06.05.2015

რეზო ჩხეიძე: „ეს არის ჩემი თხოვნა, ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის გამო, იქნებ უკანასკნელიც…“


ცნობილი რეჟისორის რეზო ჩხეიძისბოლო სურვილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ „ქართული ერთობის დარბაზის“ ყრილობაზე წაიკითხეს მისთვის უკანასკნელიც აღმოჩნდა, რეჟისორი მთავრობას, საზოგადოებას და მედიას იდეის ერთობისკენ მოუწოდებს.

"Front News"-ი უცვლელად გთავაზობთ რეჟისორის ბოლო მიმართვას საზოგადოებისადმი.
„მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს, მართლაც მსოფლიო დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი ოქტომბრის თვეში, თბილისობის დღეებში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ეჭვი არ მეპარება, რომ გვექნება ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა. მეამაყება, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია –  მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.
მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ.  ეს არის ჩემი თხოვნა, ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის გამო, იქნებ უკანასკნელიც… ვიქნები ბედნიერი, თუ საქართველოს გაზეთები და ტელევიზიები მხარს დაუჭერენ ჩემს მოსაზრებას. მათ მიმართაც აღარ მექნება მეტი თხოვნა.
გვიყვარდეს საქართველო! გავუფრთხილდეთ საქართველოს! დავიცვათ საქართველო!“- წერია რეზო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ მიმართვაში, რომელიც „ქართული ერთობის დარბაზის“ ყრილობაზე რამდენიმე კვირის წინ წაიკითხეს.

წყარო: http://frontnews.ge/ge/news/77153


Комментариев нет:

Отправить комментарий