ქართული
ერთობის დარბაზის
პოზიცია
ძლიერი
საინვესტიციო გარემოს, თავისუფალი მეწარმეობისა და თავისუფალი მეწარმის გარეშე საქართველოს
მომავალი არ აქვს. შეშინებული მეწარმე ქვეყნის ნგრევას ნიშნავს. დამოუკიდებელ
საქართველოში სწორედ მეწარმეა მუდმივად შეშინებული - რისკი დასასრულს ნიშნავს.
მეტიც, პრაქტიკულად არ არის კონკურენტული გარემო. ხელისუფალთა და პოლიტიკოსთა
აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ფლობს ახალი ეკონომიკის - საბაზრო ეკონომიკის
ელემენტარულ პრინციპებსაც კი, უცხოეთიდან მეტი პოლიტიკა და ყოველგვარი
ქართულის წინააღმდეგ მიმართული განწყობები უფრო შემოგვაქვს, ვიდრე მომავლის
ეკონომიკასთან დაკავშირებული პრინციპები. ნაცვლად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, რომელიც
ჰაერივით გვჭირდებოდა მოვახდინეთ სრულიად გაუგებარი, ქართული ტრადიციებისა და უკვე
დასავლეთისთვისაც მიუღებელი მორალური და ზნეობრივი ღირებულებების ლიბერალიზაცია.
„ქართული
ერთობის დარბაზი“ ეს იქნება ბიზნესის დაცვის ინსტიტუტი, ეკონომიკის ლიბერალიზაციის
ინსტიტუტი, საკუთრების თავისუფლების დაცვის ინსტიტუტი. ჩვენი სურვილია, მოვიწვიოთ
ახალი ეკონომიკის მცოდნე წარმატებული ქართველები, საქართველოს მეგობრები, მივიღოთ
მათგან გაკვეთილები და ხელისუფლებაც ვაიძულოთ უარი თქვას ბიზნესმენების
დანიშვნაზე, ბიზნესში მეგობართა პატრონობაზე და გზა მისცეს იმ კანონებს, რომელთა
მეშვეობითაც ქვეყანაში შეიქმნება კონკურენტული გარემო.
ასეთი
წარმატებული ადამიანები უამრავნი არიან ევროპაშიც , ამერიკაშიც, ჩინეთშიც,
ბრაზილიაშიც. რატომღაც ასეთი ხალხის უფრო ეშინიათ ხელისუფალთ, ვიდრე ფიქრობენ მათი
გამოცდილების გაზიარებაზე.
პირდაპირ
და მოკლედ ვამბობთ, დღემდე საქართველოში ეკონომიკას, ეკონომიკურ პროცესებს
წარმართავენ, ეკონომიკაზე და ეკონომიკურ
რეფორმებზე საუბრობენ თეორეტიკოსები - ხალხი, რომელთაც თვითონ არაფერი შეუქმნიათ
და საქმის კაცებს ჭკუას ასწავლიან.
ტრიბუნა
სწორედ წარმატებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ამ გზით ვივლით. ჩვენ გვინდა
შევიმუშავოთ ბიზნესისა და ბიზნესმენთა, ინვესტორთა დაცვის სახალხო მექანიზმები.
ამის კარგი გამოცდილება აქვს ესტონეთს, ლატვიასა და ლიტვას, სადაც, საჭიროების
შემთხვევაში, მეწარმე დროის უმოკლეს პერიოდში ხვდება ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს,
თუ მათგან დადებით პასუხს ვერ იღებს, უფლება აქვს, საჯარო გამოსვლა გააკეთოს
პარლამენტში. ეს ყველაფერი კანონითაა განმტკიცებული.
კანონითაა
განმტკიცებული ჩეხეთში, რომ ეკონომიკურ საკითხებზე კანონების მიღება შეიძლება
მხოლოდ სამთა თანხმობით: მთავრობის, მეწარმეთა ლიგის, დასაქმებულთა ინტერესების
დამცველი ლიგის (პროფკავშირების).
ჰაერივით
სჭირდება საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ის პრინციპები, საკუთრებისა და
მეწარმეთა დაცვის ის მექანიზმები, რომელთა გამოც გამორჩეული და ძლიერია ამერიკის
შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია და დასავლეთის არაერთი ქვეყანა.
ჩვენ
სწორედ ასეთ წარმატებულ პრინციპებს მოვიძიებთ მთელს მსოფლიოში, ნელნელა ხელისუფალნიც
და პოლიტიკოსებიც იძულებულნი გახდებიან
სამუშაო ადგილების შემქმნელები დაიცვან, წაახალისონ, მხარი დაუჭირონ და დაამთავრონ
მათთან მენტორული ტონით საუბარი, დაამთავრონ მათზე უფროსობა.
განათლებას,
ბიზნესს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ, რადგან ქვეყნის მომავალი სწორედ ინტელექტთან
და ინტელექტუალურ ბიზნესთანაა დაკავშირებული. ის ხელისუფლებაა საქვეყნოდ
მომართული, რომელსაც მასწავლებელი და მეწარმე ჰყავს ხელისგულზე და ფეხქვეშ ეგება
ბავშვს, ანუ მომავალს.
დარწმუნებულნი
ვართ, ჩვენს ამ პოზიციას მხარს დაუჭერენ
და გააძლიერებენ „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის სესიები როგორც ქვეყნის
შიგნით, ასევე უცხოეთში.
Комментариев нет:
Отправить комментарий