28.03.2015

„ქართული ერთობის“ კონგრესი გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა და ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად


კონგრესის გადაწყვეტილებები


27 მარტს, გელათისა და თბილისის შემდეგ, ბათუმის ისტორიულ ბულვარში განთავსებულ საზაფხულო თეატრში გაიმართა „ქართული ერთობის დარბაზის“ ბათუმის კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აჭარიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა 1500-ზე მეტმა მეცნიერების კულტურის, განათლების, სპორტის, მედიცინის წარმომადგენელმა .

კონგრესის დაწყებამდე „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა და კონგრესის საორგანიზაციო საბჭოს წევრებმა პატივი მიაგეს მემედ აბაშიძის და ილია ჭავჭავაძის ძეგლებს. სიმბოლური მსვლელობა გამართეს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის ახლადგახსნილ გამზირზე. მუხლი მოიდრიკეს დიდი ქართველი მწერლების ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის საფლავებთან.

კონგრესმა განიხილა ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები და მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

 - ბათუმის კონგრესმა მხარი დაუჭირა  თბილისის კონგრესის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისობის დღეებში ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მოსფლიო კონგრესის ჩატარების თაობაზე.

 - კონგრესის მიერ მხარდაჭერილ  იქნა  ბათუმისა და სხალთის მიტროპოლიტ მეუფე დიმიტრის წინადადება საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული და ამ საქმეს შეწირული ნამდვილი ეროვნული გმირის, სელიმ ხიმშიაშვილის მთაწმინდის მოღვაწეთა პანთეონში გადასვენების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებას მთელი დარბაზი ფეხზე ადგომით შეხვდა.

 - კონგრესმა   მხარი დაუჭირა  ინიციატივას, რომ აღსრულდეს პოეტ მურმან ლებანიძის  ანდერძი და ქუთაისისა და თბილისის შემდგომ ბათუმში დაიდგას მეფეთ მეფის, დავით აღმაშენებლის ძეგლი.

 - კონგრესმა წარმოადგინა  წინადადება ბათუმში აჭარის დედასამშობლოში დაბრუნების მემორიალის დადგმასთან დაკავშირებით.

 - კონგრესმა თავისი  პოზიცია  გამოხატა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, რომ ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსზე მუშაობდნენ სპეციალისტები და საქმის მცოდნე ადამიანები, მისი მონოპოლიზება მოახდინეს პარტიებმა, რომლებიც ცდილობენ კოდექსი საკუთარ თავზე მოირგონ, რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუძლებელს ხდის.  ხაზგასმით ითქვა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში არჩევნებით მოგებული რჩებიან პოლიტიკური პარტიები, ხალხი კი მუდმივად წაგებულია. კონგრესმა მიიჩნია, რომ საარჩევნო კოდექსი უპირველესად ხალხის ინტერესებდეს უნდა გამოხატავდეს, ეყრდნობოდეს სამართლისა და ზნეობის პრინციპებს. კონგრესი სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელებს თავის საქმიანობას საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ერთი კი გამოკვეთილად და გადაწყვეტილად ითქვა, ამ ეტაპზე, აუცილებელია კანონი, რომელიც სავალდებულოს გახდის საარჩევნო ხმის მქონე ყოველი ადამიანის მონაწილეობას არჩევნებში.

 - კონგრესმა გამოხატა პოზიცია  რეგიონალური მართვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. მიზანშეწონილად მიიჩნია   ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის უფლებამოსილების გაზრდა. კონგრესმა შექმნა ჯგუფი, რომელიც მაისის კონგრესს წარუდგენს მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

 - კონგრესმა განიხილა და მოიწონა წინადადება მსუბუქი დანაშაულისათვის ბრალდებული ქალებისა და ბავშვების , ასევე ტუბერკულოზით დაავადებული პირების სასჯელისგან განთავისუფლების შესახებ. ხაზი გაესვა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლების მცდელობით  უკანასკნელთა რიცხვი 10-ჯერ შემცირდა, ამ დაავადების პრევენციის მიზნით  მიზანშეწონილი იქნება მსუბუქი სასჯელის მქონე ავადმყოფი პატიმრები  განთავისუფლდნენ სასჯელისაგან. აღინიშნა, რომ ამ თხოვნით „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარემ,  ბატონმა რეზო ჩხეიძემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პარალმენტს თავმჯდომარეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.

 -კონგრესმა დაიწყო განხილვა მეტად მნიშვნელოვანი საკითხის  სააქციზო გადასახადის შესახებ. ითქვა, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა მავნე ტრადიცია ბიუჯეტის შევსებისა აქციზების ხარჯზე, ანუ მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხების ხარჯზე და არა მეწარმეობის განვითარებისა და მეწარმეებისათვის ხელშეწყობის ხარჯზე,. რაც ქვეყნის ეკონომიკისათვის დამანგრეველია და მოასხლეობის ცხოვრების დონის გაუარესებას იწვევს. ითქვა,  რომ საჭიროა ქართველი მეწარმის მხარდაჭერა და ადგილობრივი წარმოების განვითარება და არა იმპორტის ზრდა საკუთარი წარმოების ხარჯზე. ბათუმის კონგრესის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება კონგრესის ყოველ სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის დღეებში იქნება მიღებული.

  - ბათუმის კონგრესმა  დაადასტურა  გელათში ჩატარებული კონგრესის პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი ორ დიდ საყრდენს ეყრდნობა: რწმენას და განათლებას და ამ პრინციპიდან გამომდინარე,   „პატივდების სიგელებით“ დააჯილდოვა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი  მეუფე დიმიტრი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  აჭარის რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი ბატონი ვანო პაპუნიძე.

- კონგრესმა უარყოფითად შეაფასა ქვეყანაში დამკვიდრებული კადრების შერჩევის სისტემა,  ხაზგასმით აღნიშნა, რომ კადრების შერჩევის სისტემა მოძველებულია და ავადმყოფი, ძირითადად ნათესავებისა და მეგობარ- ახლობლების დაწინაურებას გულისხმობს, სუსტზეა ორიენტირებული და უგულვებელყოფილია ძლიერი და მცოდნე კადრები. კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება,  „ქართული ერთობის დარბაზის“ რეგიონალური ხელმძღვანელი ორგანოს  ახალი სისტემით შერჩევისა. სრული კონსენსუსით შეირჩა სხვადასხვა ჯგუფების მიერ რეკომენდირებული რვა პიროვნება (ნიაზ ბოლქვაძე, ზაურ სოლომონიძე, ჯონ ბარამიძე, ვალერი მოქერია, თენგიზ ფაღავა, ნუგზარ ოქროპირიძე, როსტომ გუნთაიშვილი, ნუგზარ ზამთარაძე), რომლებიც თავის მხრივ, ასევე  სრული კონსენსუსით აირჩევენ საბჭოს ყოველ შემდგომ წევრს, სანამ წევრთა რიცხვი არ მიაღწევს თხუთმეტს. გადაწყდა, რომ  მომავალ ზუგდიდის კონგრესს განსახილველად წარედგინება  ქვეყანაში დამკვიდრებული  კადრების შერჩევისგან სრულიად განსხვავებულ სისტემა.
 - კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება  შეიქმნას „ქართული ერთობის  დარბაზის“ აფხაზეთის რეგიონალური ორგანო, რომლის ორგანიზება ეთხოვა სოხუმის მკვიდრს ბატონ მურად ანჯაფარიძეს.  აჭარისა და აფხაზეთის რეგიონალური საორგანიზაციო ჯგუფების ხელმძღვანელები, ბატონები ნიაზ ბოლქვაძე და მურად ანჯაფარიძე არჩეულ იქნენ რესპუბლიკური საბჭოს ხელმძღვანელ ორგანოში .

გადაწყდა, მომავალი კონგრესი ჩატარდეს  ზუგდიდში აპრილის ბოლოსათვის.   ზუგდიდის კონგრესზე წარდგენილი იქნება გელათის, თბილისის და ბათუმის კონგრესის გადაწყვეტილებები. განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმობა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასტან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვას და ყოველთა ქართველთა  და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მომზადების საორგანიზაციო საკითხების განხილვას... ითქვა, რომ მსოფლიო კონგრესი უნდა  ვამზადოთ ორი მიმართულებით: პირველი - ქართველთა ერთობა და საქართველოს მეგობართა მხარდაჭერა ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებისათვის და მეორე - საქართველო მსოფლიო პროცესებში, უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა, საქართველოს შვილთა, საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობა საქართველოს პრესტიჟის ამაღლებისათვის კონკრეტულ საქმიანებაში... გამოკვეთილად ითქვა, რომ როგორც პირველი, ასევე მეორე მიმართულებით გონივრულად უნდა გამოვიყენოთ  შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავი, რომელიც 2016 წელს სრულდება.

ქართული ერთობის კონგრესის მიზანია, შოთა რუსთაველის იუბილე აღინიშნოს მთელი მსოფლიო მასშტაბით, იქცეს მსოფლიო მოვლენად როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს 1966 წელს. სწორედ ამ მოვლენამ უნდა გაგვაერთიანოს ერი  და ბერი, საქართველოს შვილები ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ და საქართველოს ნამდვილი მეგობრები.
გუშინვე კონგრესმა დაასრულა მუშაობა.

„ქართული ერთობის დარბაზის“ პრეს-ცენტრი

28.03.2015წ

Комментариев нет:

Отправить комментарий