდგავართ ქართულ ეროვნულ პლატფორმაზე და ამავდროულად პატივს მივაგებთ მსოფლიო საკაცობრიო იდეალებს. ეს ორი დოკუმენტი გვაერთიანებს ადამიანებს, ვინც ვდგავართ ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ერთად ვმოქმედებთ ერისა და ბერის გაერთიანებისათვის, თაობათა ერთიანობისათვის... სიყვარულით ვქმნით ქართული განწყობისა და პლანეტარული აზროვნების ტელეკომპანიას - „ქართული“, რომლის აქციონერობა თითოეული ჩვენგანისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველების, საქართველოს შვილების და საქართველოს  მეგობრებისათვის ამ დიდ ქართულ პროცესში მონაწილეობის დასტური იქნება.




II. ტელევიზიის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში

ტელევიზია, პრინციპულზე პრინციპული საკითხია. ჩვენ ერთნი ვართ იმ დასკვნაში, რომ არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას ისეთი დამანგრეველი დარტყმა არ მიუყენებია ქართული ერო­ვნული საყრდენებისათვის, ქართუ­ლი ცნობიერებისათვის, როგორც ეს დამო­უკიდებელ საქართველოში გააკე­თეს საინფორმაციო საშუალებებმა, უპირვე­ლესად ტელევიზიებმა, ელექტრონულმა მედიამ. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეძლებდა ბინძური ანტიქართული ზრა­ხვების განხორციელებას, რომ მას არ  ჰქონოდა საინფორმაციო, უპირველესად, სატელევიზიო მხარდაჭერა.

დღეს, ამ ისტორიულ და ყველა მოაზროვნისათვის სათაყვანებელ მეცნიერებათა აკადემიის შენობაში, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რაც „მოქმედების მანიფესტში“ ჩავწერეთ:
„განა ის, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ის რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები - ქართული აზროვნების გასაჭირი არ არის?“
ეს ჩვენ ერთი წლის წინ ვთქვით, „მანიფესტში“ ჩავწერეთ, მაგრამ სიტუაციის შეცვლა არ აღმოჩნდა ადვილი. დრო ადასტურებს, ძალიან იოლია ანტიქართული განწყობის, დაპირისპირებაზე, ლანძღვა-გინებაზე ორიენტირებული საინფორმაციო საშუალების, ტელევიზიის შექმნა, მაგრამ ძალზე ძნელი, ურთულესია ეროვნული განწყობის და პლანეტარული აზროვნების ტელევიზიის შექმნა, რომლის სანახაობითი მხარეც ადამიანებისთვის მიმზიდველი იქნება.
უდიდესი საქმე გააკეთა ბატონმა რეზო ჩხეიძემ, რომ დააფუძნა ტელევიზია „ქართული“ და სწორედ ერთი წლის წინ, 23 ნოემბერს გიორგობას, საჩუქრად გადასცა საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს, საქართველოს შვილებს, საქართველოს მეგობრებს. ეს უდიდესი ეროვნული ნაბიჯი იყო. ეროვნულმა მამულიშვილებმა:ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა თემურ გუგუშვილმა, ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, რამაზ ყურა­შვილმა, გიგა ბათიაშვილმაეს ტელევიზია სააქციო საზოგადოებად აქციეს, რათა მართლაც შეიქმნას საქართველოში სახა­ლხო ტელევიზია, ტელევიზია,  რომლის უკან არც ხელისუფლება იქნება, არც პოლიტიკური პარტია, არც პოლიტიკოსი, არც მილიარდერი, არც უცხო ძალა. ეს იყო ნიშანი დიდი პროცესის დაწყების.
დიდი იმედითა და დიდი ტკივილით იკითხება ბატონი რეზო  ჩხეიძის მიმართვა „ჩვენ ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“ .

აი, რას წერს ბატონი რეზო:

„ყოველნაირი სიკეთის და სიმდიდრის დაგროვება შემეძლო, მეც დავაგროვე... ჩემი სიმდიდრე - განვლილი გზაა, ხალხის სიყვარული, რომელმაც ამ ასაკამდე მომიყვანა., ჩემი სიმდიდრე - ჩემი ფილმებია, მათ შორისაა უკვე 50 წლის „ჯარისკაცის მამა“. ერთადერთი მატერიალური სიმდიდრე, რაც ღირსეულ მამულიშვილთა შემწეობით დღეს გამაჩნია - ტელევიზიაა, თითოეული ჩვენგანისთვის სათაყვანო სახელით - „ქართული“ და მას გადავცემ  მშობელ ერს - ჩემს საქართველოს.“

ბატონმა რეზომ ასე განსაზღვრა ტელევიზიის მომავალი :

„ეს იქნება ძლიერის მხარდამჭერი, მაგრამ იმავდროულად, სუსტის და გაჭირვებულის დამცველი ტელევიზია.
ეს იქნება თაობათა შორის დღეს ჩატეხილი ხიდების გამთლიანების, მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართული დიასპორის ერთობის ტელევიზია.
ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი სურვილია, ეს იყოს სტუდენტური და ახალგაზრდული ტელევიზია.“
გენიალურია. უკეთესად ვერ იტყვი, ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საქართველოს ასეთი ტელევიზია.

III. ქველმოქმედთა დიდი ერთობა
ჩვენ ვუერთდებით „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა განწყობას და კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვიმეორებთ მეცნიერების ამ დიდ ტაძარში:
„ჩვენ ვიქნებით ამაყნი და ბედნიერნი, თუ საერთო თანადგომით, ქველმოქმედთა და მეცენატთა, 21-ე საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა მხარდაჭერით, ხალხის მხარდაჭერით, მოაზროვნე ადამიანების მხარდაჭერით - საქართველოს მივცემთ მართალ, თბილ, სიყვარულით სავსე ტელევიზიას.“
ეს არის მიზანი და ჩვენი ამოცანაა, რომ ღონიერად, მძლავრი ნაბიჯებით  დავიწყოთ მოქმედება.
ეჭვი არ გვეპარება, რომ აქციონერთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენ ბევრზე ბევრი ვიქნებით და საოცარ მაგალითს მივცემთ მთელ მსოფლიოს ჩვენი ერთსულოვნებით  ასეთი ტელევიზიის შექმნისათვის. ჩვენ ჩარჩებისა და მეჯღანუაშვილების იმედი არ უნდა გვქონდეს. ღვთის წყალობით, ქვეყანას ბევრი არა, მაგრამ საკმარისად ჰყავს მოაზროვნე და ზნეობრივი შეძლებულნი.
თქვენ იცით, რომ ტელევიზიას სათავეში ნამდვილი პროფესიონალი ჩავუყენეთ, ბატონი ოთარ შამათავა. ღირსეულზე ღირსეული კაცი, დიდი პოტენციალის მქონე. მაგრამ იგი გარკვეულ პირობებს გვიყენებს და მარტივად გვეუბნება:
„ტელევიზიები, რომლებიც წამლავენ ხალხს თვეში 2-3 მილიონ დოლარს ხარჯავენ, ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს მოგვეცით თვეში 50 ათასი, არ გვეუფროსოთ, გვაცადეთ ისეთი ტელევიზიის შექმნა, როგორიც მიზნად დავისახეთ და ჩვენ ექვს თვეში სასწაულს მოვახდენთ“.

ბრწყინვალეა!

ბატონი ოთარი სახელის კაცია, ითხოვს ექვს თვეს და ამ ექვსი თვის თანხის ანგარიშზე მობილიზებას. თუ კაცები გვქვია, თუ საქართველოში გვინდა იყოს ეროვნული განწყობა, ეს უნდა შევძლოთ მიმდინარე წლის ბოლომდე, რომ ბატონმა ოთარმა და მისმა გუნდმა ახალი წლიდან მთელი პოტენციალი აამოქმედოს.
ეს უნდა მოხდეს „ქართულის“ სამეთვალყურეო საბჭოს და „ქართული ერთობის დარბაზის“ აღმასრულებელი საბჭოს დიდი ძალისხმევითა და თანადგომით. ერთიც და მეორეც ღირსეული ადამიანებითაა დაკომპლექტებული. ჩვენი ამის ორგანიზება შეგვიძლია.

IV. მაღალინტელექტუალური სატელევიზიო ეთერი

ძალიან სასიამოვნოა, რომ ცნობილი მოღვაწეები უამრავ კონკრეტულ წინადადებებს გვთავაზობენ.

1. ჩვენი ეპოქა

გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ ბატონი მერაბ  ბერძენიშვილის პოზიციით, მხარდა­ჭერითა და კონკრეტული  მოქმედებით. ორჯერ შეკრიბა ძლიერი სპეციალისტები, რომ შეიქმნას ტელევიზიის ჰიმნი. მისი უკვდავი ქმნილება „კიდევაც დაი­ზრდებიან“ ხომ ჩვენი დარბაზის ემბლე­მად იქცა. ბედნიერება იქნება საქა­რთველოსთვის, საქართველოს მეგო­ბრებისთვის გადაცემების ხილვა მერაბ ბერძენიშვილის სახლ-მუზეუმიდან.

ბატონი  რეზო ესაძე ფიქრობს საავტორო გადაცემაზე „ვინც მომენატრა“ . ბატონი რეზო დიდი პიროვნებაა და არავისთვის საეჭვო არ არის, რომ მას სწორედ ის ხალხი მოენატრა, ვინც ყველას მოგვენატრა, ვისი ქართული სიტყვაც სჭირდება დღეს საქართველოს.

თქვენ იცნობთ ბატონ არნოლდ გეგე­ჭკორს, ცნობილ აკადემიკოსს, ჩემი და შემდგომი რამდენიმე თაობა მის გადაცემებზე გაიზარდა. ბატონი არნოლდი ფიქრობს გადაცემაზე „საქართველო დაჭრილი მზეა“ - დიდი მწერლის გრიგოლ რობაქიძის მიხედვით. მან დაასრულა მუშაობა ასეთ წიგნზე, რომლის შექმნასაც 30 წელზე მეტი მოანდომა. ამ წიგნის პრეზენტაციის მონაწილე ტელეკომპანია „ქართულის“  მეშვეობით მომავალ წელს მთელი საქართველო გახდება.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, ბატონი სოსო ბაჩიაშვილი, რომელმაც გამოსცა უაღრესად საინტერესო წიგნი „დრო და ეპოქა“, დასთანხმდა ჩვენს წინადადებას და ამზადებს საავტორო გადაცემას.

გვეთანხმება ბატონი თემურ შაშიაშვილიც, რომ მისი მეშვეობით ჩვენს ტელევიზიაში გამოკვეთილად იყოს საუბარი მომავლის პროექტებზე. ჩვენი თხოვნა იმ შეფასებიდან გამოდის, რომელიც რამდენიმე წლის წინ გააკეთა მეცნიერებათა აკადემიამ პოლიტიკურ ძალთა მიერ  მომზადებული პროგრამების ანალიზით.

ბატონმა რამაზ ყურაშვილმა (მას წარდგენა არ სჭირდება, ყველანი ვი­ცნობთ), თავისი მხარდაჭერით და გადა­ცემებით ჩვენც დაგვარწმუნა, როგორ სჭირდება ხალხს უშუალო, მართალი და პროფესიული საუბარი.

მეც, რამაზ ლომინაძე,  ვფიქრობ გადაცემაზე მეცნიერთა დიდი მონა­წილეობით. მისი სახელწოდება დღეს ასე ჟღერს „ეპოქის ანალიზი“. ამ თე­მას ჩვენ ყველანი ვჭირდებით, უამრავ ადამიანს უნდა მივცეთ საშუალება, გამოთქვას მოსაზრება. ანალიზის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება წინსვლა. ამის აუცილებლობა მით უფრო გახდა, როცა ტელევიზიამ უკვე შეძლო ამ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის მიხედვით საინტერესო მასალის შექმნა. ბატონმა ჯუმბერმა გამოთქვა თავისი მოსაზრება, ახლა ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს თუნდაც ამ ფილმების მიმართ და ჩვენ შევძლოთ ლანძღვის, გინებისა და დაპირისპირების გარეშე მომავალზე ფიქრი.


2. მეცნიერება და განათლება

ჩვენ ერთსულოვანნი ვართ იმ საკითხში, რომ განათლების პრობლემატიკა „ქა­რთულის“ უმთავრესი განხილვის საგა­ნი გახდეს. ვთქვათ პირდაპირ, ქა­რთულ  საგანმანათლებლო სისტემას ბე­ვრი მტერი აღმოუჩნდა ქვეყანაშიც და ქვეყნის გარეთაც. ფაქტია, რომ არც ერთი ხელისუფლებისთვის განათლება ვერ გახდა ნომერი პირველი პრიორიტეტი. ქვეყნის „გარე პატრონებს“ სურთ ჩვენი გადაქცევა მომსახურე ერად.
ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს. „ქართული ერთობის დარბაზი“ თვითონ აპირებს ჩაუდგეს სათავეში ამ დისკუსიას.
ჩვენ ვთხოვეთ საგანმანათლებლო საქმის წარმატებულ  ორგანიზატორებს,  ამერიკის ფიზიკური აკადემიის წევრს, პროფესორ მერაბ ჯიბლაძეს და განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ქალბატონ ინეზა იამანიძეს იყვნენ ჩვენი მრჩეველები ამ საკითხებში.
ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საქმის მცოდნეთა, პროფესიონალთა დიდი გუნდი შე­იკვრება და შევძლებთ საერთო-სახალხო დი­სკუსიის გამართვას და რეალური პროგრამების შემუშავებას. მივაგნებთ იმ პოლიტიკურ გუ­ნდებს, რომელთაც სწორედ განათლება მიაჩნიათ ქვეყნის უპირველეს საქმედ და შესაბამისი პროგრამებიც აქვთ.

მეცნიერების პრობლემებზე ფიქრობს გადაცემების მომზადებას პროფესორი ილია თავხელიძე. იგი ცნობილი მეცნიერია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ორი  სახელოვანი პრეზიდენტის, ბატონ ილია ვეკუასა და ბატონ ალეკო თავხელიძის ოჯახების შთამომავალი.
ქვეყნის მომავალზე - ბავშვებზე გადაცემების ციკლში წარმოდგენილი იქნება აღზრდის, განათლების, ჯანდაცვის პრობლემები და მათი გადაწყვეტის კომპლექსური გზები. სასიამოვნოა, რომ ამ ციკლს წარუძღვება ჩვენი დროის დიდი ქართველი დედა - ქალბატონი ია მეტრეველი.


3. ეკონომიკა და ინოვაციები

ძლიერი საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული - რისკი დასასრულს ნიშნავს. მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო, ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და  ყოველგვარი  ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვინემ მომავლის ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა, მოვახდინეთ სრულიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების  ლიბერალიზაცია.  
„ქართული ერთობის დარბაზი“ გახდება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკონომიკის ლიბერალიზაციის ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტიტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ ახალი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქა­რთველოს მეგობრები, მივიღოთ მათგან გაკვეთილები და ხელისუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნესმენების დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში შეიქმნება კონკურენტული გარემო.

პროფესორმა შოთა ვაშაკიძემ, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, კარგად იცის ამერიკის ეკონომიკის წარმატების საფუძვლები... ყველამ კარგად ვიცით, რომ თანამედროვე დასავლურ, უპირველესად, ევროპულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს  კარგად იცნობს ბატონი სოსო ორჯონიკიძე. ის გახლავთ დღეს უკვე მსოფლიოში აღიარებული ბიზნეს-ცენტრის, „მოსკვა-სიტის“ შექმნის ორგანიზატორი. 

ასეთი წარმატებული ადამიანები უამრავია ევროპაშიც, ამერიკაშიც, ჩინეთშიც, ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო ეშინიათ ხელისუფალთ, ვიდრე ფიქრობენ მათი გამოცდილების გაზიარებაზე.
ეროვნული ეკონომიკისათვის ბრძოლის დიდი გზა განვლო ბატონმა გოგი თოფაძემ. გვინდა გავაგრძელოთ თანამედროვე დემოკრატიული ბიზნესის მცოდნეთა ძიება და გვინდა, რომ ისინი დაეთანხმონ ტელევიზია „ქართულთან“ თანამშრომლობას.

პირდაპირ და მოკლედ ვამბობთ, დღემდე საქართველოში ეკონომიკას, ეკონომიკურ პროცესებს წარმართავენ,  ეკონომიკაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ თეორეტიკოსები - ისინი, ვისაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ და საქმის კაცებს ჭკუას ასწავლიან.

ტრიბუნა სწორედ წარმატებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამ გზით ვივლით. ჩვენ გვინდა შევიმუშავოთ ბიზნესისა და ბიზნესმენთა, ინვესტორთა დაცვის სახალხო მექანიზმები. ამის კარგი გამოცდილება აქვს ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, მეწარმე დროის უმოკლეს პერიოდში ხვდება ქვეყნის უმაღლესი რანგის პიროვნებებს და თუ მათგან დადებით პასუხს ვერ იღებს, უფლება აქვს, საჯარო გამოსვლა გააკეთოს პარლამენტში. ეს ყველაფერი კანონითაა განმტკიცებული.

კანონითაა განმტკიცებული ჩეხეთში, რომ ეკონომიკურ საკითხებზე კანონების მიღება შეიძლება მხოლოდ სამთა თანხმო­ბით: მთავრობის, მეწარმეთა ლიგის, დასა­ქმებულთა ინტერესების დამცველი ლიგის (პროფკავშირების). 
ჰაერივით სჭირდება საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ის პრინციპები, საკუთრებისა და მეწარმეთა დაცვის ის მექანიზმები, რომელთა გამოც გამორჩეული და ძლიერია ამერიკის შეერთებული შტატები,იაპონია, გერმანია და დასავლეთის არაერთი ქვეყანა.

ჩვენ სწორედ ასეთ წარმატებულ პრი­ნციპებს მოვიძიებთ მთელ მსოფლიოში, ტელევიზია „ქართული“ მათ გააცნობს ხალხს. ხელისუფალნიც და პოლიტიკოსებიც თანდათან იძულებული გახდებიან სამუშაო ადგილების შემქმნელები დაიცვან, წაახალისონ, მხარი დაუჭირონ და დაამთავრონ მათთან მენტორული ტონით საუბარი, დაამთავრონ მათზე უფროსობა.

განათლებას, ბიზნესს ჩვენ ამ დოკუმენტშიც განსაკუთრებული როლი დავუთმეთ, რადგან ქვეყნის მომავალი სწორედ ინტელექტთან და ინტელექტუალურ ბიზნესთანაა დაკავშირებული. ის ხელისუფლებაა საქვეყნოდ მომართული, რომელსაც მასწავლებელი და მეწარმე ჰყავს ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგება ბავშვს, ანუ მომავალს.

ჩვენ ძალიან ვაფასებთ პროფესორ კობა კობალაძის ინიციატივას სოფლის მეურნეობაზე დამაფიქრებელი საავტორო გადაცემის  მომზადებასთან დაკავშირებით.

საინტერესო წინადადებებს გვთავაზობს ბატონი დათო ყალიჩავა. მისი მონაწილეობით საპატრიარქოსთან შექმნილია კინოსტუდია „გუთანი“ . რამდენიმე კარგი ფილმი შექმნეს და კარგი ზრახვები აქვთ სამომავლოდ.

ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი პრობლემაა დღეს საქართველოსათვის კვების პროდუქტების ხარისხი კარგია, რომ გვყავს, პროფესორი შოთა ჩხეიძე, რომელიც დღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს და რომელიც წლების განმავლობაში გახლდათ კვების საკითხებში ნატოს ექსპერტი.

დიდი სურვილია, სამმა საინტერესო ეკონომისტმა, პროფესორმა გია სიგუამ (ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს უკრაინაში), პროფესორმა დემურ გიორხელიძემ და პროფესორმა სოსო არჩვაძემ შეძლონ ჩვენი ტელევიზიით ეკონომიკის (და არა მარტო ეკონომიკის) პრობლემების გაშუქება.


4. ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა

პროფესორი ამირან აფციაური მომავლის ენერგეტიკის პრობლემებზე მუშაობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ იგი აქტიურად ითანამშრომლებს ჩვენს ტელევიზიასთან, მით უფრო, რომ ინსტიტუტი, რომლის დირექტორიც ის გახლავთ, ტელეკომპანია „ქართულის“ 50 აქციით კოლექტიური აქციონერი გახდა

პროფესორმა პაატა გიორგაძემ  ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად, მართლაც სასწაული მოახდინა, შეადგინა პროგრამა „წყალი“, რომლის თაობაზე გადაცემა,  ხალხს ძალიან დიდ იმედს მისცემს.

5. დიპლომატია

ჩვენი დიდი სურვილია, მოხდეს საგა­რეო პოლიტიკის საკითხების მაღალკვა­ლიფიციური და აკადემიური განხილვა. ქვეყანას ჰყავს ასეთი დიპლომატები. დიდი სურვილია, კონსულტაციები მივიღოთ უკვე ცნობილი დიპლომატებისაგან. ბატონ პეტრე ჩხეიძისა (წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს გაეროში, იყო საქართველოს ელჩი აშშ-ს და რუსეთში, არის მეცნიერებათა დოქტორი) და თეიმურაზ მამაცაშვილისაგან (წლების განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში, ხელმძღვანელობდა საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტროს). საინტერესოდ გვეჩვენება მეცნიერების დოქტორის, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ზურაბ ხონელიძის  მოსაზრებები, რომელთა განხილვა შეიძლება მოეწყოს მისსავე საავტორო გადაცემაში.

საინტერესო საავტორო გადაცემას გვპი­რდება ქალბატონი თამთა ბერიაშვილი, მას აქვს დიპლომატიური გამოცდილება, არის ჟურნალისტი და დარწმუნებული ვართ, გადაცემა „პრობლემა“ ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო იქნება.

6. იურისპრუდენცია

ქვეყანას ჰყავს გამორჩეული, რომელთაც დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი მქო­ნე იურისტები, სამწუხაროდ, მათ ვერც პარლამენტში ვხედავთ და ვერც ტელე­ვიზიებში. ჩვენ სერიოზულად ვთა­ნამშრომლობთ ცნობილ იურისტთან, ადა­მიანის უფლებათა დაცვის  ევრო­პული სასამართლოს წარმატებულ მო­სამა­რთლესთან, ბატონ მინდია უგრე­ხელიძესთან და გვსურს, მისი პატრონაჟით ვიფიქროთ როგორც საჯა­რო სატელევიზიო ლექციებზე, ასევე დისკუსიებზე საზოგადოებისათვის საინტე­რესო სამართლებრივ საკითხებზე და რაც მთავარია, იმ დიდი წამოწყების ახლებურ გაგრძელებაზე, რასაც ჰქვია „ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას“, რაც დიდი მხარდაჭერით იქნა აღიარებული ევროპის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ბატონი ვალდჰაბერის მიერ. ამ საქმის სათავეებთან, სწორედ ბატონი მინდია უგრეხელიძე იყო.

ბატონმა ალექსი კობაიძემ სამართლებრივი ხასიათის კარგი გადაცემა შემოგვთავაზა.

პრაქტიკულად მზად არის პროგრამა „მხილების ვერნისაჟი“ რომლის მიხედვით მომზადებული „მხილების მუზეუმი“ მთლიანად არაერთი ბანერითა და სტენდით  2011 წლის 26 მაისის ცნობილი მოვლენების დროს გაიტაცა მაშინდელმა ხელისუფლებამ.

7. ლიტერატურა და ხელოვნება

აკადემიკოსმა ომარ გოგიაშვილმა საჩუქრად გადმოგვცა რამდენიმე ნაწილი თავისი ჩანაწერებისა „ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობა“. მას გადაწყვეტილი აქვს სპეციალურად ჩვენი ტელევიზიისათვის მოამზადოს ამ პროექტის სრული ვერსია.

კარგია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორასთან თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბატონი დემურ ბაშელიშვილი ფიქრობს ქართულ  ენასთან დაკავშირებულ საავტო­რო გადაცემაზე.

უაღრესად საინტერესო კვლევები აქვს ქართულ ენასთან დაკავშირებით პროფე­სორ ალეკო ცინცაძეს. ჩვენ ძალიან გვინდა მისი თანამშრომლობა ტელევიზიასთან.

გვეამაყება, რომ ტელევიზია „ქართუ­ლთან“ ითანამშრომლებს პროფესორი ზაალ გიგინეიშვილი, ძალიან ახალგა­ზრდა, მაგრამ უკვე უამრავი საინტერესო კვლევის ავტორი, მათ შორის „ვეფხი­სტყაოსანზე“

ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ანსამბლ „რუსთავის“ წამყვანი სოლი­სტის, „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრის, ბატონ დავით გველესიანის თანამშრომლობას ტელევიზია „ქართუ­ლთან“

მწერალი კობა არაბული და კინო­რეჟისორი ბუბა ხოტივარი ჩვენი ტე­ლევიზიის დიდი მეგობრები არიან და უაღრესად კარგ პროექტებს გვთავაზობენ.

ძალიან კარგია, რომ „ივერიელი“ ორი ჯუჯა(ნუგზარ კვაშალი და ვახტანგ ტატიშვილი) ტელევიზია „ქართულთან“ დაკავშირებულ თავიანთი კლიპით  უკვე შემოვიდნენ ამ დიდ ქართულ არეალში.

ცნობილი კინოხელოვანის, პროფესორ ვახტანგ კუნცევის და მისი გუნდის წინადადებით კვირაში ორი დღე ახალგაზრდულ პროგრამებს დაეთმობა

დღემდე ბევრი საინტერესო გადაცემის ავტორია ქალბატონი ირინა თურქია, ჩვენ ინტერესით ვუყურებთ მის გადაცემებს „ხელოვნების დრო“ დარწმუნებული ვართ მომავალშიც ვითანამშრომლებთ
განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ ერთი პროექტის თაობაზე: „ქართული თეატრის ოქროს ფონდი“მას  რეზო ჩხეიძის შვილი, ცნობილი რეჟისორი და მსახიობი ბიძინა ჩხეიძე გვთავაზობს. მისი სურვილია, ისტორიას შემოვუნახოთ საქართველოს თეატრებში განხორციელებული საუკეთესო დადგმები.

დიდ იმედს ვამყარებთ ბატონ ზურაბ წერეთელზე, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ერთ-ერთი დამფუ­ძნებელია და ჯერ კიდევ ბატონ რეზო ჩხეიძესთან საუბრისას გამოთქვა სრული და ყოველმხრივი მხარდაჭერის მზადყოფნა
ტელევიზიას გვერდში უდგანან სახვითი ხელოვნების ისეთი დიდოსტატები, როგორებიც ბრძანდებიან ბატონები: გივი თოიძე, თემურ გოცაძე, მურაზ მურვანიძე, ილო პატაშური, ემზარ ცირდავა

8. ქართული ინტერესი

კარგია, რომ ბატონ ირაკლი მაჭავარიანს გადაწყვეტილი აქვს გაუძღვეს საავტორო გადაცემას, „ქართული ინტერესი“, ყველაფერი, რაც ზემოთ ითქვა და რასაც ქვემოთ ვიტყვით, სწორედ ქართულ ინტერესთანაა დაკავშირებული და ეჭვი არ გვეპარება, რომ ბატონი ირაკლი და საავტორო თუ სხვა გადაცემათა ავტორები შევძლებთ გამოვკვეთოთ, რას ნიშნავს დღევანდელ მსოფლიოში ქართული ინტერესი და როგორ დავიცვათ იგი. რომ ქართული ინტერესი არ ებრძვის გლობალიზაციას, პირიქით, მას აღიარებს, როგორც ობიექტურ მოვლენას, მაგრამ მოქმედებს, რათა გლობალიზაციის უმძიმეს ეპოქაში არ დავკარგოთ თვითმყოფადობა.

სწორედ ამ პრინციპებთან არის დაკა­ვშირებული გადაცემები, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ.

ბატონი შალვა მაღრაძის რამდენიმე გადაცემამ, „საით მიდის საქართველო“ დიდი ინტერესი გამოიწვია.

9. ქართველები უცხოეთში და საქართველოს უცხოელი მეგობრები

თანამედროვე საქართველოს ცხოვრებაში განუზომლად დიდია უცხოეთში მცხო­ვრებ ქართველთა როლი. ქვეყანა პრა­ქტიკულად არსებობს შრომითი მი­გრანტებისა და ზოგადად, ქართული დი­ასპორის თანადგომის წყალობით. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ჩატარდება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, შეიქმნება ტელევიზიის სარედაქციო ჯგუფები, თუ საკორესპოდენციო პუნქტები. ამ ეტაპზე ასეთების შექმნაა დაგეგმილი იმ ქვეყნებში, სადაც ქართველთა განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, საბე­რძნეთი, ესპანეთი, გერმანია და ა.შ)

ყველა აღნიშნულ ქვეყანაში შექმნილ სატელევიზიო კორპუნქტებთან თანამშრო­მლობით, ტელევიზია აამოქმედებს პრო­ექტებს ორი მიმართულებით: ქართველები ამ ქვეყანაში და საქართველოს მეგობრები აღნიშნულ ქვეყანაში. მაგალითისათვის: ქართველები გერმანიაში და „საქა­რთველოს მეგობრები გერმანიაში“. ჩაფი­ქრებულია ასეთი მუშაობა არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებში, არამედ ზოგიერთ  ქალაქშიც. სადღეისოდ ყველაზე  ძლიერი ბაზა ამისათვის არსებობს ქალაქ მოსკოვში, სოჭში, პეტერბურგში, ვორონეჟში და ბევრ სხვა ქალაქში.

მივესალმებით ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილის ჩვენთან ყოფნას. თქვენ იცით, როგორი ინიციატივიანი კაცია, მჭექარე ხმაც აქვს და მართლაც, დიდი საქმე გაკეთდება, როცა გაუძღვება გადაცემას პირობითი სახელწოდებით „ტოლერანტობა“. დიდად სასიამოვნოა, რომ ამ საქმიანობაში თავის სიტყვას იტყვის მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი, ქართულ-ებრაული ურთიერთობის მუზეუმის დირექტორი, კაცი, რომელსაც არაერთი ქვეყნის ხელმძღვანელი, თხოვს კონსულტაციასა და რჩევა-დარიგებას, ბატონი გივი ღამბაშიძე.

უცხოეთში მცხოვრები ბევრი ცნობილი ხელოვანი და საინტერესო პიროვნება გამოთქვამს თანადგომას. ისინი კონგრესის ჩატარების საინიციატივო ჯგუფებს ჩაუდგნენ სათავეში. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ქართული წარმომავლობის ცნობილ პიროვნებებს თურქეთში, უპი­რველესად ისმეთ აჯარს,მევლუდ ართვინლს, მეთინ ულუდაღს (ხმალაძე) და ოთარ იმედაშვილს

ჩვენი დიდი სურვილია ქალბატონმა მარინა კაჟაშვილმა ცხინვალიდან და ბატონმა მურად ანჯაფარიძემ სოხუმიდან შეძლონ ხიზანთა პრობლემების წარმოჩენა. სასუ­რველი იქნება, რომ ეს გადაცემა ხიზანთა დიდ სათათბიროდ იქცეს და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ჰქონდეს მასში მონაწილეობის საშუალება.

ქართული დიასპორის საკითხებზე გაგვი­ჭირდება უკეთესი პიროვნების მოძებნა, ვინემ ბატონი სანდრო ნონეშვილია. ეჭვი არ მეპარება, იგი მოძებნის დროსაც და ბევრ საინტერესო პიროვნებასაც ქვეყნის გარეთ წასული პრაქტიკულად ნახევარი საქართველოს  პრობლემების გასაშუქებლად.

10. ფსიქოლოგია და სოციოლოგია

ფსიქოლოგი ლევან ოდიშარია სერიოზულ საავტორო გადაცემაზე ფიქრობს, რომელიც მის პროფესიასთან იქნება დაკავშირებული.

ახალგაზრდობის ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს სიტყვა „კაცის“ ილიასეული გაგება, ისევე, როგორც სიტყვა „ბიჭი“ - საუკეთესო გაგებით. ამიტომ ისინი ამზადებენ პრო­ექტებს „ბიჭების საუბარი“,
„კაცე­ბის დიალოგი“

კარგა ხანია მომზადებულია და ელოდება ეთერში გასვლას პროექტები:
შორია ივერიამდე
სოციალური ფსიქოლოგია, ნულოვანი მენტალობა
ახალი ჰუმანური ცივილიზაცია
ბედნიერების არსი
ბედნიერების ფორმულა
იმიჯი თუ რეპუტაცია
რეპუტაციული კაპიტალი

11. პერსპექტიული პროექტები

ბატონი გოგი ჯაოშვილი თავის დროზე ტელევიზია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. სწორედ იმ დროს, როცა ეს ტელევიზია ქა­რთულ განწყობას ეყრდნობოდა და აძლიერებდა. აქ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა დოზით, მეტნაკლებად ვიყავით დაკავშირებული საინფორმაციო სივრცესთან, ტელევიზიებთან. რაც მთავარია, ვიცით, როგორი ტელევიზია სჭირდება დღეს საქართველოს. ჩვენ ისინი კარგ პროექტებს გვთავაზობენ მომავლისათვის. გადაწყვეტილი გვაქვს უმოკლეს პერიოდში განვიხილოთ სატელევიზიო და კინოს საქმის კარგი მცოდნის, ქალბატონ ნონა ღამბაშიძის წინადადებები.

კომპიუტერული პროგრამირების საერთა­შორისო კონკურსებში უდიდესი წარმა­ტებები აქვს ქართველ სტუდენტთა გუნდს, რომელსაც ბატონი თემურ ზარქუა ხელმძღვანელობს. ეჭვი არ გვეპარება, რომ საქართველო ნახავს იმედის და მომავლის ბიჭებს და პრემიერ-მინისტრსაც აღარ დასჭირდება კადრების სანთლით ძებნა.

ბევრ კარგ რამეს გვთავაზობს დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე პიროვნება, ბატონი გენრი კავლელიშვილი. მის მიერ  მზადდება გადაცემათა ციკლი პორტრეტი. საუბარი იქნება გამოჩენილ ადამიანებზე შინაურულ ატმოსფეროში, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად თავიანთ ოჯახებში უმასპინძლებენ ტელევიზიას. მაყურებელი კი მიიღებს როგორც ვერბალურ, ისე ფოტოპორტრეტს იმ დღის მასპინძლისა. 

კარგია, რომ ამ სატელევიზიო საქმეში უაღრესად საინტერესოდ ჩაერთო და კარგი წინადადებები აქვს ჩვენს მეგობარს, ბატონ როლანდ კილაძეს.

დღეს კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება და კმაყოფილება იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღემდე მოიყვანა ეს ტელევიზია, ვინც პრაქტიკულად მონაწილეობდა ამ საქმეში. ზაალ ნემსაძე და ჩვენი თინა თაყაძე გამორჩეულად უნდა აღვნიშნოთ. თინა მართლაც სული და გულია ამ ტელევიზიის. ასევე უნდა ითქვას ირაკლი გოგოლაძის და რამაზ ბაბილაშვილის შესახებ (ეს უკანასკნელი, დღეს ტელევიზია „საფერავს“ უდგას სათავეში). განსაკუთრებულად უნდა ვთქვათ იმ მხარდაჭერის თაობაზე, რომელიც გვქონდა, გვაქვს და გვექნება  გიორგი ასათიანისაგან, რომელიც სატელევიზიო საქმის ბრწყინვალე მცოდნეა და დღეს ძალიან კარგ გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს ტელეკომპანია „დროს“

ჩვენ ძალიან გვინდა, რომ სატელევიზიო საქმის დიდი გამოცდილების მქონე ზურაბ ხასიამ ითანამშრომლოს სააქციო საზოგადოება „ქართულში“ და კარგი იქნება, თუ იგი მიიღებს წინადადებას და შეუერთდება თანათავმჯდომარეთა ინსტიტუტს. ბატონი ზურაბი წლების განმავლობაში მუშაობდა სატელევიზიო ფილმების სტუდიის ხელმძღვანელად, და რაც მთავარია, მან შეძლო ამ დოკუმენტური მასალის შენარჩუნება სამოქალაქო ომისა და მის შემდგომ მძიმე პერიოდში, რაც  დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილებაა.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვფიქრობთ რამდენიმე გადაცემაზე. ერთის სახელწოდება პირობითია, მაგრამ ასე წარმოგვიდგენია: „ილუზიების გარეშე“ და მეორე: გვინდა შევძლოთ გავიხსენოთ  რა კრიტიკული მომენტები ჰქონდა ქართულ სინამდვილეს და როგორ გამოვდიოდით მდგომარეობიდან.

ჩვენ გვსურს, პროგრამის „საფიხვნო“ განხორციელება ნებისმიერ ქალაქში, ან სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის შეკრების ადგილებიდან - ბაზარი, წისქვილი, წყარო, სადალაქო, სკვერი, ბირჟა და ა.შ. 

არის სურვილი,  შეიქმნას დიდი სატელე­ვიზიო ენციკლოპედია ყველა ქალაქისა და რაიონის ისტორიისა და თანამედროვეობის ჩვენებით. ეს იქნება მაღალპროფესიულ დონეზე შექმნილი მართალი მონათხრობი კონკრეტული ტერიტორიული ერთეულის ისტორიაზე, დღევანდელ პრობლემებზე, შესაძლებლობათა არსებულ აუმოქმე­დებელ რეზერვებზე, მატერიალურ და ინტელექტუალურ პოტენციალზე.
იმედია, პროექტს გამოეხმაურება უკლებლივ ყველა რაიონის  მოსახლეობა, ხელმძღვა­ნელობა, ადგილობრივი  მცხოვრები თუ იქაური წარმოშობის არაერთი სახელოვანი პიროვნება და თავის წვლილს შეიტანს მშობლიური კუთხის წარმოჩინებაში.

თქვენ გახსოვთ, რომ გელათში ჩვენი კონგრესის გახსნას ესწრებოდნენ მეცნი­ერები უკრაინიდან. ბატონები ლეონიდ ჩაპავოი და ალექსეი ჩუევი. მათსაი­ნტერესო თემები შემოგვთავაზეს თანა­მშრო­ბლობისთვის. ბატონი ჩაპავოი, რომე­ლიც დღეს უკრაინის მედიასახლის დირე­ქტორია, გახლავთ ავტორი წიგნისა „ბედნიერების ფორმულა“ ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, რათა ტელევიზია „ქართულში“ იყოს ასეთივე სახელწოდების მისი საავტორო გადაცემა.

ჩვენ ვსაუბრობთ ტელეხიდებზე რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტთან ევროპასა და ამერიკაში. თუ ჩვენ წარმატებულად შევძლებთ საქმიანობას, გვეყოლება ბევრი აქციონერი და მხარდამჭერი, ერთ-ერთი ასეთი პირველი მოლაპარაკება შეიძლება ცნობილ ტელეჟურნალისტ შუსტერთან  შედგეს.

V. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება და ვფიქრობთ მის განხორციელებაზე...

ვეძებთ ავტორებსაც და გადაცემების მხარდამჭერებსაც (სპონსორებს)

გადაცემათა ციკლი: „ფიქრი ამო­ძრა­ვებული მომავალია“. ქვეყნის გამო­რჩეულ ადამიანებს- მეცნიერებს, კუ­ლტურის მოღვაწეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, გამორჩეულ სპეციალისტებს და მოაზროვნე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად, ყოველგვარი ჟურნალისტური შეკითხვებისა და ჩარევების გარეშე შეძლონ ხმამაღლა გამოთქვან თავისი ფიქრები.

გადაცემები: „სიტყვა ნებისმიერ მსუ­რველს“ (ქართული ჰაიდ-პარკი), რო­ცა ნებისმიერი ადამიანი 2-3  წუთის  ფარგლებში ღია ეთერში იტყვის თავის სათქმელს. მოთხოვნა იქნება მხოლოდ ერთი - არ დაირღვეს ტელეკომპანიის მთავარი პრინციპი - სათქმელი ვთქვათ ლანძღვა-გინების და უწმაწური სიტყვების გარეშე.

საინფორმაციო გადაცემები მოეწყოს ევრო­ნიუსის სტილში.

გადაცემები „რჩევები საქართველოს პრე­მიერ-მინისტრს ვერის ბაღიდან“ . ჩვენ მოვძებნით ფორმას და საშუალებას, რომ ყოველი ამ ტიპის გადაცემის ამსახველი ვიდეოფირი ჩაბარდეს ადრესატს, ეჭვი არ გვეპარება, რომ პრემიერი  გაგებით შეხვდება ამ გადაცემას, უფრო მეტიც, გვექნება მისი  და მთავრობის სრული შემადგენლობის და მთავრობის აპარატის მხარდაჭერა.

გადაცემების ციკლი: „საქართველოში ადამიანურ ურთიერთობათა ტრა­დიციული ინსტიტუტების ფესვები და დღევანდელობა“ (ოჯახი, სამეზობლო, სანათესაო, ნათელ-მირონობა, სამეგობრო, უფროსი თაობისადმი პატივისცემა, ქალისა და ბავშვის კულტი, ქართული კუ­ლტურა, სტუმარ-მასპინძლობის კუ­ლტურა. ამ საკითხებზე ჩვენ ძალიან სერი­ოზულად ვთანამშრომლობთ საქა­რთველოს კათო­ლიკოს-პატრიარქის ლო­ცვა-კურთხე­ვით შექმნილ უნიკალურ გაე­რთი­ანებასთან - საქართველოს გვა­რიშვილთა დარბაზი და საქართველოს საპა­ტრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდული ცენტრი.

პროექტი: „ჩვენი გზა დავით აღმაშენებლის გზაა“ მისი მიზანია, აჩვენოს ჩვენი დიდი ისტორია, ქართული სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ბუნება, რომ საქართველოს მომავალი თავისუფალი ადამიანია და რომ თავისუფალ ადამიანთა ერთობას სასწაულის მოხდენა შეუძლია.  ამ საკითხებზე ჩვენ სერიოზული საქმიანი ურთიერთობები გვაქვს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ბაგრატოვანებთან და თბილისში არსებულ სამეფო სახლთან.

აქტუალური ინტერვიუ: „იქნებ თქვენ მეტი იცით“... ანუ როცა  ცნობილი იქნება ორის აზრი, ვეძებოთ მესამე, რომელმაც მეტი იცის .

პოლიტიკური დუელი

ურბანული პრობლემები ( ბატონი გიგა ბათიაშვილის პატრონაჟით)

 გადაცემა გარემოს დაცვის პრობლემებზე, „გულში დაჭრილი ბუნება“

პოლიტიკური თოქშოუ „თანასწორი საუბარი“

გადაცემათა ციკლი „ინტელექტუალური ბიზნესი“

გადაცემა „ბიზნესი ოჯახურ ინტერიერში“

გადაცემები „დღის ტყუილი“, „დღის ანეკდოტი“, „დღის ყველაზე კარგი ამბავი“, „სოფლის ბირჟა“

გადაცემათა ციკლი „ბაღის კიდის პარლამენტი“

პროექტი „მთაწმინდის ბინადარნი“ (დოკუმენტური ფილმი მთაწმინდაზე, დედაუნივერსიტეტის ეზოში, ოპერის ბაღში და კოლხურ კოშკში დაკრძალულთა შესახებ)

პროექტი „საქართველოს უცხოეთის მთაწმინდა“ (იმ ადამიანებზე, რომელთაც უდიდესი ღვაწლი დადეს საქართველოს და იმ ქვეყანას, სადაც მოღვაწეობდნენ და დღეს უცხოეთში არიან დასაფლავებულნი)
პროექტი „პოლიტიკოსთა ცხოვრების წიგნი“ (ვაჩვენოთ, როგორები არიან სინამდვილეში)

პროექტი „მხილების მუზეუმი“

პროექტი „სამართლიანობის მანიფესტი“

ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველოში შეიქმნას:
საზოგადოებრივი პარლამენტი (პრინცი­პები და დებულება მზად არის განხილვი­სთვის)
საპარლამენტშორისო ასამბლეა, წინა რვა პარლამენტის 5-5 წევრის მონა­წილეობით
მეცნიერთა სადისკუსიო კლუბი „მომავლის საქართველო“
„რეპუტაციის ინსტიტუტი“ (იქნებ და­სრულდეს იმიჯმაიკერთა დამანგრეველი მოქმედება ქვეყანაში)
„ქართულის“ შიგნით სტუდენტური და ახალგაზრდული რედაქცია
ბიზნესის სატელევიზიო აკადემია, რომლის  მიზანი იქნება ხელისუფლებისა და ხალხის დარწმუნება იმაში, რომ თავისუფალია და მომავალი აქვს იმ ქვეყანას, სადაც მეწარმეა თავისუფალი, სადაც ბიზნესია თავისუფალი და სადაც მეწარმე ზნეობით ცხოვრობს, აქვს ეროვნული ცნობიერება.
„ტოლერანტობის სატელევიზიო აკადე­მია“ (რომლის მიზანიც იქნება ქართული ტოლერანტული ბუნების ჩვენება... იმის ჩვენება, რომ დამანგრეველია ურა­პა­ტრიოტიზმიც და კოსმოპოლიტიზმიც, რომ საქართველოსთვის ქართული ცნობიერება და ტოლერანტობა ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას)
პოლიტიკოსად აღიარების სისტემა (პოლი­ტიკოსობა ისეთივე სპეციალობაა, რო­გორც ნებისმიერი სხვა, დაწყებული მათემატიკოსობით და მსახიობობით და დამთავრებული ექიმობით)

VI. მისია და პასუხისმგებლობა

თქვენ იცით, რომ:

ჩვენ დიდი სიმძიმე დავიდეთ ბეჭებზე, ვართ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო კონგრესის მოწვევის ინიციატორი;
 ვართ ინიციატორი გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნისა (პრემიერ-მინისტრს იმასაც კი ვთავაზობთ, რომ შოთას სახელი გაჟღერდეს გაეროს მსოფლიო ტრიბუნიდან მის გამოსვლაში). ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ზეიმი;
ჩვენ გვინდა, რომ მეცნიერებთან ერთად გავაკეთოთ საქართველოს პოტენციალის ანალიზი. ერთი მხრივ, შევქმნათ დიდი პრაქტიკული დანიშნულების შრომა „საქა­რთველოს პოტენციალი“. მეორე მხრივ, გავა­კეთოთ დღევანდელობის რეალური მე­ცნიერული ანალიზი და მეცნიერებთან ერთად ვიფიქროთ პროგრამაზე ამ მდგომარეობაში ქვეყანამ როგორ აამოქმედოს მისი პოტენციალი.

ეს არის ტრიადა...

რომლითაც ჩვენ მივდივართ კონგრესის სესიებზე სათათბიროდ, რომელიც უნდა იყოს მთავარი დოკუმენტი, რომელსაც განი­ხილავს ყოველთა ქართველთა, საქა­რთველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი, რომელიც მომდევნო წლის შემოდგომაზე უნდა შედგეს სპორტის სასახლეში. დარბაზმაც და წარდგენილმა დოკუმენტებმაც უნდა დაადასტუროს დიდი ქართული განწყობა და მოგვცეს მომავლის საქართველოს ნათელი კონტურები.
ყველაფერი ეს წარმოუდგენელია ხელისუ­ფლების მხარდაჭერის გარეშე, მოაზროვნე ადამიანთა დიდი ერთობის გარეშე. სწორედ ამიტომ ვთქვით რამდენიმე დღის წინ ღვთისმშობლობის  დღეს სამების საკათედრო ტაძარში:
„ჩვენი პოზიცია უცვლელია და ღვთი­სმშობლობის ბრწყინვალე დღე­სასწაულის დღეს მივმართავთ ქა­რთული მედიის წარმომადგენლებს: და­პი­რისპირებითა და ზიზღით სავსე პოლი­ტიკურ სივრცე სათნოებითა და სიყვარულით უნდა შეიცვალოს, კო­ნფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს... ჩვენ  ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ. ამიტომ გვჭირდება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესიც, შოთა რუსთაველიც და მისი „ვეფხისტყაოსანიც“, ამიტომ გვჭირდება ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერაც.
მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვე­რვალის, გენიალური შოთა რუსთა­ველის იუბილე, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი, მისი სესიები საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ!“
ეს ერთი წელი ადასტურებს, რომ ყველაფერი ზემოთქმული რეალუ­რზე რეალურია. როცა ქართული მართლმა­დი­დებელი ეკლესიის, მეცნიერებათა აკა­დემიის და მთელი სამეცნიერო პოტე­ნციალის, შემოქმედებითი კავშირების ასეთი ერთობაა, როცა საოცრად დიდ წინადადებებს გვთავაზობენ ქვეყნის უმაღლესი სასწა­ვლებლები, დედაუნივერსიტეტით დაწყე­ბული, თითქმის ყველა სასწავლო დაწე­სებულებით დამთავრებული, როცა მხარდაჭერის ასეთ მაგალითს გვაძლევს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ და მისი ხელმძღვანელობა, როცა ასეთი მხარდაჭერა აქვს „მოქმედების მანიფესტში“ ჩამოყალიბებულ პოზიციას - ყველაფერია   შესაძლებელი. მით უფრო, თუ ამ ერთობაში ხელისუფლებაც შემოვა.
აქციონერების, რეკლამის შემკვეთების თანადგომითა და მონაწილეობით, ტელევიზია ეტაპობრივად მიიღებს სრულიად ახალ შინაარსს, ფორმატს, ვიზუალს და 15 იანვრიდან საზოგადოებას მოევლინება თვისობრივად ყველასგან განსხვავებული მასობრივი ინფორმაციის საშუალება.
ამ იმედითა და განწყობით წარმოგიდგინეთ მოსაზრებები ასე ვრცლად.
მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ბატონებმა გიგა ბათიაშვილმა, ანზორ ერქომაიშვილმა, გივი თოიძემ, ტარიელ ხარხელაურმა, თემურ გუგუშვილმა, ომარ მხეიძემ, არნოლდ გეგეჭკორმა, რომან რურუამ, რამაზ ყურაშვილმა, მერაბ თავაძემ, ავთანდილ ჩხაიძემ, გოგი ჯაოშვილმა, მიხეილ ჩიკვილაძემ, თეიმურაზ შაშიაშვილმა, ირაკლი მაჭავარიანმა, ოლეგ ნიკოლეიშვილმა, ემილ მიქაიამ, ალექსი კობაიძემ, როლანდ კილაძემ, კონსტანტინე ვერულაშვილმა, გია მჭედლიშვილმა მე დამავალეს ჩვენი ამ საერთო პოზიციის წარმოდგენა.

VII. დასკვნის სახით

პროგრამა დიდი გვაქვს. ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდგომ უამრავ კეთილ და კარგ წინადადებას და პროექტს მივიღებთ. ყველაფრის განხორციელება რეალურია და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად აქციონერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ჩვენ ვერ ვიქნებით ვერც ფულიანთა ტელევიზია, ვერც პარტიული. ჩვენ ვიქნებით ხალხის ტელევიზია და რაც  მეტი იქნება აქციონერი ხალხიდან, მით უფრო ძლიერი, ღონიერი და დიდ ქართულ შედეგზე ორიენტირებული ტელევიზია იქნება „ქა­რთული“ .
ქვეყანა სიკეთეზე და კეთილ ადამიანებზე დგას. ამ დიდ საქმეს არაერთი გამოუჩნდება, ვინც ათასობით აქციას შეიძენს (გამოტანილი აქციებიდან 4% ზე მეტის შეძენის უფლება არავის აქვს). ბევრი ასობით აქციას შეიძენს, უამრავი იქნება კეთილი გულით ერთი აქციის შემძენიც.
დალხინებული არავინ ვართ, მაგრამ დიდი ქართული საქმისთვის ღირს ჩვენი ინტელექტუალური, ფინანსური და ორგა­ნიზაციული რესურსების მობილიზება.

როგორც იტყვიან, მოქმედების დროა!


 სიყვარული აღგვამაღლებს!“

რამაზ ლომინაძე

25 სექტემბერი, 2015 წელი
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია




Комментариев нет:

Отправить комментарий