ფონდ „იავნანას" ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს უსამძიმრებს. როგორც ბურჭულაძე აცხადებს, რეზო ჩხეიძემ საერთაშორისო აღიარება მოუტანა ქართულ კინოს და საზოგადოების ღირებულებათა შექმნას შეუწყო ხელი.
„ბატონი რეზო ყოველი შეხვედრისას მაკვირვებდა თავისი ახალგაზრდული სულითა თუ შემართებით, ახალი იდეებით და უკვე დაგეგმილი, გასაკეთებელი საქმეებით. ასეთი ადამიანებისათვის ასაკი მართლაც არ არსებობს. რადგან მათთვის ყველაფერზე ძვირფასია დრო და მთავარიც ისაა, მოცემულ დროში უფრო მეტის გაკეთება მოასწრონ...
ბატონმა რეზომ არა მხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოუტანა ქართულ კინოს, არამედ ღირებულებათა სისტემა შექმნა ყოველი ჩვენგანისათვის. მისი მონათხრობი „ნერგები". „ღიმილის ბიჭები", „ჯარისკაცის მამა" თუ „ მაია წყნეთელი" ქართველი კაცის სულისკვეთება, ღირსება და შემართებაა ფილმებად ქცეული. მისი გულითადი სათქმელიც ყოველთვის ისეთივე ცოცხალი, ემოციით სავსე და აქტუალური იქნება, როგორიც თავად იყო სიცოცხლის ბოლო წუთამდე...
ძალიან დამწყდა გული ბატონი რეზოს გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს", - აღნიშნავს ბურჭულაძე.
წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=64185
Комментариев нет:
Отправить комментарий