10.02.2015

(gwnnews.ge) გელათი „ქართული ერთობის“ კონგრესს მასპინძლობს



„ქართული ერთობის“ კონგრესი გათითოკაცებული სიკეთის შეკვრისა და ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად
   ხვალ, 8 თებერვალს, 14 საათზე, მეფეთმეფის დავით აღმაშენებლის დღეს – ყოველთა ძლიერთა დღეს, დედაუნივერსიტეტის დაარსების დღეს, გელათში, გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გაიხსნება  „ქართული ერთობის“ კონგრესი. რომელიც მიზნად ისახავს გათითოკაცებული სიკეთის შეკვრას, ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები.  თბილისიდან გასვლა მოხდება ორგანიზებულად  დილის 8.30 საათზე, სწორედ იმ ადგილოდან, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით თავდაპირველად იქნა აღმართული დავით მეფის ძეგლი (სასტუმრო ივერიის წინ)
კონგრესის მონაწილენი. კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ძველ მოთხოვნას   – ძეგლის პირვანდელ ადგილზე დაბრუნების შესახებ და გაემგზავრებიან გელათისაკენ.
დავით აღმაშენებლის საფლავის პატივის მიგების შემდგომ, კონგრესი გაიხსნება გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში. კონგრესს წარედგინება საქართველოს მეცნიერთა მიერ შექმნილი „მოქმედების მანიფესტი“, მოხდება „პატივდების სიგელების“ გადაცემა.
კონგრესის მუშაობას წარუძღვებიან „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები,  ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: მხატვარი  გივი თოიძე, პოეტი ტარიელ ხარხელაური, ქორეოგრაფი ომარ მხეიძე, მოჭიდავე რომან რურუა, ექიმი რამაზ ყურაშვილი.
კონგრესზე თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ იურისტი მინდია უგრეხელიძე; თეოლოგი ლეონ ფირცხალავა; თბილისის საკრებულოს წევრი, სპორტსმენი მანუჩარ მაჩაიძე; პოლიტიკოსი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი თემურ შაშიაშვილი; პოეტი ნათია ავსაჯანიშვილი; აფხაზეთის მკვიდრნი: ნუგზარ მგალობლიშვილი და თემურ მჟავია; აჭარის მამულიშვილთა დარბაზის ხელმძღვანელი ნიაზ დიასამიძე; ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორები ლევან სვანაძე და გურამ გაბუნია; მოძრაობა „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელი  მიხეილ ანდღულაძე  და სხვები.
ეს კონგრესი იმითაც იქნება გამორჩეული, რომ მის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩამოვიდნენ უკრაინიდან ცნობილი მეცნიერები ბატონები:  ვლადიმერ ჩეპოვოი და  ალექსეი ჩუევი, რომლებიც ბოლო პერიოდამდე მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამჟამად კი უკრაინის მედიასახლს ხელმძღვანელობენ.
გელათის სამონასტრო კომპლექსის შემდგომ, 9 მარტს კონგრესი მუშაობას გააგრძელებს  თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, ხოლო შემდგომ  – საქართველოს ყველა  რეგიონულ ცენტრში. იგი  დასრულდება 2015 წლის  6 მაისს გიორგობას, რაც გადაცემული იქნება  ტელეკომპანია „ქართულის“  პირდაპირი ეთერით.

„ქართული ერთობის დარბაზის“ პრესცენტრი

Комментариев нет:

Отправить комментарий