22.06.2015

ქართული ერთობის დარბაზი::ვიწყებთ აქტიურ მოქმედებას


დღეს , სა მების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა "ქართული ერთობის დარბაზის" ტრადიციული შეკრება. შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა წანყვანმა "ქართული ერთობის დარბაზის" წევრმა, ბატონმა რამაზ ლომინაძემ:


ბატონებო,

ჩვენ შევიკრიბეთ წმიდა ტაძარში. ჩვენი აქ შეხვედრები ტრადიციულია. იგი ტარდება  ჩვენი სულიერი მამის, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით.

ტრადიციული შაბათის ნაცვლად, წინა კვირაში საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩვენ დღევანდელ დღეს გადმოვიტანეთ ჩვენი ტრადიციული შეხვედრა. მართლაც, მძიმე დღეები დაგვიდგა 13 ივნისიდან. ტრაგედიამ დიდი წუხილი მოგვიტანა. როგორც ისტორიულად ხდებოდა საქართველოში, ტრაგედიამ გაგვაერთიანა კიდევაც.  ყველაზე დიდი ტკივილი დაღუპულებია. ჩვენ თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას.

მეგობრებო,

დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულია. გუშინ საქართველოს პატრიარქი გამოვიდა უდიდესი ინიციატივით - შედგეს ყოველთა ქართველთა მეორე მსოფლიო კონგრესი. შეიძლება ასეთი სურვილი უამრავს გვქონდა. მაგრამ როცა ინიციატივას სათავეში ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქი უდგება, ეს უკვე სხვა მასშტაბია. უკვე ვნახეთ, რომ ამ ინიციატივას უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩვენ ეს განსაკუთრებულად გვეამაყება, რადგან ამ საკითხებზე  კონსულტაციები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან გასული წლის მეორე ნახევრიდან გვაქვს. გადაწყვეტილება ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის თაობაზე მიიღო „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის პირველივე სესიამ, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს, გელათში - გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ დარბაზში. 9 მარტს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ჩვენთვის საყვარელმა პიროვნებამ, დიდმა მსოფლიო ჩემპიონმა ბატონმა რომან რურუამ „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა სახელით წარუდგინა ქართული ერთობის დარბაზის თბილისის სესიას ეს წინადადება, რომელიც სრულად იქნა მხარდაჭერილი და შემდგომ, 27 მარტს იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული კონგრესის ბათუმის სესიაზე ბათუმის ისტორიულ  ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში.

ჩვენ ვართ ამაყნი, რომ საქართველოს მწერლებთან ერთად და ქართული კულტურის ცნობილ მოღვაწეებთან ერთად 4 აპრილს, ლაზარეს აღდგინების დღეს,  სწორედ აქ, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში წარვადგინეთ ბატონი რეზო ჩხეიძის მიმართვა ერისა და ბერისადმი, რომელიც ბატონმა რეზომ ასე დაასათაურა:’“ ეს არის ჩემი თხოვნა, ... იქნებ, უკანასკნელიც...“

რას ითხოვდა ბატონი რეზო ჩხეიძე:
მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს, მართლაც მსოფლიო დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ოქტომბრის თვეში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. გენიალურმა შოთამ და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ეჭვი არ მეპარება, რომ გვექნება ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა. მეამაყება, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია -  მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.

მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ.  ეს არის ჩემი თხოვნა, ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის გამო, იქნებ უკანასკნელიც... ვიქნები ბედნიერი, თუ საქართველოს გაზეთები და ტელევიზიები მხარს დაუჭერენ ჩემს მოსაზრებას. მათ მიმართაც აღარ მექნება მეტი თხოვნა.

გვიყვარდეს საქართველო! გავუფრთხილდეთ საქართველოს! დავიცვათ საქართველო!“

მე პირადად მქონდა საშუალება, რომ პატრიარქის სურვილის შესაბამისად, ბატონ სანდრო ნონეშვილთან ერთად,  შევხვედროდი  დიასპორის მინისტრს, ბატონ გელა დუმბაძეს. ეს იყო გულწრფელი და გულახდილი საუბარი, სრული მზაობა თანამშრომლობისთვის.

ჩვენ მსოფლიოს თოთხმეტ ქვეყანაში დავიწყეთ და 10-15 დღის განმავლობაში ვამთავრებთ საინიციატივო ჯგუფების შექმნას.

ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ერის სულიერმა მამამ გვირგვინი დაადგა თავისი გუშინდელი გამოსვლით და ერთნაირად აგვანთო საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც და მართლაც, დიდი პროცესი დაიწყო.


ჩვენ, „ქართული ერთობის დარბაზი“  მოკლე პერიოდში ვეახლებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს და მისი ლოცვა-კურთხევით და ვიწყებთ აქტიურ მოქმედებას. 


Комментариев нет:

Отправить комментарий