23.06.2015

(რეპორტიორი)ქართული ერთობის დარბაზი“ პატრიარქის ინიციატივას ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ მხარდაჭერას უცხადებს


რეპორტიორი" გთავაზობთ „ქართული ერთობის დარბაზი" განცხადებას:

„გუშინ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის" ტრადიციული შეკრება, რომელიც ტარდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. შეხვედრის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულების ხსოვნას.

საქართველოს პატრიარქი გამოვიდა ინიციატივით - შედგეს ყოველთა ქართველთა მეორე მსოფლიო კონგრესი. უკვე ვნახეთ, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა.


გვეამაყება, რომ ამ საკითხებზე  კონსულტაციები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გასული წლის მეორე ნახევრიდან გვაქვს. გადაწყვეტილება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის თაობაზე მიიღო „ქართული ერთობის დარბაზის" კონგრესის პირველივე სესიამ, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, გელათში, ეს გადაწყვეტილება მხარდაჭერილი იყო  9 მარტს კონგრესის თბილისის და შემდგომ, 27 მარტს  კონგრესის ბათუმის სესიებზე.

ჩვენ ვართ ამაყნი, რომ საქართველოს მწერლებთან და ქართული კულტურის ცნობილ მოღვაწეებთან ერთად 4 აპრილს,  სწორედ აქ, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში წარვადგინეთ ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართვა, რომელშიც გაჟღერებული იყო მისი დიდი სურვილი ამა წლის ოქტომბერში ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარებისა და რუსთაველის 850 წლის იუბილეს მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის შესახებ. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ პატრიარქის სურვილის შესაბამისად, შევხვედროდით  დიასპორის მინისტრს, ბატონ გელა დუმბაძეს. ეს იყო გულწრფელი და გულახდილი საუბარი, სრული მზაობა თანამშრომლობისთვის.

მსოფლიოს თოთხმეტ ქვეყანაში უკვე  დაიწყო  საინიციატივო ჯგუფების შექმნა. ხოლო ერის სულიერმა მამამ თავისი გამოსვლით  გვირგვინი დაადგა და განსაკუთრებული ბიძგი მისცა ამ დიდ პროცესს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

მოკლე პერიოდში იგეგმება დარბაზის დამფუძნებლების შეხვედრა საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქთან, რომელსაც გაუზიარებენ  საკუთარ მოსაზრებებს და მისი ლოცვა-კურთხევით  დაიწყებენ აქტიურ ქმედებებს.  


 წყაროhttp://reportiori.ge/?menuid=3&id=69957&lang=1

Комментариев нет:

Отправить комментарий