01.03.2015

წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს


"ქართული ერთობის დარბაზმა" 9 მარტს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაგეგმილ "ქართული ერთობის" კონგრესზე მოიწვია  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

მოწვევის  წერილში, რომელსაც ქართული ერთობის დარბაზის სახელით ხელს აწერენ ვიცე-პრეზიდენტები, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი რომან რურუა და პროფესორი რამაზ ყურაშვილი, ნათქვამია:






ბატონო  ბიძინა,

დიდი პატივი გვერგო წილად, ჩვენი მეგობრების, მეცნიერებისა და კულტურის ცნობილი მოღვაწეების, ბატონების: რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, ტარიელ ხარხელაურის, თემურ გუგუშვილის, ომარ მხეიძის, არნოლდ გეგეჭკორის სახელით მოგიწვიოთ „ქართული ერთობის“ კონგრესზე, რომელიც შედგება 9 მარტს, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.

ჩვენ დიდად გვაფიქრებს ქვეყანაში შექმნილი რეალობა, როდესაც  გარეთ არსებული ანტიქართული ძალები და მათი ერთგული ცალკეული პიროვნებები თუ ორგანიზაციები ქვეყნის შიგნით ახერხებენ საქმიანობის კოორდინაციას. ამას ემატება ისეთი სერიოზული არასასიამოვნო მოვლენები, როგორებიცაა ე.წ. ექსპერტთა  მკვეთრად ნეგატიური პროგნოზებით გამოწვეული მოსახლეობის პანიკა და შიდა პროცესები მმართველ ძალაში.  შედეგად - ქვეყანაში შექმნილი ვითარება იმ ნიშნულს უახლოვდება, როცა პასუხად აუცილებელია საქართველოს ყველა ჭეშმარიტი შვილის მოქმედების კონსოლიდაცია.

გელათში დაწყებული კონგრესის მუშაობის გაგრძელება  დედაქალაქსა და ყველა რეგიონში, პარალელურად უცხოეთშიც, მიმართული იქნება იქეთკენ, რომ ემოციებით დანგრეულ საქართველოში დაბრუნდეს გონების და გონიერების ეპოქა; რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის დიდი ერთობის განწყობა შენარჩუნებული იქნას, ხოლო მათი მოქმედება, ვინც დეკლარირებულად დაასუსტა ან ფარულად ახლაც ასუსტებს ამ დიდ ეროვნულ ერთსულოვნებას - შეფასდეს პირუთვნელად. ყოველივე ეს უნდა გაკეთდეს მანამ, ვიდრე ხალხს ხელისუფლებასთან დაპირისპირების დაუძლეველი სურვილი არ გასჩენია.

მაშინ, როდესაც თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლის ინსტრუმენტად ბევრმა ხელისუფლების კრიტიკა აირჩია, ჩვენ ჰარმონიზაციაზე ვსაუბრობთ.

ჩვენ მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, შესაძლებლობები სრულად ჩავაყენოთ ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად სახელმწიფოს უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანის საქმეში.

სწორედ ასეთი მოღვაწეობა გახლავთ უპირველესი მიზანი „ქართული ერთობის“ დარბაზისა დღეს და იმედია, იგი სამშობლოს საკეთილდღეოდ არაერთ კეთილ ნაყოფს გამოიღებს.
  
ბატონო ბიძინა,
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას წარმართავს თქვენ მიერ რეკომენდირებული პრემიერ-მინისტრი და მთავრობა,  რომ  საბედნიეროდ, ჯერ კიდევ დიდია თქვენი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, ჩვენ არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ მოსაწვევი ბარათით. სწორედ თქვენ ორს მოგმართავთ წერილით, რომელიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, როგორც ავტორებს, ისე ადრესატებს.

ჩვენ, ხელისუფლება და ხალხი, ერთმანეთს ვჭირდებით!

უპირველესი ქართველის, დიდი დავით აღმაშენებლის დღეს, გელათის აკადემიის წმინდა კედლებში წამოწყებული ეს მამულიშვილური საქმე, გრძელდება 9 მარტს რუსთაველის თეატრში, სადაც თქვენი მობრძანება საზოგადოებისათვის იქნება ნიშანი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობისა ამ უმძიმეს პერიოდში; იქნება ნიშანი მომავლის იმედისა საყოველთაო დეპრესიის დღეებში; იქნება ნიშანი ხელისუფლებისაგან ხალხზე ზრუნვისა, იქნება ნიშანი იმისა, რომ დამთავრდა ანონიმურ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებათა დრო და დაიწყო სოლიდარული მოქმედება სამშობლოს გადარჩენისათვის; იქნება ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფოში დაიწყო ეპოქა, როცა ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

გვწამს და გვჯერა, რომ ხალხი და ხელისუფლება შევძლებთ დიდ თანამშრომლობას მომავლის საქართველოსათვის.

პატივისცემით,
 „ქართული ერთობის დარბაზის“ დამფუძნებელთა სახელით
ვიცე-პრეზიდენტები

რომან რურუა                                                             რამაზ ყურაშვილი
მსოფლიოს მრავალგზის და                                   პროფესორი, დიაბეტისა და თიროიდული
ოლიმპიური ჩემპიონი                                               საერთაშორისო ფედერაციების წევრი


27 თებერვალი, 2015 წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий