„შოთა რუსთაველი როგორც არასდროს, დღეს ისე სჭირდება საქართველოს", - აცხადებს „ქართული ერთობის დარბაზის" წევრი რამაზ ლომინაძე შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეზე საუბრისას და აქვე დასძენს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად მსოფლიოს ცხოვრებაში აღნიშნული იუბილე უდიდესი მოვლენა უნდა გახდეს. ამის შესახებ რამაზ ლომინაძემ და „ქართული ერთობის დარბაზის" წევრებმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
„ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე უდიდესი მოვლენა უნდა გახდეს არამარტო იმიტომ, რომ შოთა დიდი და გენიალურია, არამედ იმიტომ, რომ შოთა რუსთაველი როგორც არასდროს, დღეს ისე სჭირდება საქართველოს. მისი სახელით ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ უნდა დაანახოს მსოფლიოს, რანი ვართ, საიდან მოვედით, საით მივდივართ, რა გვიჭირს, რა გვილხინს და როგორ ვცხოვრობთ. ჩვენს გულისტკივილს იწვევს ის ფაქტი, რომ ვერ ვხედავთ დიდ მზაობას ამ იუბილეს აღსანიშნავად. ეს იუბილე არ უნდა შემოიფარგლოს ერთი ან ორი დიდი ღონისძიებით რომელიღაც დიდ დარბაზში ან თავყრილობაზე და მასში მონაწილეობას უნდა იღებდეს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე, შეძლებისდაგვარად. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს იმიტომ, რომ შოთა რუსთაველი საქართველოა, იგი ჩვენი ქვეყნის იდეა და მომავალია.
შოთა რუსთაველის იუბილეს ღირსეულად აღნიშვნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამაში ჩართული იყოსUNESCO. მოგეხსენებათ, რომ ამას გარკვეული პროცედურები სჭირდება, დრო კი გადის. შემჭიდროებულ ვადებში კი სასურველი შედეგის მიღება გაჭირდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამაყი და მოხარული ვიქნები, თუკი ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში, თავის გამოსვლაში რაღაცა დოზით ამ საკითხს მოიხსენიებს და შოთა რუსთაველის იუბილეს აღნიშნავს, როგორც მსოფლიო მასშტაბის მოვლენას.
სწორედ იმიტომ, რომ მთელ მსოფლიოში აღინიშნოს შოთა რუსთაველის იუბილე, უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი მომდევნო წლის შემოდგომაზე. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი მობილიზება როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს ნამდვილი მეგობრები, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიდგინოს მეხსიერებაში, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო საგანძურში რუსთაველის იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს", - განაცხადარამაზ ლომინაძემ.
„ქართული ერთობის დარბაზის" წევრი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ღირსეულად აღნიშვნაზე მნიშვნელოვანი, დღესდღეობით სხვა არაფერია.
„უფრო მნიშვნელოვანი რამ დღეს ჩვენი ერისათვის, ვიდრე რუსთაველის იუბილეს გამართვაა, სხვა რამ არ მეგულება. ჩვენ უნდა გავაგებინოთ მთელ სამყაროს, ვინ ვართ ჩვენ. ეს არ გვჭირდება სატრაბახოდ, არამედ იმისთვის, რომ მათ იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე. ქართველი ერი არის ევროპული კულტურის საძირკველის თანამშენებელი. რუსთაველმა, მისმა გენიამ შეძლო, მთელი დაგროვებული ცოდნა, ყველა შეხედულება თავისებურად გადაემუშავებინა და შეექმნა ის იდეოლოგია, რომლის პროდუქტიც ვართ ჩვენ. შოთა რუსთაველის იდეოლოგიაზე ვართ ჩვენ აღმოცენებული. პირველი და უმნიშვნელოვანესი გახლავთ ის, რომ ამ ყველაფერმა არ უნდა დაკარგოს თავისი სიცოცხლისუნარიანობა და გაგრძელდეს შემდეგ თაობაზე. მათაც უნდა იცოდნენ, ვინ არიან, ვისი შთამომავლები არიან, რა ვალი აქვთ ქვეყნის წინაშე და უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა უყურებდეთ მათ მსოფლიო. თუ მსოფლიოს სწორად მივაწვდით იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ, ისინი მეტი სიხარულით გამოხატავენ ერთი ოჯახის წევრებად გახდომის სურვილს. ამდენად, რუსთაველის იუბილე მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამარტო შიდა ცხოვრებისთვის, არამედ საქართველოს არსებობისთვის მსოფლიოს დიდ კულტურულ საგანძურში", - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის" კანცლერი ვახტანგ წივწივაძე გამოდის ინიციატივით, რომ მოზარდებმა შოთა რუსთაველის შემოქმედება უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ.
„შოთა რუსთაველი არის მსოფლიო გენია, რომლის მსგავსი დედამიწას რენესანსის ხანამდე არ მოვლენია. ბედნიერია ის ერი და ქვეყანა, რომელსაც ასეთი მამულიშვილი ჰყავს. რუსთაველის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსანი" ქართული სულიერების ბიბლიაა. მასში ასახულია სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება, ინტერნაციონალიზმი.
მინდა, მოვუწოდო უნივერსიტეტს, ყველა საჯარო სკოლას, რომ გავერთიანდეთ, გამოვიდეთ ჩვენი ინიციატივით და შემოვიღოთ შოთა რუსთაველის ძირფესვიანად შესწავლა. ავუხსნათ ახალგაზრდებს, რომ სწორედ მასშია სიყვარული", - აღნიშნა ვახტანგ წივწივაძემ.
(ვიდეო)
(ვიდეო)
Комментариев нет:
Отправить комментарий