07.12.2014

საქართველოსა და პატრიარქის წინაშე ქედმოხრილი კაცი - რეზო ჩხეიძეს ხვალ 88 წელი უსრულდება


ხვალ, 8 დეკემბერს დიდ კინორეჟისორს, მშვიდობის მსოფლიო ელჩს, რეზო ჩხეიძეს 88 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით ცნობილმა მოღვაწეებმა მიმართვა გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ხვალ, 8 რიცხვში, 88 წლის იუბილეა მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვანისა!...

სამჯერ რვიანი!...
რა სიმბოლური დამთხვევაა საკრალური ციფრისა და მინიშნებებისა...
სამი ხომ თავადაა ქრისტიანობის სიწმინდისა და სიძლიერის უპირველესი ნიშანი...
ერთი რვიანიც კი, გარკვეული რაკურსით დანახული - უსასრულობის სიმბოლოა.
აქ კი, არა უბრალოდ ერთზე მეტი, არამედ, სწორედ რომ - სამია!!!
გვსურს ბატონი იუბილარის სახელი და შემოქმედება უსასრულოდ განიფინოს ახალგაზრდა თაობის სულში, გონებაში, მამულიშვილობაში.
მისი დიდი გულის კარნახით შობილ შედევრს „ჯარისკაცის მამას“ ამ დღეებში 50 წელი უსრულდება. 37 წლის ახალგაზრდა შემოქმედმა შექმნა მსოფლიური მნიშვნელობის კინემატოგრაფიული ძეგლი, რომლის იუბილეს იუნესკო დიდი პატივით აღნიშნავს 11 დეკემბერს რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.
პლანეტარულმა აზროვნებამ, ადამიანის სიყვარულმა, ჰუმანური ზოგადსაკაცობრიო იდეებისადმი ერთგულებამ, მას ღირსებით ატარებინა მსოფლიო მშვიდობის ელჩის უაღრესად საპატიო ტიტული.
სხვა არაერთი უმაღლესი წოდებისა თუ შემოქმედებითი პრემიის კავალერს უპირველეს ჯილდოდ განგებამ მშობელი ხალხის სიყვარული და უცხოელთა ღრმა პატივისცემა არგუნა.
ყველას გვეამაყება, ისტორია მეტად დააფასებს იმას, რომ მსოფლიოს ყველა კონტინენტზე უამრავი ადამიანი ჯარისკაცის მამას საკუთარ მამად აღიქვამდა. ეს პირველი უდიდესმა რაჯ კაპურმა თქვა. იგივე დაწერა ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა უსიხარამ. ისტორიას შემორჩა ჩვენი საამაყო პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ჩანაწერები თურქეთში ქართველობასთან მისი შეხვედრების თაობაზე: „როცა „ჯარისკაცის ბაბაიას“ ვუყურებდით, ყველანი ცრემლითა და სიხარულით ვუტაშუნებდით“ -ო. ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ოდრი ჰეპბერნი სიამაყით წერს, რომ ხელზე აკოცა იმ რეჟისორს, რომელმაც „ჯარისკაცის მამა“ გადაიღო.
ასეთი ბერმუხა გვყავს ქართველობას. როგორც ჩვენში იტყვიან, „სრული ადამიანი“.
სიმბოლურია, რომ ამ დიდმა ქართველმა თავისივე დაბადების 88 წლისთავზე  დაფუძნებულ ტელევიზიას „ქართული“ უწოდა, ხოლო გიორგობა დღეს, სამების ტაძარში, პატრიარქსა და საზოგადოებას აუწყა ამ ტელევიზიის მშობელი ერისათვის საჩუქრად გადაცემის განზრახულობის თაობაზე. მისი დაბადების დღეს აპირებს მის გარდაქმნას სააქციო საზოგადოებად და ამით დიდი პროცესის დაწყებას არა უბრალოდ სიტყვით, არამედ ბუნებით დემოკრატიული, რეალურად ქართული ტელევიზიის შექმნისა საქართველოში.
ეჭვი არ გვეპარება, რომ აქციების საშუალებით უამრავი ადამიანი გახდება ბატონი რეზოსგან საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული ტელევიზიის მფლობელი. ესეც უნიკალური ფაქტი იქნება მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში. კეთილშობილება - აი, გამორჩეული ნიშანი მხცოვანი შემოქმედისა, რომლის გული სხვათა წარმატებებით, წინსვლით, გამარჯვებებით, ალალად ხარობს.
გვიხარია ჩვენც, რომელთაც სიტყვები ვერ მოგვიძებნია, რათა სათანადოდ აღვნიშნოთ ღვაწლი დიდი ადამიანისა; რათა სათანადოდ მივაგოთ პატივი მის შემოქმედებას; რათა სრულად გამოვხატოთ ჩვენი სითბო და სიყვარული მისი პიროვნების მიმართ...
ამიტომაც, ერთიღა დაგვრჩენია, ქედი მოვიხაროთ მისი შემოქმედების, მისი გულის, გონებისა და კაცობის წინაშე.
ქედი მოვიხაროთ საქართველოსა და პატრიარქის წინაშე ქედმოხრილი კაცისადმი“, - მიმართვას ხელს აწერენ: ანზორ ერქომაიშვილი, ნონა გაფრინდაშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი, ომარ მხეიძე, გივი თოიძე, რომან რურუა, ტარიელ ხერხელაური, თემურ გუგუშვილი, რეზო ესაძე, კობა არაბული, ბუბა ხოტივარი, გიგა ბათიაშვილი, ვახტანგ დავითაია, გია ბურჯანაძე, ოთარ შამათავა.
წყარო
http://geonews.ge/category/14/culture/news/207225/rezo_chxeidze_iubile_88_weli.html

Комментариев нет:

Отправить комментарий