„მომდევნო 2016 წელი შოთა
რუსთაველის საიუბილეო წელია. 850 წელი სრულდება გენიალური პოეტის დაბადებიდან. მქონდა
ბედნიერება, ვყოფილიყავი 800 წლის იუბილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს, მართლაც მსოფლიო
დღესასწაული იყო სრულიად საქართველოსთვის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, რომ დიდი მგოსნის 850 წელი გაცილებით
უფრო მასშტაბური გახდეს, იუნესკომ მიიღოს გადაწყვეტილება ამის თაობაზე და ეს იუბილე
აღინიშოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
სწორედ ამიტომ
უნდა მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო
კონგრესი ოქტომბრის თვეში, თბილისობის დღეებში. შოთა რუსთაველის სახელთან დაკავშირებულმა
ამ დიდმა საერთაშორისო ფორუმმა უნდა შეგვაძლებინოს საქართველოს შვილთა და საქართველოს
მეგობართა დიდი მობილიზება, როგორც ქვეყნის შიდა პრობლემების გადასაწყვეტად, ასევე
ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ასამაღლებლად. გენიალურმა შოთამ და მსოფლიო კონგრესმა
უნდა გაგვაერთიანოს მთელ მსოფლიოში მიმობნეული საქართველოს შვილები და საქართველოს
ნამდვილი მეგობრები. ეჭვი არ მეპარება, რომ გვექნება ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა.
მეამაყება, რომ „ქართული ერთობის დარბაზი“ ემიჯნება ყოველგვარ დაპირისპირებას და საქმიანობის
მთავარ მიმართულებად მოქმედებათა ჰარმონიზაციას მიიჩნევს. ეს, მართლაც, საშური საქმეა.
დაპირისპირება სუსტების მოგონილია, თანამშრომლობის ჰარმონიზაცია - მხოლოდ ძლიერთ ხელეწიფებათ.
მსოფლიო პოეზიის
ერთი დიდი მწვერვალის, გენიალური შოთა რუსთაველის იუბილე ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი
ერთობის დემონსტრირებად უნდა ვაქციოთ ხალხმა და ხელისუფლებამ. ეს არის ჩემი თხოვნა, ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის
გამო, იქნებ უკანასკნელიც... ვიქნები ბედნიერი, თუ საქართველოს გაზეთები და ტელევიზიები
მხარს დაუჭერენ ჩემს მოსაზრებას. მათ მიმართაც აღარ მექნება მეტი თხოვნა.
გვიყვარდეს საქართველო!
გავუფრთხილდეთ საქართველოს! დავიცვათ საქართველო!“
გაზეთი "ასავალ-დასავალი"#15
10-18 აპრილი
Комментариев нет:
Отправить комментарий