06.05.2015

გოჩა ძასოხოვი: ნათელში იყოს ჩემი კარგი მასწავლებლის, ჩემდამი მამობრივი მზრუნველობით სავსე კაცის სული.


დიდი კაცი გარდაიცვალა. დიდი. იმაზე დიდი, ვიდრე ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია. რეზო ჩხეიძე თავისი ფილმებით, ადამიანური ურთიერთობებით, ცხოვრების წესით, მთელი ეპოქაა,  კარგად გასაანალიზებელი  მომავალი თაობებისათვის სათქმელად. ძნელად შევხვედრივარ კაცს, რომელშიც ასე იყო ჰარმონიზებული ეროვნული და სამყაროსეული. ამის კლასიკური  მაგალითი იყო მისი გამოსვლა „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ კონგრესზე ქალაქ სოჭში, სადაც საქართველოდან წასული ოცამდე ეროვნების წარმომადგენლები შევიკრიბეთ ცხინვალის ტრაგედიის შემდეგ.
 სუსტი ადამიანები აპირისპირებენ და ანაწევრებენ.  ძლიერი ადამიანები სათნოებით აერთიანებენ.  ძლიერი კაცი იყო, სიყვარულით სავსე და ყველგან სიყვარულის და ერთიანობის გარემოს ქმნიდა.


მირეკავს უამრავი აფხაზი, ბერძენი, სომეხი და აზერბაიჯანელი, მისამძიმრებს, როგორც მის მეგობარს, მისამძიმრებს უამრავი ოსი. ვნახე თვალცრემლიანი კაცები რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო.

მე, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ვამაყობთ, იამაყებს ჩემი შთამომავლობა, რომ მე ვიყავი ამ დიდი ქართველის, მართლაც მსოფლიო ელჩის, რეზო ჩხეიძის მეგობარი!
ერთი სული მაქვს, დავრბრუნდე  საქართველოში, მუხლი მოვიდრიკო ამ დიდი კაცის საფლავთან და ვემსახურო საქართველოს, ისე როგორც ეს სიტყვა მივეცი ბატონ რეზოს და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ კონგრესს.

დღეს გიორგობაა. ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს! სწორედ ერთი წლის წინ, გიორგობას, ერთად შევხვდით ქართველები და ოსები. ეს იყო ძმების შეხვედრა. გუშინ ამ შეხვედრის თავკაცმა, ალექსანდრე ძასოხოვმა ძალიან კარგად შენიშნა: ბატონი რეზო, დიდი რეჟისორი და ეპოქალური ფილმის „ჯარისკაცის მამის“ ავტორი ისევე ვერ მოესწრო დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავის ზეიმს, როგორც მისი ფილმის მთავარი გმირი, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს  - 1945 წლის 9 მაისს.

ნათელში იყოს ჩემი კარგი მასწავლებლის, ჩემდამი მამობრივი მზრუნველობით სავსე კაცის სული.
გოჩა ძასოხოვი
საქართველოს ხალხთა ასამბლეის დამფუძნებელი

6მაისი, 2015 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий