15.05.2015

(ასავალ-დასავალი) რომან რურუა : სააკაშვილის საქართველო მტრობდა საქართველოს დაიცავდა თურქეთს


 რომან რურუა" სააკაშვილის ხელისუფლება მტრობდა საქართველოს და იცავდა თურქეთს" (იხ 24 გვ.)



მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი ფალავანი, მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის და საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, „ქართული ერთობის დარბაზის" დამფუძნებელი რომან რურუა შევარდნაძე-სააკაშვილის კლანურ მმართველობას აკრიტიკებს და იწონებს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, რითაც მან, როგორც ჭკვიანმა კაცმა, საკუთარი ნებით თქვა უარი, გამხდარიყო დიქტატორი!

- ბატონო რომან, 9 მაისს 70 წელი შესრულდა იმ სახელოვანი გამარჯვებიდან, რომელიც ქართველი კაცის - იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით იქნა მოპოვებული. არადა, სტალინის ძეგლი კარალეთის გზაზე, ნაჭარმაგევში, უპატრონოდ არის მიგდებული!

- როგორც ქართველი, გაოგნებული ვარ ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების უთავბოლობით. ძალიან უნდა „ივაჟკაცო", ასეთი უდიდესი ადამიანი გყავდეს და ვერ გამოიყენო! როგორც შოთა რუსთაველია შეუდარებელი და უბრწყინვალესი პოეზიაში, ასეთივე შეუდარებელი და განუმეორებელია სტალინი დიდ პოლიტიკაში! ვფიქრობ, დავით აღმაშენებელსაც უსათუოდ სტალინის სიმტკიცე და ხასიათი ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო იმხელა ომს ვერ მოიგებდა.

- პოლონეთის, ბალტიისპირეთისა და ამერიკის ელჩება ლამის ჯვარს აცვეს გორის საკრებულოს თავმჯდომარე - გორში სტალინის ძეგლის აღდგენა როგორ დააპირეთო? ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა?

- დიახ, ეს არის ფაქტი - პოლონეთის ელჩი, ბალტიისპირეთის ელჩები, მგონი, ჩეხეთის ელჩიც, ჩამოვიდნენ გორში და ზუსტად ისე წავიდა საქმე, როგორც მათ უნდოდათ - სტალინის ძეგლი დღემდე უპატრონოდ არის მიგდებული! ჩვენ, სამწუხაროდ, კიდევ დიდხანს ვიქნებით ასეთ დღეში! როგორ გვექნება თავისუფალი საქართველო, როცა ეკონომიკა არ არსებობს და ქვეყანა, ფაქტობრივად, არაფერს აწარმოებს? სანამ საქართველოში წარმოება მკვდარია, ჩვენ ვიცხოვრებთ მუდმივი ინფლაციის პირობებში!

- ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან უნდა წასულიყო თუ არა?

- ბიძინა ჭკვიანი კაცია. ჩვენისთანა ხასიათის ხალხს მხოლოდ დიქტატურა მართავს, ბიძინას ხასიათში არ დევს დიქტატორობა და ამიტომაც მან უარი თქვა პოლიტიკაზე.

- მაშინ რა გამოდის, - სააკაშვილი მართალი ყოფილა, ქვეყანაში საშინელი დიქტატურა რომ დაამყარა და თავის სექტასთან ერთდ ათას უბედურებას სჩადიოდა?

- სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ჩვენი საგარეო ვალი იყო 5 მილიარდი დოლარი; სამაგიეროდ, 13 მილიარდი დაგვიტოვა ვალად, ანუ ძველს ახალი 8 მილიარდი დაამატა. თუ სხვა რამეზე არ ვიფიქრებთ, გამოდის, რომ სააკაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯა ლარის გასამყარებლად და ასე „დაიჭირა" ეროვნული ვალუტა... ეს არის ეკონომიკა?

- როგორც ვიცი, ქსნის მინის ტარის ქარხნის გამო თქვენ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგიქმნეს და უზენაეს სასამართლოში პროცესი ძალით წაგაგებინეს!
- მოკლედ რომ გითხრათ, შევარდნაძის დროს თურქებს მიჰყიდეს ქსნის მინის ტარის ქარხანა, ხოლო აქედან მე მომყიდეს ორი ხაზი, რომელიც იყო რუსეთში. თურქები ადგნენ და ქსნის მინის ტარის ქარხანა განგებ გააჩერეს, რათა თავიანთი ქარხნები ამუშაონ თურქეთში... მქონდა შესაძლებლობა, მთავრობის საიდუმლო წერილები მომეპოვებინა და რომ ჩაიხედოთ შიგ, გული მოგიკვდებათ - სააკაშვილის ხელისუფლება მტრობდა საქართველოს და იცავდა თურქეთის ინტერესებს! იცით თუ არა, რომ სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი ქსნის მინის ტარის ქარხანაში, რომელიც მთელ კავკასიის რეგიონს მოამარაგებს პროდუქციით, 15-პროცენტიანი წილის მფლობელები არიან? იცით, მინის ტარის ქარხანას რა პირობებით მიეწოდება დენი, გაზი და წყალი? მომეცით ეს პირობები და საქართველო აყვავდება! ნასყიდობის ხელშეკრულება ხელში მაქვს და ის ორი ხაზი მაინც არ მომცეს. ქარხანა რა პროდუქცისაც უშვებდა რუსეთში მთელი ხუთი წლის განმავლობაში, იქიდან კაპიკი არ მიმიღია. სამაგიეროდ, ფული შემოჰქონდათ მალულად და ვინც ამ საქმეში თავიდან ბოლომდე იყო ჩაფლული, დღეს მაღალ თანამდებობებზე არიან წამოსკუპებულნი! ყოველთვიურად ამ ორი ხაზით 300 ათასი დოლარი უნდა შემოსულიყო, საიდანაც 20 პროცენტი იყო სახელმწიფოსი... იანგარიშეთ, 5 წლის განმავლობაში რა ფული აქვთ შეჭმული! კეზერაშვილთან რომ მივედი, მაშინ ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, მიპასუხა - ეგ მე რა ვიციო?! - ბიჭო, საქართველოს ქონებაა, ფული ეკუთვნის ქვეყანას, მიხედეთ საქმეს-მეთქი! - ვთხოვე. ხელი არ გაანძრიეს... ვუჩივლე თურქებს და მინიმალური ზიანის, 5 მილიონი დოლარის ანაზღაურება დავაკისრე. დემირელმა და ლებანიძემ - ჩვენმა ელჩმა თურქეთში, შევარდნაძეს სასწრაფოდ მოსწერეს, - ოლიმპიური ჩემპიონი რურუა საქართველოში თურქებს ახრჩობს და თუ უზენაეს სასამართლოში ამ პროცესს წააგებენ, უმალ დატოვებენ ქვეყანასო! ამასობაში შევარდნაძე გადააგდეს... სააკაშვილი კი, კოტე კემულარია რომ დანიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მაშინ გამოვიდა და ჩემი მისამართით თურქების ნათქვამი გაიმეორა - ქართველი ბიზნესმენები უცხოელ ინვესტორებს ახრჩობენ, ქსანში ასეთი და ასეთი ამბავი ხდებაო! ერთ კვირაში საქმე წამაგებინეს უზენაეს სასამართლოში და ვეღარც ის 5 მილიონი მივიღე, აქაოდა, თქვენი მოთხოვნა ხანდაზმულიაო! დიახ, სააკაშვილი ჩაერია პირდაპირ სასამართლოს საქმეში და თურქების მხარე დაიჭირა! იმ დღეს, როცა უზენაეს სასამართლოში პროცესი იყო, გიორგი ასანიძეს დაურეკა გიორგი არველაძემ - აგერ, მე და პრეზიდენტი სტრასბურგში ვართ და რა გინდათ, სასამართლოს კართან რომ დგახართ და რომან რურუას გულშემატკივრობთ, სასწრაფოდ გამოდით მაქედანო! მარტო ამ საქმის გამო არიან ეს ნაძირლები დასაჭერები - თურქებს ყველაფერი და ჩვენ - არაფერი!

- ბატონო რომან, ვინ არის ფადი ასლი? მოგეხსენებათ, ამასწინათ გამოხტა ტელევიზიით და ჭკუის სწავლება დაგვიწყო...

- სირცხვილი არ არის? მართლაცდა, ვინ არის ფადი ასლი - ეს თაღლითზე თაღლითი! ხომ იცით, რითი ვაჭრობს? ბუშის ბარკლებით! ეგ მე საბერძნეთშიც ვნახე კონგრესზე, - იქაც თაღლითობს და აქაც თაღლითობს! რისი ბიზნესმენი ეგ არის? ამერიკის სავაჭრო პალატას თუ ფადი ასლი ხელმძღვანელობს, მაშინ კარგად ყოფილა ამერიკის საქმე!

- სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" რეანიმაცია როგორ წარმოგიდგენიათ?

- თუ ეს მოხდა, საბოლოოდ დაიღუპება ქვეყანა! არ ვიცი, დღევანდელი ხელისუფლება რას ფიქრობს, მაგრამ თუ მთავრობამ ამ დამნაშავეებს არ მიხედა და ციხეში არ გაუშვა, აუცილებლად მობრუნდებიან ხელისუფლებაში!

- თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა მოგწონთ?

- ისეთ რამეს გეტყვით, ხალხი აუცილებლად გაიცინებს! რა შავ ქვად  გვინდა ჯარი და ვისგან ვიცავთ თავს, ხალხო, გამაგებინეთ! თურქეთისგან თავს ვერ დავიცავთ, რუსეთისგან - ვერ დავიცავთ, აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარია, სომხეთთანაც იგივე ურთიერთობა გვაქვს და რად გვინდა ჯარი, შავ ზღვას უნდა ვეომოთ? ხალხს რომ ვაგზავნით სხვის ქვეყანაში, რა გვინდა? აქედან სხვის მოსაკლავად მიდიან ავღანეთსა და აფრიკაში და გმირები ჩამოდიან მერე? სირცხვილია, კაცო, სირცხვილი!

- ბატონო რომან, ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობით კმაყოფილი ხართ?

- არა ვარ კმაყოფილი! ისე გამოვიდა, რომ თავად ვთქვი უარი პრეზიდენტობაზე, ხოლო, ვინც პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო, მან პოსტი ვერ დაიკავა! ახლა მე მაბრალებენ იმ კაცის - ვალერი გელაშვილის პრეზიდენტად ვერგასვლას, - დროზე არ გაიტანე განცხადება უკანო! თავიდანვე ვთქვი, რომ არ მინდოდა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა და მე რა შუაში ვარ? არა ვარ კმაყოფილი, ცუდი სიტუაციაა!



ესაუბრა დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „ასავალ-დასავალი"

Комментариев нет:

Отправить комментарий