ბევრი გაიკვირვებს, ვიცნობთ აბა არ ვიცნობთ, ის ხომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და თანაც ბავშვობიდან მის სატელევიზიო გადაცემა "ბუნების კარზე" გავიზარდეთო?... მეც მეგონა რომ ვიცნობდი... მეგონა, რომ ის მხოლოდ დიდი მეცნიერი და კარგი ორატორია, მეგონა, რომ, როგორც ბევრი სხვა, მხოლოდ პატიოსნებით, ადამიანობით და უკიდეგანო განათლებით გამორჩეული პიროვნებაა, მაგრამ შევცდი.... ის ჩემი მეგობარი ყოფილა ისევე, როგორც თქვენი მეგობარიც არის და ახლავე გეტყვით, რატომ...
არნოლდ გეგეჭკორი არ არის მხოლოდ მეცნიერი... მხოლოდ მოგზაური... მხოლოდ ფოტოხელოვანი... ის ამ ყველაფერზე დიდია, რადგანაც ვაჟას და ანას შემდეგ, ალბათ, შეიძლება ითქვას, ყველაზე ახლოს მივიდა ხმელ წიფელთან და შვლის ნუკრთან, თუთასაც გაესაუბრა, ოშკიც მოინახულა, მთასაც იყო და მწვერვალზეც იდგა... მერე მოვიდა და ყველაფერი ახლოს, ხელის გაწვდენაზე მოგვიტანა _ ეს ჩვენი ბუნებაა, ჩვენი სახლია, ჩვენი ადგილის დედაა და "ამას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოსო"...
მე ბატონ ოტია იოსელიანზე კარგად ვერ ვიტყვი... ის კი სულ რაღაც ორი დღის გაცნობილ ადამიანზე წერს: "ყველას მეგობარია არნოლდ გეგეჭკორი, ვინც ბუნებაში თხასავით არ დაპეტელობს, ხასხასა ხავერდოვან კორდს მარტო მოსაბდღვნელად არ უყურებს, პირიმზე ყვავილებს – გასათელად და იდუმალ ტყეებს – გასაჩეხად. ვინც იცის, ქათქათა მწვერვალები მარტო თოვლი და ყინვა არაა, ვისაც სწამს, მაღლა რომ ღმერთია და ვისი მოდარაჯე თვალიც ანგელოზებს უცქერის. ვინც იცის, სანამ მიწაზეა, მიწას, ბუნებას არ უნდა ამძიმებდეს"... აჰა, ის ფორმულა, რატომაც არის ჩვენი მეგობარი არნოლდ გეგეჭკორი... და ამით აუცილებლად უნდა ვიამაყოთ, რადგან ვისაც მამული ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა სიარულით შეგვიგრძვნია, ბატონი არნოლდის მეგობრების: მუხრან მაჭავარიანის, ანა კალანდაძის, შოთა ნიშნიანიძის, გურამ დოჩანაშვილის, ოტია იოსელიანის სახელების გვერდით მოგვიწევს დადგომა...
ძნელია ერთ საგაზეთო წერილში ჩაატიო ყველაფერი, რისი თქმაც ამ ადამიანზე შეიძლება. ვერ დაწერ მასზე, როგორც მხოლოდ მეცნიერზე, რადგან იქვე უნდა მიაწერო, როგორ აკავშირებს ერთმანეთთან ხესა და ქვას, ტაძარს და პეიზაჟს, ჯვარსა და ვაზს, ლექსსა და ფოტოს. მისი 50-მდე სამეცნიერო წიგნიდან არც ერთი არ გამოსულა ამ პარალელებისა და პოეტური შედარებების გარეშე, თუ სადმე ვაზი უხსენებია, იქვე დაურთავს ფოტო მინაწერით "ვაზო შვილივით ნაზარდოო", თუ სადმე მთაზე უსაუბრია, იქვე მიუხატავს გერგეტის სამება ანას სტრიქონით: "ჩამოშვავებულ კლდეებზე, მაღლა ვინ დადგა სახლი? ვინ დადგა სახლი? ნისლმა? ღრუბლებმა? წვიმამ? ქარებმა? იდუმალებამ! იდუმალებამ!"...
ის ბუნების კაცია და ცხოვრების ნახევარი ტყეში, ქარში, უდაბნოსა და ველებზე გაუტარებია, ბევრი უფიქრია და ეს ნაფიქრალი ფოტოსა და პოეტურ სტრიქონებში გადაუტანია. ის არის ბიოლოგიც და ფილოლოგიც, ჟურნალისტიც და არქეოლოგიც, გეოგრაფიც და ალპინისტიც... ერთ ადამიანს დედამიწის ხუთივე კონტინენტი მოუვლია და ფეშენებელური სასტუმროების ნომრების ნაცვლად ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ველურ ტომებთან თვეები უცხოვრია...
მივყვეთ თავიდან და თუ გამოგვივდა, იქნებ ერთი ახალი შტრიხიც შევმატოთ არნოლდ გეგეჭკორის პორტრეტს, რომლის დახატვა მე კი არა, კლასიკოსებსაც უცდიათ და სათქმელი მრავალწერტილით დაუსრულებიათ.
მეცნიერი
ცნობილი ზოოლოგი, ბიოგეოგრაფი, პუბლიცისტი და მოგზაური, პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობის პარალელურად, უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტთანაც თანამშრომლობს. იგი ლექციების წასაკითხად მიწვეული იყო ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტებზე: აშშ-ში (ატლანტის უნივერსიტეტი), ავსტრალიაში (სიდნეი – ახალი უელსის უნივერსიტეტი, მელბურნი – მონაშის უნივერსიტეტი), ახალ ზელანდიაში (ოკლენდის უნივერსიტეტი), აფრიკაში (კენია _ ნაირობის უნივერსიტეტი, ტანზანია – დარ-ეს-სალამის უნივერსიტეტი), მექსიკაში ( მეხიკო-სიტის აგრარული უნივერსიტეტი), ეკვადორში (კიტოს უნივერსიტეტი). აქ შეგნებულად აღარ ჩამოვთვალეთ ბევრი სხვა ევროპული უნივერსიტეტი, მხოლოდ იმიტომ, რომ გვეჩვენებინა, რამდენად ფართო გეოგრაფიულ არეალში ცნობენ არნოლდ გეგეჭკორს და რომელი ქვეყნების მეცნიერებსა და სტუდენტებს აცნობს კავკასიას და საქართველოს, როგორც სამიათასწლოვანი კულტურის მქონე ქვეყანას.
არნოლდ გეგეჭკორი პირველი ქართველი ბუნებისმეტყველია, რომელმაც სამეცნიერო მივლინებები საველე პირობებში გაატარა და დედამიწის ხუთი კონტინენტის ყველა ბუნებრივი ზონა შეისწავლა. მისი არცერთი წიგნი არ ეყრდნობა მხოლოდ თეორიას, ყველა ნიმუში და მაგალითი, რომელზეც წერს (და ეს უიშვიათესი სამეცნიერო მასალაა), საკუთარი თვალით უნახავს და შეუსწავლია. თავად ამბობს, ამ კონტინენტებზე ფლორისა და ფაუნის ნებისმიერი ნიმუში პირველს თუ არა, მეორეს ან მესამეს მაინც მინახავსო... მისი წიგნების და თანდართული ფოტომასალის გაცნობა ამაში ადვილად დაგარწმუნებთ.
მან შეისწავლა დედამიწის ყველაზე გრძელი მდინარის, ნილოსის და ყველაზე დიდი წყალშემკრები მდინარის, ამაზონის სათავეები, ყველზე დიდი ტბები: ბაიკალი და ტანგანიკა, მაღალმთის ყველაზე დიდი ტბა – ტიტიკაკა (სამხრეთ ამერიკა), ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალპური ტბა ტაჰო, ყველაზე მლაშე ტბებიდან _ ნატრონი (კენია), ყველაზე გრძელი ჩანჩქერებიდან _ იოსემიტი, ყველაზე დიდი უდაბნოებიდან – საჰარა (აფრიკა), ყარაყუმი (ცენტრალური აზია) და კიდევ ბევრი რამ არაცოცხალი ბუნებიდან.
არნოლდ გეგეჭკორმა დაკვირვებები აწარმოა ცოცხალი ბუნებიდან: რელიქტურ სექვოიასა და სექვოიადენდრონის ტყეებში (კალიფორნია, აშშ), სამეფო ევკალიპტის ტყეებში (ტასმანია), ყველაზე პრიმიტიულ ძუძუმწოვრებზე (ავსტრალია), ტროპიკულ ტყეებზე, ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე. მან იცხოვრა ავსტალიის, აფრიკისა და ამერიკის აბორიგენებთან ერთად, რომელთა ნაწილი ამჟამადაც პალეოლითისა და ნეოლითის ეპოქათა წესით ცხოვრობენ.
ბატონი არნოლდი 50-მდე წიგნის ავტორია. არ არსებობს საქართველოსა და მთელს კავკასიაში ხეობა, რომელიც მას ფეხით არ მოევლოს, არ შეესწავლოს და წიგნად არ მიეწოდებინოს სტუდენტებისა და დაინტერესებული მკითხველისთვის.
ალბათ დროა შევწყვიტოთ არნოლდ გეგეჭკორის სამეცნიერო კვლევებზე საუბარი, რადგან მისი სრული სურათის წარმოჩენას ათი გაზეთიც არ ეყოფა...
ბინდიბუსა და მასაის ტომებთან
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში, სათავგადასავლო ლიტერატურის კითხვისას, არ ეოცნებოს, თავადაც ეცხოვრა ველურ ტომებთან, თავადაც ენადირა ხის შუბით, მოეკლა ველური ნადირი, ხელით შეხებოდა აფრიკის ჯუნგლების სილამაზეს და მზის ჩასვლისას ესმინა ლომების გამაყრუებელი ღრიალისთვის. მე ამაზე ხშირად მიოცნებია და ადამიანურად შემშურდა ბატონი არნოლდ გეგეჭკორისა, რადგანაც მან მოახერხა, აქლემებით გადაესერა უდაბნოები და რამდენიმე თვე ეცხოვრა დღეს შემორჩენილ ბინდიბუსა და მასაის ველურ ტომებთან. ეს კოლოსალურ ადამიანურ ენერგიასა და რკინისებურ ჯანმრთელობასთან ერთად, ნებისყოფასაც მოითხოვს.
ვეკითხები _ ბატონო არნოლდ, აი ახლა, წამიერად, მიღებული შთაბეჭდილებებიდან რომელი გახსენდებათ? არც ფიქრობს ისე მპასუხობს _ მე გამზირები და ფეშენებელური შენობა-ნაგებობები არ მაინტერესებდა, აი ველურ ტომებთან თანაცხოვრების შთაბეჭდილებები კი აქამდე მომყვაო...
გასახსენებლად ნამდვილად ღირს ტანზანიაში, ნგორონგოროს კრატერის მახლობლად მობინადრე მასაის ტომელებთან ცხოვრება. ამ ტომის მამაკაცების პრინციპია საკუთარი მკლავის და შუბის მეშვეობით ინადიროს. "ეს მესაქონლე ტომია, თითოეულ ზრდასრულ მამაკაცს რამდენი ასეული ზებუც ჰყავს, იმდენი ცოლის მოყვანა შეუძლია... ისიც გაითვალისწინეთ, რომ მას ცოლს არ გაატანენ, თუ 5 დიდი ნადირი არ ჰყავს მოკლული. წარმოიდგინეთ, დილით მიდის 8 წლის მასაი, რომელსაც მიჰყავს ჯოგი, ხელში უჭირავს შუბი ნადირისთვის და ჯოხი _ ნახირისთვის. არ არსებობს ლომი, რომელიც მას საქონელს წაართმევს..." _ გვამბობს ბატონი არნოლდი და ჩვენს ცნობისმოყვარეობას ბინდიბუს ტომის შესახებაც აკმაყოფილებს: "ბინდიბუ ცენტრალურ ავსტრალიაში ბინადრობს და პალეოლითის ხანაში ცხოვრობს, მას არასოდეს ჰქონია შეხება რკინასთან, არასოდეს მოუყვანია რომელიმე კულტურული მცენარე და არ უცხოვრია განსხვავებული კულტურის ადამიანთან. ეს უდაბნოს ტომია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, 2 საათის ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ მთელი ოჯახი დააპუროს, ამ ტომის ზრდასრული მამაკაცი ნადირობს კენგურუ ვალაპიზე, ახალგაზრდა ვაჟი – ხვლიკ ვარანზე, ქალი და ბავშვი აგროვებს აკაციის ფესვებთან მობინადრე მატლებს და ფიკუსის ნაყოფს. სადილი გასაოცარი ოსტატობით კეთდება _ ამოთხრილ ორმოში ანთებენ ცეცხლს, მასზე აწყობენ კენგურუს ხორცს, როცა ის მომზადდება – ხვლიკის ხორცს, დარჩენილ ნაღვერდალში ყრიან მატლებს, რომელიც ბატიბუტივით იწვის. დესერტად აყოლებენ ფინიკის ნაყოფს. მათთან ცხოვრება ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, ძალიან საინტერესო იყო და შთაბეჭდილება, ცხადია, მთელი ცხოვრება გამყვება" - გვითხრა ბატონმა არნოლდმა...
ფოტოხელოვნება
ამ ფერთა პალიტრას, რაც არნოლდ გეგეჭკორის ფოტოაპარატს გადაუღია, ტილოზე ვერცერთი მხატვარი ვერ გადაიტანს. თითოეულ კადრში, რომელიც პეიზაჟიცაა, პორტრეტიც, ისტორიაც და ფოტოდოკუმენტალისტიკაც, აშკარად ჩანს რომ ბუნება მართლაც მბრძანებელია. აქ ნახავთ შვლის ნუკრს, "მოაზროვნე დათვს", ზამთრის ულამაზეს პანორამებს, გაზაფხულის ფერთა სისავსეს, შემოდგომის სიმყუდროვეს... მაგრამ ყველაზე მეტად გასაოცარი ისაა, თუ როგორ ხედავს თითოეულ კადრს მეცნიერი და ფოტოხელოვანი. "ახალგაზრდობაში კინოდოკუმენტალისტიკა მიტაცებდაო"... ამაზე მეტი დოკუმენტური მასალა არცერთ კინოში არ იქნება თავმოყრილი, რაც ბატონ არნოლდს ძველი, "ზენიტის" აპარატით გადაუღია და შემოუნახავს.
"არც კი ვიცი, რომელი უფრო მეტად მძლავრობდა ჩემში, ბუნებისმეტყველის თვალით დანახული, თუ ესთეტის თვალით დანახული ბუნებაო..." _ ხანდახან ჩაფიქრდება და ბოლოს იტყვის: ალბათ ორივე, რადგან ერთ მეორის გარეშე ვერც წარმომიდგენიაო... და იქმნება პარალელები ბუნებისა და ადამიანის ხელით წარმოქმნილი სილამაზისა, იქმნება სერიები ისტორიული ძეგლებისა, ქვაში ამღერებული სტრიქონებისა...
გულგრილი ვერ დარჩები, როცა მოისმენ, რომ ერთ პოეტურ სტრიქონს: "კლდის ფხაზე თეთრი ყვავილი, სანთელი ქარაფებისა", სამი წელი იღებდა თურმე, სანამ არ მიაგნო ამ ემოციის შესატყვის კადრს – ხევსურეთში, მდინარე როშკისწყალზე, ვეებერთელა ლოდის ნაპრალში ამოწვერილ 4 მიხაკს, რომელსაც ქარი აყელყელავებდა...
ერთგან, ალბათ სვანეთის ქარაფთა ძირში, თავისთვის ჩაუნიშნავს: "ნუთუ ოდესმე მომწყინდება აქაურობის ცქერა? ნუთუ დადგება დრო და მიზეზს ვეღარ გამოვძებნი, რათა კიდევ ერთხელ მოვისმინო მულახურას მიერ ჩამოტანილი ზვიად მთათა საარაკო ამბები, რათა კიდევ დავტკბე სურათით, რომლის აღწერა მხოლოდ სწორუპოვარი პოეტის კალამს თუ ხელეწიფება: "ლაჰილზე ისევ დიდებული და სავსე მთვარეა... და ყველაფერი ზღაპრულია და იდუმალია _ ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი და ლამარია..." ქალბატონო ანა, მთვარე ამ უჩვეულო დილასაც შემორჩენია ლაჰილის ზეცას, ოღონდ ნამგლისებრი და გამჭვირვალე"... მერე ეს ჩანაწერი წიგნშიც მოხვედრილა და ბატონ არნოლდთან ანა კალანდაძის მეგობრობას ამით ჩაჰყრია საფუძველი...
ვერა და ვერ დავსვი წერტილი....
არ არის საკმარისი ის, რაც დავწერე, მაგრამ რადგანაც სიტყვას აქ უკვე ძალა აღარ აქვს, იქნებ ბატონი არნოლდის ფოტოებმა შეავსოს დარჩენილი სიცარიელე...
ფოტოებში განსხეულებული პოეტური სტრიქონები ჩემზე უკეთ იტყვის, რა საოცარი სიფაქიზე იმალება ამ კლდესავით შეუდრეკელ ადამიანში, რომელმაც თავისი ცხოვრებით თქვა სათქმელი: სამყარო, ადამიანი და რწმენა ერთი მთლიანობაა, ერთი სხეული, რომელსაც მოვლა და შენახვა სჭირდება...
არნოლდ გეგეჭკორის ფოტოები:
შვლის ნუკრის ნაამბობი
აფრიკული სპილო
წყარო: http://www.polity.ge/sciense/science/2504-bunebis-kaci.html
სტუმრად აფრიკაში
Комментариев нет:
Отправить комментарий