მოქმედების დროა!
„ქართული ერთობის დარბაზის“ განცხადება
„ქართული
ერთობის დარბაზი“ ულოცავს სრულიად საქართველოს, საქართველოს მეგობრებს ამ საკრალურ
და ისტორიულ თარიღს.
ჩვენ
ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობაა მთავარი და ეს იქნება მაშინ, როცა აღსრულდება ერის
სულიერი მამის ილია ჭავჭავაძის ანდერძი: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ეს
იქნება მაშინ, როცა საქართველოს ეყოლება თავისი ქვეყნისა და ხალხის და არა გარე ძალთა
მსახური ხელისუფლება.
სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ჩვენ ხელი საზოგადო
მოღვაწეთა ინიციატივით და მეცნიერთა მიერ ხალხთან დათათბირებით შედგენილ დოკუმენტს „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ , რომელსაც „მოქმედების მანიფესტი“ ვუწოდეთ. ეს დოკუმენტი
საყოველთაო აღიარებას იღებს და შეფასებაც, რომ იგი არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეულად ქართული, გამორჩეულად ღრმა და სახელმწიფოებრივი დოკუმენტი - საყოველთაოა.
ამ დოკუმენტში მოცემულია დღევანდელობის ანალიზიც,
სირთულეთა მიზეზებიც, მოხაზულია მოქმედების კონტურებიც და ჩვენი მიზანიც. ხაზგასმულია, რომ ქვეყანა აცდა ბუნებრივი განვითარების გზას, ევროპა - აზიის გზაჯვარედინზე მდებარე დიდი ისტორიის ქვეყნის ურთიერთობა გარე სამყაროსთან ერთვექტორული გახდა . ეს მიჩნეულია
ქართული აზროვნების გასაჭირად.
დღევანდელი საქართველოს
რეალური მდგომარეობა ორი მიზეზით არის ახსნილი:
პირველი პრობლემა ძირითადად ქვეყნის გარეთაა და მდგომარეობს იმაში, რომ ვერ შევძელით გარე სამყაროს, უპირველესად, დემოკრატიულ მსოფლიოს რეალურად ვაჩვენოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დიდი ისტორია, მისი დემოკრატიული ბუნება. ამის შედეგია, ერთი მხრივ, ის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ არა თუ არ იცის ჩვენი ქვეყნის ისტორია და დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციაში, ხალხის დემოკრატიული ბუნება, არამედ , სამწუხაროდ, გვიყურებენ, როგორც განვითარებად, ზოგჯერ კი, როგორც განუვითარებელ ქვეყანას და ამიტომ გვექცევიან, როგორც სატელიტ სახელმწიფოს. მეორე მხრივ, სავალალოა და აზროვნების სიძნელეა ის, რომ უკვე საუკუნეებია, რეალურ კოლონიზატორებს მეგობრებად აღვიქვამთ და
ხსნას ბელადში ვეძებთ.
მეორე პრობლემა ქვეყნის შიგნითაა და მდგომარეობს იმის გაუცნობიერებლობაში, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი - ეს არის თავისუფალი ადამიანი... ყოველ ადამიანს აქვს ღვთისაგან ბოძებული ბუნებითი უფლებები: სიცოცხლის უფლება, სიტყვის უფლება, საკუთრების უფლება და უკეთესი ცხოვრებისაკენ მისწრაფების უფლება... ამის გარანტი ხელისუფლება უნდა იყოს და ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ, სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე, შეუქცევადად უზრუნველყოს ადამიანისათვის: საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვა და განათლების მიღება. სწორედ ასეთი ხელისუფლება იქნება ეროვნული, ხელისუფლება
ხალხისათვის.
ამ დოკუმენტის ნიშანსვეტია ადამიანი, მისი თავისუფლება. ნათქვამია: „ყოველი ადამიანი უნდა
აცნობიერებდეს ბიბლიურ შეგონებას: თავისუფლებისათვის გაგათავისუფლათ ღმერთმა და ნუ იქნებით ადამიანთა მონები“...
დოკუმენტი, ერთის მხრივ, ამკვიდრებს, რომ დღეს ქვეყნისთვის
უმთავრესია ქართული აზროვნების დამკვიდრება, ყოველივე ქართულის დაცვა, ყოველივე ქართულის
განვითარება, რადგან „ქართული“ ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას და მოიცავს მთელს საქართველოს
და, მეორეს მხრივ, აღიარებს გლობალიზაციას, როგორც კაცობრიობის განვითარების ობიექტურ კანონზომიერებას და მთავრად მიიჩნევს არა მის წინააღმდეგ ბრძოლას,
როგორც ეს დღეს ხდება საზოგადოების დიდ ნაწილში, არამედ უმთავრესად თვლის ქართული ცნობიერების,
ქართული კულტურის, ქართული ტრადიციების დაცვა-შენარჩუნება გლობალიზაციის ურთულეს და
უმძიმეს პერიოდში.
ამ დოკუმენტის შექმნის სათავეებთან დიდი საზოგადო მოღვაწეები,
როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, „სახელმწიფო კაცები“ დგანან. სწორედ მათი დიდი სურვილია, რომ „მოქმედების მანიფესტს“ შემოუერთდეს
სრულიად საქართველო, ჩვენი სამშობლოს ყველა
მეგობარი, რომ სწორედ ასეთ ერთობას შეუძლია დაასრულოს ქვეყნის გარედან მართვა, დაიბრუნოს
საქართველო, გახადოს იგი რეალურად დამოუკიდებელი და დემოკრატიული, გვაცხოვროს სულიერებითა
და სიყვარულით.
ყოველივე ამის საფუძვლად კი, ბატონ რეზო ჩხეიძეს მართლაც
სახელმწიფო კაცს „მოქმედების მანიფესტის“ შექმნის ინიციატორს, ქართული მართლმადიდებელი
ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი უწმიდესი და უნეტარესი და ისტორიული ქართული ტოლერანტობით
შექმნილი თაობათა ერთიანობის დიდ მოძრაობის დაწყება მიაჩნდა. ამ უკანასკნელის სათავეში უნდა ყოფილიყო მეცნიერებათა აკადემია, სტუდენტი
ახალგაზრდობა, ეროვნული სულის კულტურის მოღვაწეები ქართული სულისკვეთების დიდი ძეგლის
„კიდევაც დაიზრდებიან“ ავტორის, მსოფლიოში მონუმენტური ქანდაკების გამორჩეულ ლიდერად
აღიარებული მერაბ ბერძენიშვილის თავკაცობით. ეს იდეა სრულად გაიზიარა „ქართული ერთობის
დარბაზის“ კონგრესის გელათის 8 თებერვლის,
თბილისის 9 მარტის და ბათუმის 27 მარტის სესიებმა.
დღეს ჩვენ განსაკუთრებული შეხვედრა გვაქვს. მის განსაკუთრებულობას უპირველესად 26 მაისი -
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჩვენი ერთგულება „მოქმედების მანიფესტისადმი“ და
ის განაპირობებს, რომ ჩვენ დღეს პირველები
ვნახავთ რეზო
ჩხეიძის უნიკალური წიგნს: „ჩემი
ცხოვრება,
ფილმები,
მეგობრები,
შვილები“, წარმოდგენილი იქნება კინორეჟისორების
კოტე ვერულაშვილისა და ზვიად მესხის ფილმი რეზო ჩხეიძეზე „ის
რაც მახსოვს“.
ასეთი მასშტაბის ჩვენი პირველი შეხვედრაა ბატონი რეზოს გარდაცვალების
შემდგომ.
დიდი კაცი დააკლდა საქართველოს. ქართული ცნობიერების
პლანეტარულად მოაზროვნე კაცი, მართლაც „მსოფლიო ელჩი“
მოქმედებით და ცხოვრების წესით,
მთელი მისი ცხოვრებაა ამის დასტური. ბოლო წლები კი განსაკუთრებულად: მან დაასრულა ფილმი
„ქრისტეს საფლავზე დანთებული სანთელი“. ვერ იტანდა დაპირისპირებას და სწორედ ჰარმონიზაციისა
და თანამშრომლობის განწყობით მისი ინიციატივით შეიქმნა „ქართული ერთობის დარბაზი’.
... გრძნობდა, რომ ქართული სატელევიზიო სივრცე ქართული აღარ იყო, უფრო მეტიც, ებრძვის
საქართველოს და შექმნა ტელევიზია „ქართული“ , რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით
ადრე საჩუქრად გადასცა საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს შვილებსა და მეგობრებს.
მხოლოდ დიდ კაცსა და დიდ მოაზროვნეს შეეძლო ეთქვა სიკვდილამდე
რამდენიმე თვით ადრე: „ეს არის ჩემი თხოვნა ერისა და ბერისადმი, იქნებ უკანასკნელიც“.
რას თხოვს რეზო ჩხეიძე ერსა და ბერს?
- · გიყვარდეთ საქართველო, გაუფრთხილდით საქართველოს, დაიცავით საქართველო!
- · შევკრათ გათითოკაცებული სიკეთე ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად და სწორედ ამ განწყობით, მომავლის საქართველოსათვის სოლიდარული პასუხისმგებლობით ჩავატაროთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და მეგობართა მსოფლიო კონგრესი, აღვნიშნოთ მომავალ წელს გენიალური შოთა რუსთაველის 850 წლისთავი, შევქმნათ დიდი ქართული პროგრამა „საქართველო დაჭრილი მზეა..., მაგრამ მაინც მზე“.
- · რეზო ჩხეიძე ითხოვს დავით აღმაშენებლის უნივერსალური პრინციპის: „მხარდაჭერა ძლიერს - დაცვა სუსტს“ ანუ იმ პრინციპის საქართველოში დამკვიდრებას, რომელიც XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს მომავლად აღიარეს პლანეტის გამოჩენილმა ადამიანებმა შვეიცარიის ქალაქ დავოსის საერთაშორისო კონგრესზე.
- · რეზო ჩხეიძე ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიის საშუალებებს თხოვს ემსახურონ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს და არა უცხოელ პატრონებს... უსმინონ ერის სულიერი მამის, პატრიარქის შეგონებას და თავი დაიხსნან კატეგორიული აზროვნებისა და რადიკალიზმისაგან.
- · რეზო ჩხეიძე საქართველოს მოსახლეობისა და უპირველესად, ქართული ინტელიგენციის შეცდომად თვლიდა, რომ პარტიებს დავუთმეთ საქართველო, რაც ბოლო წლების ყველა უბედურების სათავე გახდა. მისი მოწოდებაც „დავიბრუნოთ საქართველო!“ რადიკალიზმით სავსე პოლიტიკოსებისა და პარტიებისაგან, მათი უცხოელი პატრონებისაგან ქვეყნის დახსნას ნიშნავს.
ასე კარგად, ლაკონურად მაგრამ მასშტაბურად
ჩამოაყალიბა ამ დიდმა კაცმა ყოველი ქართველის,
საქართველოს ყოველი შვილის და საქართველოს ნამდვილ მეგობართა გულისთქმა. პრაქტიკულად, ეს არის უფროსი თაობის ანდერძი, ისეთივე
მამა-შვილური, როგორიც მათ მიიღეს წინა თაობებისაგან.
ჩვენ,
ბატონ რეზოსთან ერთად „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებლები, მხარდამჭერები და
გულშემატკივრები ვართ ის ხალხი, ვინც ვიზიარებთ პასუხისმგებლობას დღეს ქვეყანაში შექმნილი
მდგომარეობისათვის, რაც მთავარია, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მეცნიერთა მონაწილეობით შექმნილი და მის სახლში ხელმოწერილი „მოქმედების
მანიფესტი - ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ -ს პრინციპების განხორციელებისათვის და ერთად დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანისათვის.
ყველაფერ
ამას ვაცხადებთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ეროვნული განწყობის ადამიანთა
მონაწილეობით. სწორედ ბატონი რეზოს მიერ საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის, საქართველოს
შვილებისა და საქართველოს მეგობრებისათვის საჩუქრად გადაცემულ ტელევიზიაში, იმ ტელევიზიაში,
რომელსაც ყველასათვის სანუკვარი სახელი ქვია: „ქართული“, რომელიც უკვე მის სიცოცხლეშივე
გამოცხადდა სააქციო საზოგადოებად, რომელიც განახლებული პროგრამით იწყებს მუშაობას და რომელსაც თვითოეული ჩვენთაგანის, ქართული სულის
შეძლებულთა - XXI საუკუნის სარაჯიშვილთა და ზუბალაშვილთა
დიდი მხარდაჭერა სჭირდება.
რეზო
ჩხეიძეს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჩვენ ძალიან მალე ბევრზე ბევრნი გავხდებოდით და ასეთი
დიდი ერთსულოვნებით შექმნილი ტელევიზია დიდი ქართული მონაპოვარი და უნიკალური ფაქტი
იქნებოდა მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში.
ასეც
იქნება. ეს ყველას ღირსების საქმეა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ნათქვამ ამ
სიტყვას დიდი ძალა აქვს. დიდი ძალა აქვს იმას, რომ „ქართული ერთობის დარბაზის“ მოქმედების
მთავარი საყრდენი სულიერება და მეცნიერება იქნება.
ჩვენც ვიწყებთ მოქმედებას.
ივლისის
ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის
სესიები, სექტემბერ -ოქტომბერში კონგრესის სესიები ჩატარდება თურქეთში, ირანში, საფრანგეთში,
რუსეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, ავსტრიაში,
უკრაინაში, ბელორუსიაში ანუ საზღვარგარეთის იმ ქვეყნებში, სადაც ისტორიულად თუ ქვეყნის
ბედუკუღმართობის, შექმნილი სიმძიმეების გამო ცხოვრობს ქართველობა, საქართველოს შვილები.
უახლოეს
პერიოდში ყველა ამ ქვეყანაში შეიქმნება საორგანიზაციო კომიტეტები და დაიწყება მუშაობა
კონგრესის საზღვარგარეთის სესიების მომზადებისათვის და ყველაფერი ამის პირველი ეტაპი
დასრულდება ოქტომბრის ბოლოს, თბილისობაზე, როცა შედგება ყოველთა ქართველთა, საქართველოს
შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის
და შოთა რუსთაველის 850 წლისთავის აღნიშვნის
მოსამზადებელი შეხვედრა, რომელსაც წარედგინება მომავლის დიდი ქართული პროექტი „საქართველო დაჭრილი მზეა“ .
ჩვენ
ვადასტურებთ ჩვენს და უამრავი ადამიანის ქვეყნის
შიგნით და ქვეყნის გარეთ ერთგულებას „მოქმედების მანიფესტისადმი“ და ყველას გასაგონად ვამბობთ:
მოქმედების დროა!
26 მაისი,
2015 წელი
საქართველოს დამოუკიდებლობის
დღე
P.S. შეხვედრა
შედგება 26 მაისს, 16 საათზე ტელეკომპანია „ქართულის“ საკონფერენციო დარბაზში.
ტელეკომპანია "ქართულის" მისამართი: ბოგდან
ხმელნიცკის 48 (სახლი - ა) (I კორპუსის გვერდით,
მარცხნივ)
Комментариев нет:
Отправить комментарий