ერისა
და ბერის გასაგონად სამების საკათედრო ტაძრიდან ღვთისმშობლობის ბრწყინვალე
დღესასწაულის დღეს:
ჩვენ
სწორედ აქ, სამების დიდებულ ტაძარში, ზუსტად ერთი წლის წინ, ღვთისმშობლობის
ბრწყინვალე დღესასწაულზე, წარვადგინეთ „მოქმედების
მანიფესტი“ - „ერთი სამშობლო, ერთიანი
ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“.
დღემდე
ამ დოკუმენტს 10 ათასამდე ადამიანი შემოუერთდა. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის
დღეს, გელათში, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ კომპლექსში გაიხსნა
„ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი. დღემდე კონგრესის სამი სესია ჩატარდა:
თბილისის - 9 მარტს, ბათუმის - 27 მარტს, გორის - 24 ივნისს. წლის ბოლომდე სესიები
ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და მომდევნო წლის თებერვლიდან
ოქტომბრამდე მსოფლიოს 20 ქვეყანაში.
სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ბედის უკუღმართობის გამო ცხოვრობენ
საქართველოს შვილები - თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ისრაელი, საფრანგეთი,
საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, აშშ, ჰოლანდია, ავსტრია, უკრაინა,
ბელორუსია და სხვ.
კონგრესის
მიზანია საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი გაერთიანება ძლიერი
სახელმწიფოსათვის. სწორედ ამიტომ დგანან ჩვენი
მოძრაობის სათავეებთან დიდი მამულიშვილები ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ.
შემოერთების ეს პროცესი ძლიერდება. სწორედ ამიტომ არის ამ მოძრაობის ემბლემად
საქართველოს მარადიულობის სიმბოლოდ აღიარებული მერაბ ბერძენიშვილის „კიდევაც
დაიზრდებიან“... კონგრესი არის მომავალ წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850
წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნის ინიციატორი.
ჩვენ
ერთად ვდგავართ ქვეყნის ძნელბედიბის ჟამს, ერთად ვმოქმედებთ ერისა და ბერის
გაერთიანებისათვის, თაობათა ერთიანობისათვის...სიყვარულით
ვქმნით ქართული განწყობისა და პლანეტარული აზროვნების ტელეკომპანიას - „ქართული“,
რომლის აქციონერობა თითოეული ჩვენთაგანისათვის, საქართველოს ყოველი
მოქალაქისათვის, მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველების, საქართველოს შვილების და
საქართველოს მეგობრებისათვის ამ დიდ
ქართულ პროცესში მონაწილეობის დასტური იქნება.
„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა,
მხარდამჭერთა და მეგობართა მიზანია - შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე, ბოროტების
სიყვარულით დასამარცხებლად. სწორედ ამიტომ გვჭირდება კონგრესი, სწორედ ამიტომ
გვჭირდება შოთა რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა.
ერთი
წლის წინ, როცა ჩვენ ვიწყებდით ამ დიდ მოძრაობას, 4 აპრილს ლაზარეს აღდგინების
დღეს, როცა ვკითხულობდით, ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით მდგომი უდიდესი მოღვაწის,
მშვიდობის მსოფლიო ელჩის, „ჯარისკაცის მამის“ ავტორის რეზო ჩხეიძის წერილს: „ეს არის ჩემი თხოვნა, იქნებ უკანასკნელიც..“ -
ვფიქრობდით და დღესაც ვფიქრობთ, რომ ამ დიდ ეროვნულ საქმეებს სჭირდება ერისა და
ბერის ერთიანობა. მადლობა დედაეკლესიას, უწმიდესსა და უნეტარესს, საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს - გამოიხატა დიდი მხარდაჭერა, უწმიდესი პირადად გამოვიდა ყოველთა
ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის
ჩატარების იდეის მხარდაჭერის ინიციატივით.
დარწმუნებული
ვართ, ხელისუფლება მოკლე დროში პრაქტიკულად ჩაერთვება ამ პროცესში (მით უფრო, რომ
პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა მხარი დაუჭირა პატრიარქის
ინიციატივას) და გამოხატავს პოზიციას შოთა
რუსთაველის 850 წლისთავის მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნასთან დაკავშირებით.
ჩვენ გვეამაყება, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“
ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის მთავარ მიმართულებად მოქმედებათა
ჰარმონიზაციას მიიჩნევს. ეს, მართლაც, საშური საქმეა. დაპირისპირება სუსტების
მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია - მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.
სწორედ ამ განწყობით მივმართავთ დღეს,
ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს
პრეზიდენტს ბატონ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით უსუფაშვილს, პარლამენტარებს, მთავრობის წევრებს.
ბატონებო,
მომდევნო 2016 წელი შოთა რუსთაველის
საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება
გენიალური პოეტის დაბადებიდან. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეძლეს დიდი პოეტის 800 წლისთავის პრაქტიკულად მსოფლიო მასშტაბით აღნიშვნა. ეს, მართლაც მსოფლიო დღესასწაული
იყო.
ჩვენ დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში კიდევ უფრო მეტი უნდა შევძლოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით უფრო მასშტაბური
გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე აღინიშოს არა
მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სწორედ ამიტომ უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა,
საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი მომდევნო წლის
შემოდგომაზე. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა ამ დიდმა საერთაშორისო
ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა დიდი
მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე ქვეყნის
საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. ამ გენიალურმა პოეტმა და მსოფლიო
კონგრესმა უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და
საქართველოს ნამდვილი მეგობრები, რომ მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიდგინოს
მეხსიერებაში, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო საგანძურში რუსთაველის
იდეოლოგიაზე აღზრდილ ერს.
ჩვენი პოზიცია უცვლელია და ღვთისმშობლობის
ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს მივმართავთ ქართული მედიის წარმომადგენლებს: დაპირისპირებით
და ზიზღით სავსე პოლიტიკურ სივრცე სათნოებით და სიყვარულით უნდა შეიცვალოს,
კონფრონტაცია პრინციპულობამ უნდა შეცვალოს... ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ
დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას, ერთმანეთზე ზიზღით საუბარს და
ჰარმონიზაციის რთულ და ძნელ გზას ვირჩევთ. ამიტომ გვჭირდება ყოვეთა ქართველთა,
საქართველოს შვილთა, საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესიც და შოთა რუსთაველიც
და მისი ვეფხისტყაოსანიც, ამიტომ გვჭირდება ჟურნალისტების დიდი მხარდაჭერაც.
ჩვენ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობის
წირვისა და ერთიანი ლოცვის შემდგომ სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეკრებილნი
თავს უფლებას ვაძლევთ დიდი პატივისცემით მივმართოთ ერსა და ბერს, საქართველოს
მეგობრებს:
მსოფლიო პოეზიის ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური
შოთა რუსთაველის იუბილე, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს
მეგობართა კონგრესი, მისი სესიები საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნებში - ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ!
გვწამს და გვჯერა: სიყვარული
აღგვამაღლებს!
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრი
21 სექტემბერი,
ღვთისმშობლობა
გიორგი (გიგა) ბათიაშვილი, ნინო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი,
რევაზ ძოძუაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე,
ენდი გოგლიჩიძე, გიორგი კანდელაკი,
რამაზ ლომინაძე, ოთარ შამათავა,
მერაბ თავაძე, ავთანდილ ჩხაიძე, მიხეილ ჩიკვილაძე, თეიმურაზ შაშიაშვილი, დავით გველესიანი, გოგი ჯაოშვილი, ემილ მიქაია, ოლეგ ნიკოლეიშვილი, როლანდ კილაძე, ლაური ჯანაშია, ჯამლეთ ხუხაშვილი, ირაკლი მაჭავარიანი,
ნონა ღამბაშიძე, ვასილ დავითაია,
მიხეილ ანდღულაძე, დავით სახვაძე, ენრიკო ჯანელიძე, მალხაზ ხარაძე, ლაშა ნიქაბაძე, ნესტან შონია, ზაურ გამსახურდია, გიორგი სიგუა, კონსტანტინე ვერულაშვილი, ალექსი კობაიძე,
ირინა თურქია, შოთა ჩხეიძე, გიგა მჭედლიშვილი, ავთანდილ იოსელიანი, თინათინ მაჭავარიანი, მურად ანჯაფარიძე, ნიაზ ბოლქვაძე, ლევან ნინიძე, თამთა ბერიაშვილი, ჯონი ბარამიძე, გივი გაგნიძე, გელა მესტიაშვილი, თენგიზ აბესაძე, დავით მორჩილაძე, კობა ხამაშურიძე, კონსტანტინე ვერულაშვილი, ზურაბ
ხასია, გიორგი ჭინჭარაული, ანზორ დანელია, მურმან ხახანაშვილი,
რამაზ გოგისვანიძე, დავით რევიშვილი, გიული ჩხიკვაძე, გიორგი სიხარულიძე, ირინა ფურცელაძე,
შორენა ჯანხოთელი, კახაბერ ჭიჭინაძე, ნათია რევაზიშვილი, ოთარ ჯიქია, რობინ უბილავა
, თამარ ადამია, თამარ სიხარულიძე და სხვები
(სულ 300 - ზე მეტი)
P.S შეკრებას უძღვებოდა პროფესორი რამაზ
ლომინაძე, მოწოდების ტექსტი შეკრებილთ გააცნო ცნობილმა მოღვაწემ გიორგი (გიგა) ბათიაშვილმა
Комментариев нет:
Отправить комментарий