05.05.2015

(საქართველოს რესპუბლიკა) )ჩვენ მართლაც ერთად ვქმნით ტელევიზია „ქართულს“




სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში „ქართული ერთობის დარბაზის“ ტრადიციული დისკუსიის „საქართველო დაჭრილი მზეა“ ფარგლებში, სააქციო საზოგადოება „ქართულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბატონებმა რამაზ ლომინაძემ, როლანდ კილაძემ და ირაკლი მაჭავარიანმა ტელეკომპანია „ქართულის“ აქციების შეძენის დამადასტურებელი მოწმობები  გადასცეს ცნობილ სპორტსმენს და საზოგადო მოღვაწეს რომან რურუას, მეცნიერ ნესტან შონიას, გერმანიის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრს ბატონ შალვა წიკლაურს და პენსიონერ ნოდარ მანჩხავას.

„ჩვენ ამ უდიდეს ტაძარში დიდი ქართული დისკუსიის
„საქართველო დაჭრილი მზეა“ მიმდინარეობის დროს, უდიდეს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ საქმეში - ქართული სულის ტელევიზიის შექმნის საქმეში  ფინანსური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გადაცემას ვიწყებთ,“ - აღნიშნა  კონფლიქტოლოგმა ირაკლი მაჭავარიანმა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონმა რომან რურუამ-60, ქალბატონმა ნესტან შონიამ - 20, ბატონმა შალვა წიკლაურმა - 5 აქცია შეიძინეს, მაგრამ მართლაც ამაღელვებელია ბატონი ნოდარ მანჩხავას ქმედება, რომელმაც კუთვნილი პენსიის 150 ლარიდან 50 ლარით ერთი აქცია შეიძინა. 

ბატონმა რომან რურუამ აღნიშნა, რომ არავის გვილხინს დღეს საქართველოში, ზედმეტი ფული კი არა, არსებობისათვის საჭირო თანხის მოპოვებაც კი გვიჭირს, მაგრამ დღეს, როცა საქართველოს საინფორმაციო სივრცე ქართული აღარ არის, მეტიც, ებრძვის საქართველოს, ის რომ ცალკეულ პოლიტიკოსთა, პოლიტიკურ პარტიათა პრიმიტიული აზროვნების აგიტპუნქტებად იქცნენ ტელევიზიები, ქართული სულის ტელევიზიის შექმნა მართლაც საშური საქმეა... „პირდაპირ ვამბობ,  - აღნიშნა ბატონმა რომან რურუამ  - ამის გარეშე არც მომავლის საქართველო გვექნება და ვერც უკეთესად ვიცხოვრებთ, ტყუილებით შეფუთული გენოციდის მსხვერპლი გავხდებით. შემაძრწუნა იმ საუბარმა, რაც გორში მოვისმინე, როცა უცხო ქვეყნების „ერთგული ელჩები“ არად დაგიდევენ არც ხალხის განწყობას, არც არჩეულო საკრებულოს გადაწყვეტილებას და ეს არც ვიცით საქართველოში. ამაზე საუბარი არც რუსთავი-2-ს და სამწუხაროდ, ბევრ სხვა ე.წ. ტელევიზიებს, მათ შორის, ბიუჯეტიდან ჩვენი ფულით ფინანსირებად ტელევიზიებსაც არ აწყობთ“.

პენსიონერმა ნოდარ მანჩხავამ ყველასათვის დამაფიქრებლად თქვა: „ჩემთვის ეს 50 ლარი ბევრზე ბევრს ნიშნავს, მაგრამ ქართულის დაცვა გაცილებით მეტს, საქართველოს და ქართული ცნობიერებისათვის ბრძოლის  გარეშე - ჩემი ქვეყნის წარსულის და მომავლის მოღალატე ვიქნები“.

ვფიქრობ, ეს დიდი ნიშანია საქართველოს მომავალზე მოფიქრალი ყოველი ქართველისათვის, საქართველოს შვილისათვის, საქართველოს ნამდვილი მეგობრებისათვის, მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, განსაკუთრებით კი  ბიზნესმენებისათვის, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დიდმა ხელოვანმა, „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელმა, ომარ მხეიძემ. მას ეჭვი არ ეპარება, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ერთი წლის  განმავლობაში მიიღო ბატონი რეზო ჩხეიძის წერილი, ან „ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლების“, ჩემი და ჩემი მეგობრების  ბატონების: ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის, არნოლდ გეგეჭკორის , რომან რურუას, რამაზ ყურაშვილის ხელმოწერით მიიღებენ უახლოეს მომავალში - შემოუერთდებიან ამ დიდ ქართულ საქმეს.

პროფესორ რამაზ ლომინაძეს მიაჩნია, რომ გავა დრო და თითოეული ჩვენთაგანი ვიამაყებთ, იამაყებს ჩვენი შთამომავლობა, რომ ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, ჩვენ დავუდექით ამ დიდ ქართულ საქმეს.  მანვე მოიწონა ბატონი რეზო ჩხეიძის წინადადება, რომ შეიქმნას წიგნი-ისტორია, როგორ გაგვაერთიანა „მოქმედების მანიფესტმა“ და როგორ იქმნება ტელევიზია „ქართული“, ვინ როგორ მონაწილეობდა ამ საქმეში. რომ გამოქვეყნდეს სია იმ ადამიანებისა, რომელთაც ცნობილ მოღვაწეთა სახელით ეთხოვათ მონაწილეობა ამ ეროვნულ საქმეში.  

ამას პრინციპულაც თვლის ბატონი რომან რურუაც, რომელმაც გულისტკივილით გაიხსენა  ქართული ერთობის დამფუძნებელთა მიერ ხელმოწერილი „მოქმედების მანიფესტის“ ერთი უაღრესად დამაფიქრებელი ჩანაწერი: „რაც არ გვაკლია დღევანდელ საქართველოში, ეს არის ქვეყნის გარე ძალთა მსახურნი, გარედან  მართული პარტიები, მინისტრები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საინფორმაციო საშუალებები, რაც არნახულად გვაკლია - ეს არის ქართული განწყობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ხალხის მსახური  საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებანი“.

შეკრების მონაწილეებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ პირველთ, ანუ სხვათა მსახურთ გულუხვად აფინანსებენ გარედანაც, შიგნითაც ხელისუფალნიც და ბიზნესმენებიც, მაშინ როცა, მეორენი, ანუ ქართული სულის მატარებელნი, სულს ღაფავენ. ეს ტრაგედიაა, ითქვა ამ შეკრებაზე და იმის იმედიც გამოითქვა, რომ ყოველგვარ ქართულს ქართველი მეწარმეები მაინც დაუდგებიან გვერდით, რადგან მათზე ქვეყნის გარედან შეტევა მიდის და ებრძვიან ქვეყნის გარედან მართული სახელისუფლებო და პოლიტიკური წრეები, საინფორმაციო საშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.  

შეკრების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს „ქართული ერთობის დარბაზის“ მთავარი დოკუმენტის „მოქმედების მანიფესტის“: ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ მნიშვნელობა დღევანდელი საქართველოსათვის. გამოკვეთილად თქვეს, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია ქართული სულისა და ცნობიერების ტელევიზიას.

გაიხსენეს ტელევიზია „ქართულის“ სათავეებთან მდგომი ლეგენდარული რეჟისორის, მშვიდობის მსოფლიო ელჩის და „ქართული ერთობის დარბაზის“ თავმჯდომარის, ბატონი რეზო ჩხეიძის სიტყვები:

ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ ძალიან მალე, ბევრზე ბევრნი გავხდებით და ასეთი დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია, მართლაც უნიკალური ფაქტი იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში“.

„ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლებმა და „ქართულის“ საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, თვეში ერთხელ მოეწყოს აქციების შეძენის დამადასტურებელი მოწმობების გადაცემა. ნიშანდობლივია, რომ შემდგომი შედგება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.


რედაქციისაგან: დიდად სამწუხაროა, რომ "ქართული ერთობის დარბაზის" თავმჯდომარე, ერის საამაყო შვილი რევაზ ჩხეიძე გუშინ გადრაიცვალა! ღვაწლმოსილი რეჟისორი და დიდი ეროვნული მოღვაწე ზეციურ საქართველოს შეუერთდა. აქ მის სათაყვანებელ საქართველში კი, ღვთის ნებით და განგებით , აუცილებლად გაგრძელდება ის საქმე, რომელის წამომწყები თვით დიდი ერისკაცი იყო! 


საქართველოს რესპუბლიკა
#81
5 მაისი

Комментариев нет:

Отправить комментарий