1945 წლის 9 მაისი იყო შედეგი იმისა, რომ მსოფლიოს მოაზროვნე
ადამიანებმა, პროგრესულმა ძალებმა შეძლეს გაერთიანება დიდი საფრთხის - ფაშიზმის წინააღმდეგ. 70 წელი გავიდა ამ დღიდან
და გამარჯვების დღესასწაულის აღნიშვნა მთელი მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთი დასტურია
იმისა, თუ რა შეძლეს პროგრესულ პოლიტიკოსთა და მთავრობათა მიერ გაერთიანებულმა ხალხებმა.
დღეს არავისთვის საეჭვო არ არის, რომ არა მაშინდელი
საბჭოთა კავშირის, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სხვა ქვეყნების და თვით
გერმანიის მოაზროვნე ადამიანების ერთობა, რომ
არა სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის, დე გოლის გაბედული ქმედებები - კაცობრიობას და
მის მომავალს კატასტროფა ელოდებოდა.
„ქართული ერთობის დარბაზი“ პატივს მიაგებს ყველას, ვისაც
წილი უდევს ნაცრისფერი ჭირისაგან -ფაშიზმისაგან მსოფლიოს დახსნაში. ჩვენ გვეამაყება,
რომ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უჩვენებენ დიდი ქართველი მამულიშვილის, ჩვენი
ერთობის სათავეებთან მდგომი კაცის რეზო ჩხეიძის გენიალურ ფილმს „ჯარისკაცის მამა“.
რომ ეს ფილმი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად, რომელიც კი მეორე მსოფლიო ომს
უკავშირდება. სამწუხაროა, რომ ბატონი რეზო ისევე ვერ მოესწრო ფაშიზმზე გამარჯვების
70 წლისთავის დღეს, როგორც ჯარისკაცი გოდერძი მახარაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღეს
- 1945 წლის 9 მაისს.
ჩვენ პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის ჯარისკაცებს,
რომელი სახელმწიფოს სახელითაც არ ებრძოდნენ ფაშიზმს. პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, მაგრამ ხაზგასმით და გამოკვეთილად
ვამბობთ: ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის დღესასწაული გაცილებით მეტად გვჭირდება
დღევანდელ და მომდევნო თაობებს, რადგან დღესაც არნახული გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიოს
პროგრესული კაცობრიობა და შეიძლება დღეს არანაკლები ერთობაა საჭირო, ვიდრე ეს იყო მეორე
მსოფლიო ომის დროს, რათა დავიხსნათ საკუთარი თავიც, ქვეყანაც და მსოფლიოც წარღვნისაგან.
იმედისმომცემია ის, როგორადაც 70 წლის დღესასწაული მთელი
მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. რომ თვით გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, იმ ქვეყნებში,
სადაც ფაშიზმი ჩაისახა და განვითარდა, განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნება ნაცრისფერ
ჭირზე გამარჯვების დღესასწაული.
ჩვენ ხვალ ყველგან ვიქნებით. გამარჯვების პარკშიც, უცნობი
ჯარისკაცის საფლავთან, გურჯაანშიც - ჯარისკაცის მამის ძეგლთან, გორშიც სტალინის სახლ-მუზეუმში
და ასე შევუერთდებით მსოფლიოს პროგრესული ძალების ფაშიზმზე გამარჯვების 70 - წლისთავს.
„ქართული ერთობის დარბაზის“ საბჭო
Комментариев нет:
Отправить комментарий